კალათბურთი

1:50 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავით უსტიაშვილი: “პროგრამა მინიმუმი A დივიზიონში დარჩენაა”

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ტალინშია და “საკო არენაზე“, სადაც დღეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველ მატჩს გამართავს, ვარჯიშის ჩატარებაც მოასწრო. დავით უსტიაშვილის გუნდი ჯგუფში სერბეთთან, საბერძნეთთან, ლიტვასთან და გერმანიასთან მოხვდა. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ქართველები საუკეთესო სამეულში უნდა მოხვდნენ, თუ არადა, A დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევთ. ესტონეთში იქაური ამბების გასაგებად, ნაკრების მთავარ მწვრთნელს შევეხმიანეთ.

- ტალინში გამთენიისას ჩამოვედით, დავბინავდით, დავისვენეთ და საღამოს ვივარჯიშეთ.

- როგორი პირობებია?

- იმ სასტუმროში მოვეწყვეთ, სადაც შარშან საქართველოს ეროვნული ნაკრები ცხოვრობდა, როცა ტალინში საერთაშორისო ტურნირზე სათამაშოდ იყო ჩამოსული. პირობები იდეალურია, ყველაფერია საიმისოდ, რომ გუნდის წევრები მხოლოდ თამაშზე იყვნენ კონცენტრირებულნი.

- ტრავმების მხრივ როგორი ვითარებაა?

- რაც ყველაზე არასასიამოვნო იყო, ბექა ბურჯანაძე ესტონეთში წამოსვლის წინ გამოგვაკლდა. ის ჩვენი გუნდის ლიდერია და ეროვნულ ნაკრებშიცაა გამოძახებული. მისი დიდი იმედი გვქონდა, ბევრი კომბინაცია ბურჯანაძეზე გვქონდა აწყობილი და ბექას გამოკლება უდიდესი დანაკლისი იქნება. დანარჩენები, საბედნიეროდ, მწყობრში არიან და მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოვიდეს.

- პირველ ტურში გერმანიას ეთამაშებით. მეტოქეზე რამე დამატებითი ინფორმაცია ხომ არ გაქვთ?

- გერმანელებს შევხვდით და როგორც ვნახეთ, იგივე გუნდია, რაც იტალიაში, საერთაშორისო ტურნირზე იყო. იტალიაში გერმანელებს მატჩის დიდი ნაწილი ვუგებდით და ბოლოს დავმარცხდით. ვნახოთ აქ რა იქნება. ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინოთ და წარმატებას მივაღწიოთ.

- რამდენად რეალურია ჯგუფიდან გასვლა და რა იქნება ჩვენი ნაკრების მაქსიმუმი?

- ურთულეს ჯგუფში ვართ. საუკეთესო სამეულში მოსახვედრად მონდომებასთან ერთად იღბალიც დაგვჭირდება. ნაკრების პროგრამა მინიმუმი A დივიზიონში დარჩენა იქნება. მაქსიმუმზე ნუ ვილაპარაკებთ. ჩვენ ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ და მიზანიც მზოლოდ ეს არის.

- თამაშის დღესაც უნდა ივარჯიშოთ?

- განრიგით ვარჯიში 8 საათზეა დანიშნული, რადგან თამაში აქაური დროით 2-ის ნახევარზე გვაქვს. ასე ადრიანად გუნდს ვერ ვავარჯიშებ, მატჩის დღეს, 7 საათზე, რომელი მოთამაშე უნდა ადგეს?!

 

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრების კალენდარი

9 ივლისი

გერმანია – საქართველო 15:30

 

11 ივლისი

საქართველო – ლიტვა 20:00

 

12 ივლისი

საბერძნეთი – საქართველო 17:45

 

13 ივლისი

საქართველო - სერბეთი 15:30

www.gbf.ge

0.140317