კაცი-გოლი – დავორ შუკერს ასეთი სტატუსი ჰქონდა ყველა იმ კლუბში, სადაც კი უთამაშია. ასე იყო ხორვატიის ნაკრებშიც, სადაც 69 მატჩში 45 გოლი გაუტანია და ამ მხრივ, რეკორდსმენია. შუკერი გახლდათ მუნდიალ-1998-ის ერთ-ერთი გმირი, კერძოდ, მისი ნაკრები მესამეზე გავიდა, თავად კი საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით, თანაც ამ ექვსიდან 5 გადამწყვეტი იყო.
შუკერს უთამაშია მშობლიური ქალაქის კლუბ “ოსიეკში”, ზაგრების “დინამოში”, “სევილიაში”, მადრიდის “რეალში”, ლონდონის “არსენალში”, “ვესტ ჰემში” და ბოლოს “მიუნხენ 1860”-ში. შუკერმა იუგოსლავიის ნაკრებში თამაშიც მოასწრო, კერძოდ, ეროვნული გუნდის ორ მატჩში ერთი გოლი გაიტანა, 20-წლამდელებში კი ექვს შეხვედრაში 6 გოლი.
ახლა კი 43 წლის შუკერის ინტერვიუ უკრაინულ “სპორტთან”:
- ხშირად იხსენებთ იმ მომენტს, როცა ჩემპიონთა თასი ასწიეთ?
- ვერ გეტყვით, რომ ღამე მესიზმრება, თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ ეს ტიტული ხელიდან არ გავუშვი. ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს ჩემპიონთა თასის მოგებაზე და გამონაკლისი არც მე ვარ. სხვათა შორის, 1998 წლის შემდეგაც მომიგია ჩემპიონთა ლიგა, ოღონდ... play station-ში.
- შეიძლება ითქვას, რომ 1998 წელი თქვენი კარიერის პიკი იყო?
- რა თქმა უნდა. იმ წელს “რეალში” ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, ერთ თვეში კი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი, პლუს, ხორვატიამ მე-3 ადგილი დაიკავა.
- თქვენთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანი იყო – მუნდიალზე დაკავებული მე-3 ადგილი თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება?
- რა თქმა უნდა, ხორვატიის ნაკრების მიღწევა. ვამაყობ, რომ 12 წლის განმავლობაში ვიცავდი სამშობლოს ღირსებას. 1998 წელს, ხორვატიამ პირველად ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე და თან, როგორ... ეს დაუჯერებელი იყო.
- იმ მუნდიალზე გასასვლელ პლეი ოფში უკრაინა გამოთიშეთ. გახსოვთ ის მატჩები?
- ბოდიშს გიხდით... ეს ფეხბურთია, ჩვენ კი უკრაინელებზე ძლიერები და ალბათ, იღბლიანებიც ვიყავით. შინ 2:0 მოვიგეთ, კიევში კი 1:1 დავამთავრეთ. მახსოვს, კიევში ძალიან ციოდა, წვიმაც მოდიოდა. თავიდან უკრაინამ გაგვიტანა და მალე მეორეც მიაყოლა, თუმცა, მსაჯმა არ ჩათვალა. ჩვენგან კი ალენ ბოკშიჩმა გაათანაბრა და ამ გოლმა ყველაფერი დაამთავრა.
- იმ შეხვედრის მსაჯი შვედი პეტერსონი გახლდათ, რომელიც უკრაინელ გულშემატკივრებს დიდხანს ემახსოვრებათ. ის გოლი რომ ჩაეთვალა, ვინ იცის, უკრაინა გასულიყო მსოფლიოზე.
- ფეხბურთში ხშირია გაწბილება, ხოლო პეტერსონს რაც შეეხება, მას ჩვენს მიმართ სიმპათიებში ვერ დავადანაშაულებ. ეს ადამიანური ფაქტორია: მომენტი ისეთი იყო, გოლი ან უნდა ჩათვლილიყო, ან არა. მან მეორე აირჩია.
- თქვენს ქვეყანას ბევრი სახელიანი ფეხბურთელი ჰყოლია. 2004 წელს ხორვატიის საფეხბურთო ასოციაციამ ქვეყნის ბოლო 50 წლის საუკეთესო ფეხბურთელად თქვენ აგირჩიათ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს აღიარება? და ვის დააყენებდით მე-2 ადგილზე?
- ძნელი იყო საუკეთესოს არჩევა. ერთს ვიტყვი: ფეხბურთი ფულის გამო არასოდეს მითამაშია, მინდორზე მოსაგებად გავდიოდი და მიხაროდა, თუ ტიტულს ავიღებდით. ფეხბურთს მილიონობით ადამიანი თამაშობს, მაგრამ ყველა ვერ გახდება “რეალის” ბომბარდირი, ქვეყნის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლე. ასე რომ, მე ეს შევძელი და ყველაფერი მომიტანა დიდმა შრომამ, მონდომებამ.
- თქვენს კარიერაში რას შეცვლიდით?
- რომ შემეძლოს, ევრო-2000-ის შესარჩევის ბოლო მატჩს გადავათამაშებდი. ზაგრებში იუგოსლავიას ვხვდებოდით და 2:2 დავასრულეთ, რამაც ფინალურ ეტაპს მიღმა დაგვტოვა. უდიდესი იმედგაცრუება იყო, მითუმეტეს, რომ მსოფლიოს მე-3 ნაკრების სტატუსი გვქონდა.
