ინტერვიუები

18:26 | 28.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

დე როსი: “რომადან” წასვლა დიდი ტრაგედია იქნება”

იტალიური “რომას” ნახევარმცველი დანიელე დე როსი თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი იმ იშვიათი მოთამაშეთაგანია, რომელიც საკუთარ კარიერას მშობლიურ კლუბში ატარებს. სხვათა შორის, მისი მამა ალბერტო, რომელიც ახლა ახალგაზრდებთან მუშაობს, თავადაც “რომაში” თამაშობდა და მის ანგარიშზე ამ კლუბის მაისურით 300-ზე მეტი მატჩია.
“მომავლის კაპიტანი” - ასეთი მეტსახელი მოუძებნეს დე როსის “რომაში” და მას ფრანჩესკო ტოტის პირდაპირ მემკვიდრედ მიიჩნევენ. 2011 წლის თებერვალში, მიუხედავად არაერთი ინფორმაციისა ტრანსფერან დაკავშირებით, დანიელემ საკუთარ კლუბთან ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გახდა იტალიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი. 29 წლის მოთამაშის ყოველწლიური ხელფასი 6 მილიონ ევროს შეადგენს.
The New York Times-თან ინტერვიუში, დე როსიმ კლუბში განხორციელებული ცვლილებები შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
- შეიძლება ითქვას, რომ რომში თავს კომფორტულად გრძნობთ?
- მე ამ ქალაქში დავიბადე და ბუნებრივია, გასაკვირიც არ უნდა იყოს სწორედ აქ რომ მსურს თამაში. არასდროს მინდოდა და არც კი მიცდია სხვა კლუბში გადასვლა. “რომას” მაისურით თამაში დაუვიწყარი ემოციით მავსებს. პირველად ამ კლუბის ბაზაზე 12 წლის ასაკში მოვხვდი და ახლა ის ჩემი სახლია.
- იტალიაში ფეხბურთს დიდი ყურადღება ეთმობა, განსაკუთრებით დედაქალაქის გუნდებს. ზეწოლას ხომ არ განიცდით?
- ვფიქრობ, ეს პრობლემა უფრო იმ ახალბედებს აწუხებთ, რომლებიც შორი ქვეყნებიდან მოდიან ჩვენთან სათამაშოდ. პირადად მე ამას დიდი ხანია შევეჩვიე. კრიტიკა ზრდასა და პროგრესირებაში გეხმარება. ის ფეხბურთის მუდმივი თანამგზავრი იყო და მასთან ერთად მოგიწევს ცხოვრება.
- კლუბის ამერიკელ მფლობელებს ახალი სტადიონის აშენება სურთ. ამასთან, მათ უნდათ, რომ საკლუბო ბრენდი პოპულარული გახადონ მთელს მსოფლიოში. რა ხარისხიანი ცვლილებები განხორციელდა მათი მოსვლის შემდეგ?
- კლუბის მფლობელები ყველგან განსხვავებული არიან. უწინარესად, კადრები შეიცვალა - მოვიდა ახალი მწვრთნელი, მენეჯერები და ფეხბურთელები. მთლიანობაშიც ბევრი რამ შეიცვალა და ისინი სრულ ენერგიას ხარჯავენ კლუბის საკეთილდღეოდ. დარწმუნებული ვარ, ისინი “რომაში” სერიოზული გეგმებით, დიდი ხნით მოვიდნენ. მათთვის ჩვენი კლუბი ხანგრძლივი და ამბიციური გეგმის ნაწილია. ვიმედოვნებთ, რომ ისინი ჯილდოების მოპოვებაში დაგვეხმარებიან. აქამდე კლუბს სენსის ოჯახი ფლობდა და მათ “რომას” მთელი ცხოვრება მიუძღვნეს. ახლა ახალი მფლობელები გვყავს, მაგრამ კლუბისადმი სიყვარული კვლავ ძველ დონეზე დარჩა.
- ცოტა ხნის წინ რომში რასიზმისა და ანტისემიტიზმის შემთხვევა დაფიქსირდა. სკანდალში “ლაციოს” დანები აღმოჩნდნენ გარეული, რომლებიც “რომას” “ებრაულ კლუბს” ეძახიან. თქვენ ამას სერიოზულ პრობლემად აღიქვამთ იტალიაში, თანამედროვე ფეხბურთში და საზოგადოებაში?
