ინტერვიუები

10:09 | 20.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

დეიან სტანკოვიჩი: "ვან გაალს ენაზე კბილის დაჭერას ვურჩევ"

გამოცდილმა სერბმა ნახევარმცველმა დეიან სტანკოვიჩმა თავისი ქვეყნის ნაკრებში, ბელგრადის “ცრვენა ზვეზდაში”, რომაულ “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” შემადგენლობაში გატარებული 16 წლიანი კარიერისას ბევრს მიაღწია. სტანკოვიჩს თასების თასიც მოუგია და ევროპის სუპერთასიც, 6-ჯერ სკუდეტოს დაესაკუთრა, 5-ჯერ იტალიის თასს, თუმცა, 31 წლის ფეხბურთელისთვის მიმდინარე წლის 22 მაისი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო თარიღია. უხვტიტულა ბალკანელს ჩემპიონთა ლიგის თასის დაუფლების დაუოკებელი სურვილი აქვს და მისი ინტერვიუს გაცნობისას იმასაც შეიტყობთ, მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩასატარებელ გადამწყვეტ პაექრობას ოპტიმიზმით აღსავსე რომ ხვდება.
- დეიან, რა კომენტარს გაუკეთებდით “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის ლუის ვან გაალის სიტყვებს - ჰოლანდიელმა “ინტერის” ფეხბურთს პრიმიტიული და მაყურებლისთვის უინტერესო უწოდა?
- ჩემი საქმე ფეხბურთის თამაშია და არა სხვების გამონათქვამების კომენტირება. ისე კი, ერთ რამეს მაინც ვიტყოდი – “ნერაძური” პრიმიტიულ ფეხბურთს რომ თამაშობდეს, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ინგლისის (“ჩელსი”, რომელსაც მილანელები მერვედფინალში შეხვდნენ, იმ მომენტში ინგლისის ჩემპიონი არ იყო - რედ) და ესპანეთის ჩემპიონებს ვერ მოუგებდა.
- ამით იმის თქმაც ხომ არ გსურთ, მიუნხენელებმა ფინალამდე უფრო იოლი გზა რომ გაიარეს?
- რასაკვირველია. თუკი ჩვენს მეტოქეებს დააკვირდებით, “ბაიერნმა” გადამწყვეტ მატჩამდე უფრო იოლი გზა გაიარა, ვიდრე “ინტერმა”. ვან გაალს კი ენაზე კბილის დაჭერას ვურჩევ.
- რა აზრის ხართ მომავალ მოწინააღმდეგეზე? გერმანელთა მიერ შედარებით იოლ გზაზე ისაუბრეთ, მაგრამ ჯერ ერთი, ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი გუნდები არ არიან, მეორეც, ბავარიელებმა ხომ “მანჩესტერ იუნაიტედს” სძლიეს...
- ცხადია, “ბაიერნი” სუსტ და ადვილად დასაძლევ ოპონენტად სულაც არ მეჩვენება. გუნდის ხერხემალს მაღალი კლასის ფეხბურთელები შეადგენენ, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში ბოლომდე იბრძვიან. გავიხსენოთ, როგორ დაამარცხა “ბაიერნმა” “მანჩესტერი” – “ოლდ ტრაფორდზე” 0:3 ანგარიშის შემდეგ ფარ-ხმალს ბევრი დაყრიდა, მაგრამ არა გერმანული გრანდი. საფინალო მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ, მაგრამ “ინტერს” “ბაიერნის” არ ეშინია.
- თქვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ მოიპოვა სკუდეტო, მოიგო იტალიის თასიც და გუნდის გულშემატკივრები “ინტერისგან” მხოლოდ ტრიპლეტის შესრულებას ელიან. ეს მომენტი გუნდის ფეხბურთელებისთვის ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხი ხომ არაა?
