2012 წელს უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში რაფა ნადალი ჩეხ ლუკაშ როსოლთან დამარცხდა. წლეულსაც მალიორკელს უიმბლდონის მეორე სტადიაზე როსოლთან მოუწევს თამაში და რაფა სარევანშოდ და მესამე ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს. დღეს კი შეჯიბრების სასტარტო მატჩში ნადალმა 4 სეტით სლოვაკ მარტინ კლიჟანს 4:6, 6:3, 6:3, 6:3 მოუგო.
ნადალისა და კლიჟანის დაპირისპირებამ 2 საათსა და 54 წუთს გასტანა. რაფამ ბალახისსაფარიან კორტზე თავდაპირველად ზედიზედ მეშვიდე სეტი წააგო, მაგრამ შემდეგ მიჯრით სამ პარტიაში იმარჯვა და მომდევნო ეტაპზეც გააღწია. ნადალმა 6 ეისი შეასრულა, კლიჟანთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში კი 2:0 გახადა.
ბოლოს კი იმას მოგახსენებთ, რომ რაფას სამეორეწრეო ოპონენტმა ლუკაშ როსოლმა პირველ წრეში ფრანგ ბენუა პერს სძლია.