- ჩემი თანაგუნდელები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებს წარმოადგენენ, მკვეთრ კონტრასტს გრძნობენ თავისი ყოფილი კლუბებისა და რომაულ ფეხბურთს შორის. გარკვეულწილად, ეს მთელი იტალიის პრობლემაა. არ ვიცი რა სიტუაციაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებში, მაგრამ ვფიქრობ, რომ შეგვეძლო უფრო კეთილმოსურნეები ვყოფილიყავით. ასე ყველასთვის უკეთესი იქნებოდა. ჩემს გვერდით სხვადასხვა წარმომავლობისა და რასის წარმომადგენელი ფეხბურთელები თამაშობენ და რაღა თქმა უნდა, სულ ერთი არაა, როგორი დამოკიდებულება ექნებათ მათ მიმართ გულშემატკივრებს. რასიზმთან “რომასა” და “ლაციოს” გულშემატკივართა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს კავშირში. მთლიანობაში, ეს მთელი მსოფლიოს ხალხების პრობლემაა.
- სად ისწავლეთ ასე კარგად ინგლისურად საუბარი?
- სკოლაში და მერე ის ჩემი საყვარელი გოგონას მეშვეობით დავხვეწე. მისი მამა ამერიკელია, ხოლო დედა - ბრიტანელი.
- შობის შემდეგ “რომა” ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. გუნდი მოუთმენლად ელის ამ მოგზაურობას, თუ ფეხბურთელებს იტალიაში დარჩენა ურჩევნიათ?
- პირადად მე, აღელვებული ვარ. მინდა ვთქვა, რომ ამერიკა ძალიან მიყვარს და იქ ხშირად ვატარებ არდადეგებს. ვფიქრობ, ხუთდღიანი შეკრება, მუხლჩაუხრელი შრომა და ვარჯიში დადებითად წაგვადგება. ამასთან, ჩემ გოგონასა და მეუღლესთან გართობის საშუალებაც მექნება. ამერიკეში დროს უმეტესად ნიუ იორკსა და ლას ვეგასში ვატარებ. ვიცი, რომ ეს მთლად კულტურული საქციელი არაა (იცინის).
- მიმდინარე სეზონში “რომა” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჩაიბარა. ამან გუნდში გარკვეული გადაადგილებები გამოიწვია, რომლებიც პირადად თქვენც შეგეხოთ. რამდენად რთული იყო ადაპტირება?
- ჩემთვის ეს რაღაც ახალი იყო. ამასთან, გარდა მთავარი მწვრთნელისა, გუნდის შემადგენლობა ნიჭიერი ფეხბურთელებით შევსო, მაგალითად მაიკლ ბრედლი. ჩემი ამოცანა უცვლელი დარჩა - ნახევარდაცვაში იმავე ფუნქციების შესრულება, რასაც აქამდე ვასრულებდი. მე პროფესიონალი ვარ და ჩემი ამოცანა ვარჯიშებზე მუხლჩაუხრელი შრომაა. დარწმუნებული ვარ, სულ მალე მოედანზე უფრო მეტი დროის გატარება მომიწევს.
- უკანასკნელ პერიოდში პრესაში ბევრს საუბრობენ დე როსის “მანჩესტერ სიტიში” შესაძლო გადასვლის შესახებ. ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება?
- ჩვენმა პრეზიდენტმა მისტერ პალოტამ თქვა, რომ კლუბი ჩემს გაყიდვას არ აპირებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ძველებურად მიყვარს ეს ქალაქი და “რომა” და ძალიან რთული იქნება ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა. თუ ვინმე ჩემი შეძენითაა დაინტერესებული, მათ ჩემს აგენტს უნდა მიმართონ. გავრცელებული ხმების შესახებ არაფერი მსმენია.
- მართლა?
- კარგით გეტყვით, რომ მიმდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, თუ სად მომიწევს თამაში, კარგი მომავალი მექნება. ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ძალებს ამერიკაში მოვსინჯავ. ამის შესახებ მაიკლ ბრედლისთან ვისაუბრე და ძალიან მსურს შტატებში თამაში. ჯერ ახალგაზრდა, მხოლოდ 29 წლის ვარ და “რომასა” და მისი გულშემატკივრებისთვის ვცხოვრობ. ამ კლუბიდან წასვლა ჩემთვის ერთგვარი ტრაგედია იქნება და ამიტომ, ჯერ აქ დარჩენა მსურს. არიან ფეხბურთელები, რომლებიც მარტივად იცვლიან კლუბებს და ქვეყნებს ბავშვობის ასაკიდან და ეს მათთვის სრულებით ნორმალური მოვლენაა, მაგრამ მე მსგავს სიტუაციებში სულ სხვა პრინციპებით ვმოქმედებ.

 


მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

0.146229