ფეხბურთი

18:40 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი ჩემპიონატებისა და ევროთასების ჩატარების სისტემის შეცვლის ინიციატივით გამოდის

იტალიური “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ნაციონალური ჩემპიონატების რეფრომირების და ახალი ევროთასის შექმნის იდეით გამოდის, რომელშიც ხუთი საუკეთესო ქვეყნის ხუთ-ხუთი საუკეთესო კლუბი მიიღებს მონაწილეობას.

Corriere dello Sport-თან საუბარში, ნეაპოლელთა თავკაცმა საკუთარი იდეები ასე ჩამოაყალიბა:

“ნაციონალური ჩემპიონატებისთვის 20 გუნდი ძალიან ბევრია. ფეხბურთელებს ძალიან ბევრი თამაშის ჩატარება უწევთ და ამას ევროთასებიც ემატება. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ გუნდების რაოდენობა 16-მდე შემცირდება და შეიქმნება ახალი ევროთასი, რომელშიც ხუთი ტოპ-ჩემპიონატის ხუთ-ხუთი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ერთი კვირა შიდა პირველობას დაეთმობა, მეორე კვირა ევროთასებს და ისეთი გუნდების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, როგორებიც “მანჩესტერ იუნაიტედი”, “რეალი”, პსჟ, “ბაიერნი”, “მილანი” და სხვები არიან. ეს სიგიჟე იქნება! ეს შეჯიბრი 5 მილიარდ ევროს მოუყრის თავს და მოხდება რევოლუცია! ყველა კლუბისთვის აუცილებელია, რომ ბალანსი დადებითი იყოს.

თუ უეფა ჩვენს მოსმენას არ ისურვებს, მაშინ პარალელურ ტურნირს შევქმნით. მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ მიშელ პლატინი თავისი კულტურითა და ჭკუით, დიალოგისთვის ღია იქნება. ვიყოთ გულახდილები: საჭიროა ფულის შოვნა!

პლატინისთან ჯერ არ მისაუბრია. თუ მას თანამდებობის შენარჩუნება უნდა, წამყვანი ევროპული კლუბების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუჯდეს. შეგვიძლია პლატინის თუნდაც 20-წლიანი კონტრაქტი შევთავაზოთ, მაგრამ სამაგიეროდ, მან ჩვენი შემოსავლები უნდა გაზარდოს. მაგალითად, საინტერესო იქნება, თუ მატჩების ტრანსლირების უფლება ინტერნეტშიც გაიყიდება.

როგორც ჩანს, ჩემს გარდა, ყველა კმაყოფილია იმით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სეზონში 40 მილიონს შოულობს. მსურს, რომ შემოსავალი 150, ან 200 მილიონი იყოს. მზად ვარ ამ მოძრაობას სათავეში ჩავუდგე. ჯერჯერობით, ჩემს იდეას მხოლოდ ინგლისური კლუბების ამერიკელი მფლობელები იზიარებენ, ასევე გერმანელები. რთულია “ბარსელონასთან” და “რეალთან” მოლაპარაკება. არადა, მადრიდელები ყველა სეზონს დიდი დანაკარგით ასრულებენ. ვფიქრობ, ორ-სამ წელიწადში ყველაფერი დალაგდება”.

0.061604