კალათბურთი

16:44 | 8.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავით უსტიაშვილი: “თავს არ დავზოგავთ, რათა “ა” დივიზიონის საგზური მოვიპოვოთ”

 ხვალ, 9 ივლისს, გამთენიისას, თბილისი-სტამბოლი-სარაევოს მარშრუტით, საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში მიემგზავრება, რომელიც 10-20 ივლისს ევროპის “ბ” დივიზიონის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ “ბ” დივიზიონის ევროპის ჩემპიონატში 14 ნაკრები იასპარეზებს. ეს გუნდები ორ შვიდგუნდა ქვეჯგუფებში გადანაწილდნენ. ჩვენი ნაკრები ფინეთის, უკრაინის, ჰოლანდიის, ბელარუსის, ავსტრიისა და შვეიცარიის ნაკრებ გუნდებთან ერთად “ბ” ჯგუფში მოხვდა. “ა” დივიზიონის 3 საგზურისთვის ბრძოლას თითოეული ჯგუფიდან 2-2 გუნდი გააგრძელებს. “ა” დივიზიონის 3 საგზურს 1-3 ადგილებზე გასული გუნდები მიიღებენ.

ბოლო დღემდე უცნობი იყო ჩვენი გუნდის წევრ იმ კალათბურთელის ვინაობა, რომლებიც სარაევოში გაემგზავრებიან. დღეს, 8 ივლისს, კალათბურთის აკადემიის დარბაზში, საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების მიერ ჩატარებილი ღია ვარჯიშის დროს ცნობილი გახდა, რომ ნაკრების მიღმა “ოლიმპის” ცენტრალური თავდამსხმელი ბექა ნადირაძე დარჩა.

 

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა

ირაკლი მიქელაძე (უკანახაზელი, “ოლიმპი”)

ზეზვა ლილუაშვილი (უკანახაზელი, “დინამო”)

ნუგზარ აბულაძე (უკანახაზელი, “კანარია”, CBA ესპანეთი)

ნოდარ გოგოძე (უკანახაზელი, “ოლიმპი”)

ბექა დარახველიძე (უკანახაზელი, “აკადემია”)

ბექა ბურჯანაძე (ფორვარდი, “კახასოლი”, აცბ ესპანეთი)

გიორგი ცირეკიძე (ფორვარდი, “ქუთაისი”)

სანდრო სანაძე (ფორვარდი, “ჰიუნდაი”)

კახა ტომარაძე (ფორვარდი, “ჰიუნდაი”)

ალექსანდრე ბოლქვაძე (ფორვარდი, “ჰიუნდაი”)

მერაბ მირზიაშვილი (ცენტრი, “შსს-აკადემია”)

ლერი კვანტალიანი (ცენტრი, “შსს-აკადემია”)

მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი

მთ. მწვრთნელის ასისტენტი: მიხეილ ბერუაშვილი

მთ. მწვრთნელის ასისტენტი: ირაკლი ხოშტარია

მენეჯერი: შალვა ონიანი

ექიმი: ზურაბ ჯანიკაშვილი

 

კალენდარი. მითითებულია თბილისის დრო

10 ივლისი – საქართველო-ფინეთი 15:00

11 ივლისი – ავსტრია-საქართველო 21:30

12 ივლისი – საქართველო-უკრაინა 19:00

13 ივლისი – საერთო დასვენების დღე

14 ივლისი – ბელარუსი-საქართველო 17:00

15 ივლისი – საქართველო-ჰოლანდია 19:30

16 ივლისი – შვეიცარია-საქართველო 17:00

 

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ დავით უსტიაშვილთან, რომელიც პარალელურად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვის თანაშემწედ მუშაობს.

- ვინც შეგულებული გყავდათ, ნაკრებში ყველა მოხვდა?

- სამწუხაროდ, 20 წლამდელთა ნაკრებს სარაევოში სამი წამყვანი კალათბურთელი, უკანახაზელი ლევან გრძელიძე (“ქუთაისი-2010”), ცენტრალური თავდამსხმელი შოთა გელაზონია (“შსს აკადემია”) და მძიმე ფორვარდი ლევან ლოლიშვილი არ ეყოლება. გრძელიძე ნაკრებში ტრავმის გამო ვერ მოხვდა, ხოლო გელაზონია და ლოლიშვილი დისკვალიფიცირებულები არიან.

