საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მიმდინარე თვეში უკვე მეორედ დაამარცხა ისრაელი – ამჯერად მისსავე მოედანზე. ქალაქ ეილატში გამართულ მატჩში ქართველებმა მეტოქეს 74:73 სძლიეს. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელ დავით უსტიაშვილს შევეხმიანეთ...
- ძალიან დაძაბული მატჩი იყო. მასპინძლებს არ უნდოდათ წაგება და ბოლომდე გააფთრებით გვებრძოდნენ, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა უკანასკნელ წამებამდე სიმტკიცე გამოავლინეს და ძალიან საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ...
- გვქონდა ჩავარდნა მატჩის შუა ნაწილში, მაგრამ რაც ძალინ გასახარია, გუნდმა გადამწყვეტ მომენტში გამართულად ითამაშა. შეცდომები გამოვასწორეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ და გარჯაც დაგვიფასდა...
- ძალიან მნიშვნელოვანი იყო სათადარიგო მოთამაშეების გარჯა. დუდა სანაძე, ნიკა ცქიტიშვილი, ოთო ფკახაძე... ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ და მინდა ვთქვა, რომ გამარჯვებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანა... კარგად ითამაშა რიკი ჰიკმანმა, რომელმაც გამარჯვების მომტანი ბურთი ჩააგდო. მისგან უფრო მეტს ველით და მჯერა, ევროპის ჩემპიონატზე ჰიკმანისგან მეტი სარგებელი გვექნება...
- შერმადინმა 19 ქულა და 12 ქულა მოაგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარქვეშ მეტოქეები დაჯაბნა. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ფარქვეშ უპირატესობით მოვიგეთ. ჩვენმ გუნდმა შესანიშნავად ითამაშა როგორც საჯრიმოში, ასევე პერიმეტრზე. ხოლო როცა ჩავარდნა გვქონდა, ყველა რგოლში სუსტად გამოვიყურებოდით...
- ნაკრები თამაშს აუმჯობესებს, წინა მატჩებისგან განსხვავებით დღეს უფრო მობილიზებულად, სტაბილურად და თავდაჯერებულად ვითამაშეთ. გვაკლდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი, რომელსაც ვუფრთხილდებით, ამას წინათ მიღებული ტრავმა რომ არ გაუმიზეზდეს. მას ამ ეტაპზე არ აწუხებს ფეხი, თუმცა არ ვრისკავთ. შესაძლოა, მანუჩარმა ზეგ, ისრაელთან მორიგ საკონტროლო მატჩში ითამაშოს.
www.gbf.ge