კალათბურთი

14:41 | 5.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

დეკემბერში ჯეიმსი და დიურანტი გამოარჩიეს

ახალბედებში ოლადიპო და ბერკი აღიარეს


“მაიამი ჰითის” და “ოკლაჰომა სიტი სანდერის” ფორვარდები ლებრონ ჯეიმსი და კევინ დიურანტი ნბა-ში, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების დეკემბრის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს.

ჯეიმსის დახმარებით, ფლორიდელებს გასულ თვეში აღმოსავლელთა შორის საუკეთესო ბალანსი (11 მოგება, 4 მარცხი) ჰქონდათ. “ჰითის” ლიდერის საშუალო მონაგარი 24.6 ქულა, 8.1 მოხსნა, 6.9 პასი და 1.6 ჩაჭრა გახლდათ.

დიურანტის მეთაურობით, “სანდერმა” 17-დან 14 შეხვედრა მოიგო, თანაც სტუმრად ჩატარებული 9 შეხვედრიდან 8-ში იმარჯვა. კევინის საშუალო მაჩვენებლები ასეთი გახლდათ: 29.4 ქულა, 9.0 მოხსნა, 4.5 პასი.

დეკემბრის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას კაირი ირვინგი (“კლივლენდი”), სტივენ კარი (“გოლდენ სტეიტი”), პოლ ჯორჯი, ლენს სტივენსონი (ორივე – “ინდიანა”), ბლეიკ გრიფინი, კრის პოლი (ორივე – “კლიპერსი”), კევინ ლავი (“მინესოტა”), არონ აფლალო (“ორლანდო”), ლამარკუს ოლდრიჯი (“პორტლენდი”) და კაილ ლოური (“ტორონტო”) აცხადებდნენ.

გაირკვა კონფერენციათა მიხედვით, თვის საუკეთესო ახალბედათა ვინაობაც. აღმოსავლეთში “ორლანდო მეჯიქის” მცველი ვიკტორ ოლადიპო გამოირჩა, ხოლო დასავლეთში – “იუტა ჯაზის” მცველი ტრეი ბერკი.

ოლადიპო დეკემბერში ახალბედებში მე-3 იყო შედეგიანობის (12.7) მხრივ და პასებში (3.8). ამას გარდა, ვიკტორის მონაგარი საშუალოდ 4.5 მოხსნა და 1.3 ჩაჭრაც გახლდათ.

რაც შეეხება ბერკს, იგი გასულ თვეში ახალბედათა შორის პასებში (5.9) და საჯარიმოების რეალიზებაში (91.9%) პირველი იყო, ქულებში (14.8) და მოედანზე გატარებულ წუთებში (32.7) კი – მეორე.

თვის ახალბედის ტიტულისთვის ასევე იბრძოდნენ: ტიმ ჰარდუეი-უმცროსი (“ნიუ იორკი”), მაიკლ კარტერ-უილიამსი (“ფილადელფია”) და ბენ მაკლემორი (“საკრამენტო”).

0.118654