- გრძელიძემ ჩემთან (რ.ლ.) საუბარში აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირაა ტრავმა მოირჩინა, ვარჯიშს შეუდგა და თამაშისთვისაც მზადაა...

- მიუხედავად იმისა, რომ გრძელიძეს ნაკრებთან ერთად მომზადება არ გაუვლია, მისი თამაში შეიძლებოდა, მაგრამ დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ევროპის ჩემპიონატზე 7 დღეში 6 ურთულესი მატჩის ჩატარება მოგვიწევს. ამ შემთხვევაში გრძელიძეს ტრავმა შეიძლებოდა ისევ გართულებოდა და საკალათბურთო კარიერაც კი დაესრულებინა.

- რამდენად გამართლებული იყო მოედანზე ჩხუბში მონაწილეობის გამო ნაკრების წევრების გელაზონიასა და ლოლიშვილის დისკვალიფიკაციით ნაკრების მიღმა დატოვება?

- სჯობია ამ შემთხვევაში ნაკრები დაზარალდეს, ვიდრე კალათბურთელმა იგრძნოს, რომ ნაკრებში თამაშის გამო მას არავინ დასჯის.

- თქვენ არაფერი გითქვამთ “სოხუმის” ყოფილ წევრ ოთო ბულიავას შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მომავალი, 2014-15 წლების სეზონიდან იგი აშშ-ის ერთ-ერთ კოლეჯში აპირებს თამაშს, ნაკრებში მაინც ვერ მოხვდა...

- მე კარგად ვიცნობ ბულიავას შესაძლებლობებს, რომლიც მე-4 ნომერზე თამაშობს. ნაკრებში მისი კონკურენტები ბექა ბურჯანაძე, გიორგი ცირეკიძე და ლერი კვანტალიანი არიან. მე ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ეს კალათბურთელები უფრო იმსახურებენ ნაკრებში თამაშს, ვიდრე ბულიავა.

- 20 წლამდელთა ნაკრების მოსამზადებელი პერიოდით კმაყოფილი ხართ?

- კარგი მომზადება გავიარეთ. ევროპის ჩემპიონატისათვის მზადება 40 დღის წინ დავიწყეთ. 10 დღე “დინამოს” ბაზაზე გავიარეთ შეკრება და ამდენივე დღე რუმინეთსა და ლუქსემბურგში ვიმყოფებოდით, სადაც მთლიანობაში 6 მატჩი ჩავატარეთ. აქედან 4 მოვიგეთ და 2 წავაგეთ.

- საკონტროლო მატჩებში მონაწილეობით კმაყოფილი დარჩით?

- აღნიშნულ მატჩებში ჩვენი უმთავრესი მიზანი გუნდის შეთამაშება იყო. ყველა კალათბურთელი დავტვირთე და აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონტროლო მატჩებში მონაწილეობით კმაყოფილი ვარ.

- ლუქსემბურგის 20 წლამდელთა ნაკრებთან წაგება რამ განაპირობა?

- ამ შეხვედრაში 4 წამყვანი მოთამაშე (ბოლქვაძე, კვანტალიანი, სანაძე, მირზიაშვილი) დავასვენე. ამის მიუხედავად მაინც ვფლობდით უპირატესობას, მაგრამ მსაჯებმა იმდენი ქნეს, რომ წაგვაგებინეს. მატჩის შემდეგ ლუქსემბურგელთა მთავარმა მწვრთნელმა ბოდიშიც კი მომიხადა.

- ევროპის პირველობაზე რა გეგმებით მიემგზავრებით?

- გუნდში 6 19 წლამდელი (ტომარაძე, ბოლქვაძე, სანაძე, აბულაძე, ლილუაშვილი, დარახველიძე) გვყავს. არც კენჭისყრამ გაგვიმართლა, რადგან 9-ში საღამოს ჩავდივართ სარაევოში და 10-ში, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე თამაში გვაქვს. ამ ყველაფრის მიუხედავად თავს არ დავზოგავთ, რათა “ა” დივიზიონის ერთ-ერთი საგზური მოვიპოვოთ.

0.188831