- როგორ ფიქრობთ, გაერთიანებული იუგოსლავია უფრო მეტს მიაღწევდა, ვიდრე ხორვატია-1998?
- ძნელი სათქმელია. 11 ვარსკვლავი უკეთ ითამაშებდა, ვიდრე გუნდი-ვარსკვლავი? ვერ დავიჩემებ. და საერთოდ, ყველაფერს პოლიტიკისკენ მივყავართ და არავინ იცის, რა მოხდებოდა, გაერთიანებულ იუგოსლავიას რომ ეთამაშა მუნდიალ-1998-ზე. 1987 წელს, ჩილეში, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც იუგოსლავიამ მოიგო ოქროს მედლები. ფანტასტიკური ფეხბურთელები გვყავდა – ლეკოვიჩი, მიატოვიჩი, იარნი, შტიმაცი, ბობანი, პროსინეჩკი. ბედნიერი ვარ, რომ მეც შევიტანე წვლილი ამ დიდ გამარჯვებაში. ყოფილი იუგოსლავიის ყველა ქვეყანა სავსეა სპორტული ტალანტებით. ნახეთ, რამდენი ნაკრები იყო ახლახანს დასრულებულ საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატზე? აბსოლუტურად ყველა, რომლებიც იუგოსლავიაში შედიოდნენ: ჩვენ, სერბეთი, ჩერნოგორია, ბოსნია, მაკედონია, სლოვენია.
- 1998 წლის შემდეგ ჩავარდნა დაგეწყოთ. რატომ?
- ვერ ვიტყვი, რომ ინგლისური კარიერა არ გამომივიდა. არ ვნანობ “არსენალში” გადასვლას. არსენ ვენგერთან მუშაობამ გამოცდილება შემმატა, ინგლისური ვისწავლე, სხვა ყაიდის ფეხბურთს ავუღე ალღო. ალბათ, ახალ ქვეყანასთან ადაპტაციამ წამართვა დიდი დრო, თანაც, ასაკი კი არ მაკლდებოდა, მემატებოდა. და მაინც, კარგი დრო იყო.
- პროცენტულად რომ ავიღოთ, ყველაზე მაღალი შედეგიანობა ხორვატიის ნაკრებში გქონდათ - 69 მატჩი, 45 გოლი. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკრებში უკეთ გრძნობდით თავს?
- დავიჯერო, კლუბებში ბევრი არ გამქონდა? თუმცა, მართალი ხართ, ნაკრებში თამაში სხვა მუხტს მაძლევდა, არცთუ იშვიათად შემისრულებია ჰეთ-თრიქი თუ დუბლი. მაგალითად, ევრო-1996-ის შესარჩევში 12 გოლი გავიტანე, პლუს, 3 ბურთი ფინალურ ეტაპზეც შევაგდე. ბრწყინვალე გუნდი გვყავდა. როცა ნახევარდაცვაში ალიოშა ასანოვიჩი, ზვონიმირ ბობანი და რობერტ პროსინეჩკი გყავს, როგორ არ უნდა გაიტანო ბევრი გოლი?!
- ევრო-1996-ზე დანიის ბრწყინვალე მეკარე პეტერ შმაიხელს ტექნიკურად თავზე გადაუგდეთ ბურთი. ისე, თქვენი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი რომელი იყო?
- გეთანხმებით, შმაიხელის კარში გატანილი გოლი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემს კარიერაში, თუმცა ყველა ბურთი ისტორიაა... ყველაზე დასამახსოვრებელი? იმავე ევროპის ჩემპიონატზე გერმანელ ანდრეას კიოპკეს გავუტანე. საჯარიმოში მივიღე ბურთი, ერთი მოძრაობით მოვაყუე კიოპკე და ცარიელ კარში შევაგორე. ასევე, ირლანდიას 1999 წელს გავუტანე გადამწყვეტი გოლი – შორიდან წამოსული ბურთი ერთი შეხებით გადავგზავნე კარში.
- ვინ იყო თქვენი საუკეთესო პარტნიორი მინდორზე?
- ძნელი გამოსარჩევია. სამორანო, დი კანიო, მიატოვიჩი, ანრი, ბობანი, პროსინეჩკი...
- დაასახელეთ თქვენი პარტნიორებისგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები...
- მეკარე - დრაჟენ ლადიჩი, დაცვა - რობერტ იარნი, რობერტო კარლოსი, ფერნანდო იერო, ტონი ადამსი. ნახევარდაცვა – რობერტ პროსინეჩკი, ზვონიმირ ბობანი, დიეგო მარადონა (“სევილიაში” იყვნენ ერთად – რედ.), თავდამსხმა – რაული, პრედრაგ მიატოვიჩი, ტიერი ანრი.
- თანამედროვე ფეხბურთელებიდან რომელი გაგონებთ თქვენს თავს?
- ალბათ, ქარიმ ბენზემა. ის ისეთივე მიზანდასახული და გოლზე მიმართულია, თუმცა, შედარებით ცოტა გააქვს...
ილია ნანობაშვილი