- ჩათვალეთ, რომ მიმდინარე სეზონში დიდი ტორტი უკვე გამოვაცხვეთ და ახლა მისი გემრიელი კრემით ლამაზად მორთვა გვმართებს. ყველანი კარიერის უმთავრესი მატჩის ჩასატარებლად ვემზადებით. დასახული მიზნის მისაღწევად ხელს ვერავინ შეგვიშლის, ერთგულ გულშემატკივრებს კი, მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” განსაკუთრებულ საღამოს ვპირდებით.
- მითუმეტეს, “ინტერს” უკვე კარგა ხანია ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი არ მოუპოვებია...
- საბრძოლო განწყობას ეს მომენტიც გვიმძაფრებს. არაფერს დავიშურებთ, რათა ჩემპიონთა თასი მილანში ჩავიტანოთ და “ინტერის” საკლუბო მუზეუმში დავაბინავოთ.
- დარწმუნებით კი საუბ¬რობთ, მაგრამ არ გეშინიათ ზედმეტმა თავდაჯერებულობამ რომ ხელი შეგიშალოთ? მით უმეტეს, დღევანდელ “ინტერს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის გამოცდილება არ აქვს...
- გადაავლეთ თვალი ჩვენს შემადგენლობას, განა რომელიმეს უმაღლეს დონეზე ასპარეზობის გამოცდილება გვაკლია? პირადად მე “ლაციოს” შემადგენლობაში თასების თასი მაქვს მოგებული, სხვა ტიტულებზე რომ არაფერი ვთქვა. ცხადია, წინასაფინალო ნერვიულობა გვექნება, მაგრამ მის დაძლევას შევძლებთ.  
- ბოლო დღეებია, ესპანური სპორტული გაზეთების უმთავ-რესი თემა ჟოზე მოურინიოს მადრიდის “რეალში” გადასვლის ამბავია. სამშაბათს, “ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმაც გაკვრით დაადასტურა, პორტუგალიელს ესპანეთში წასვლა რომ სურს. მთავარი მწვრთნელის შეცვლის პერსპექტივა წინასაფინალოდ უარყოფით ემოციას არ გიღვივებთ?
- გულის სიღრმეში გვწამს, სეუ ჟოზე სამომავლოდაც ჩვენთან რომ დარჩება. იგი უნიკალური სპეციალისტია. მოურინიო 2 ერთნაირი სიძლიერის გუნდისგან გამორჩეულს იმას ხდის, რომელსაც სათავეში უდგას.
- კარსმომდგარი მუნდიალის გამო, მოდით სანაკრებო თემაზეც ვისაუბროთ. ევროპის ბოლო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი კარგად დაიწყეთ, მაგრამ შემდეგ ქულები ყაზახეთთან და სომხეთთან დაკარგეთ, რის გამოც ავსტრია-შვეიცარიის ტურნირმა სერბეთის გარეშე ჩაიარა. რა შეიცვალა თქვენს ნაკრებში ბოლო წლების განმავლობაში?
- ძალიან გაგვახარა ეროვნული გუნდის სათავეში რადომირ ანტიჩის მოსვლამ. მას ყველანი დიდ პატივს ვცემთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ანტიჩი სერბი ქომაგების ნდობითაც სარგებლობს. ახალი დამრიგებლის წინამძღოლობით, სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სტარტი კარგი გამოგვივიდა. 4 მატჩიდან 3 მოვიგეთ, საბოლოოდ კი, ფრანგებსა და რუმინელებთან ჭიდილში ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადომირ ანტიჩის ხელმძღვანელობით დამაჯერებლად ათამაშდნენ ახალგაზრდა სერბი ფეხბურთელები, რომლებიც, იმედია, თავის სიტყვას სამხრეთ აფრიკაშიც იტყვიან. მუნდიალს იმედიანად ვხვდებით. საქვეჯგუფო მეტოქეებად, გერმანია, ავსტრალია და განა გვარგუნა წილისყრამ. ყოველმხრივ შევეცდებით, ფლეი ოფს ვუწიოთ, შემდეგ კი ბევრი რამ იღბალზეც იქნება დამოკიდებული.

გოჩა კაჭარავა

0.137124