კალათბურთი

1:46 | 9.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავით უსტიაშვილი: “მთავარი მიზანი მოთამაშეთა შესაძლებლობების განსაზღვრაა”

პოლონეთთან წაგებულ მატჩში სიურპრიზი სანაძის ჩინებული თამაში იყო

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა იტალიის ქალაქ ტრენტოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მეორე მატჩი გამართა. ამჯერად, იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი ქართველების მეტოქე პოლონეთის ნაკრები იყო, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჯგუფშია. შესაბამისად, ამ შეხვედრას უფრო დაზვერვითი ხასიათი ჰქონდა. ორივე გუნდის მწვრთნელი იმის დანახვას ცდილობდა, რაც ერთი შეხედვით არ ჩანდა. ამ სტრატეგიულ თამაშში საბოლოოდ პოლონეთმა იმარჯვა – 87:75.

პირველ მეოთხედში საქართველო 11:20 ჩამორჩა, თუმცა გიორგი ცინცაძის შედეგიანი თამაშის წყალობით ქართველები 21:20 დაწინაურდნენ. ცინცაძემ პირველ მეოთხედში 12 ქულა ჩააგდო, მან 10 საჯარიმო შეასრულა და 8 გამოიყენა. საბოლოოდ, საწყისი მეოთხედი 25:25 დასრულდა.

საქართველომ ნატურალიზებული კალათბურთელების გარეშე ითამაშა. განაცხადში ლუკ ზელერი გახლდათ, რომელიც მოედანზე არ გამოჩენილა. რიკი ჰიკმანს რაც შეეხება, კოკოშკოვს ის განაცხადში არ შეუყვანია.

მეორე პერიოდში თავიდან თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, თუმცა შემდეგ პოლონელებმა იძალეს და დიდი შესვენებისთვის 7 ქულით – 42:35 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. პოლონელებმა შედეგიანი თამაში გააგრძელეს, მე-3 პერიოდი 25:15 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ 17 ქულით დაწინაურდნენ.

საქართველოს ნაკრებში შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა დუდა სანაძეს, რომელმაც 17 წუთი ითამაშა და თავი 14 ქულას მოუყარა. 21 წლის დუდამ 3-დან 2 სამქულიანი და 5-დან 4 ორიანი ჩააგდო. ბომბარდირი გიორგი ცინცაძე გახდა 22 ქულით, ვიქტორ სანიკიძის ანგარიშზე კი 20 ქულა დაგროვდა.

პოლონელთაგან 10-ქულიან ზღვარს ხუთმა კალათბურთელმა უწია, რომელთაგან 14-14 ქულით საუკეთესონი ადამ ვაჟინსკი და პრემისლავ ზამოისკი გახლდნენ. მაცეი ლამპემ, რომელიც ბარსელონიდან გუშინ დაბრუნდა, სადაც კატალონიურ გრანდთან კონტაქტი გააფორმა, პოლონელებს 11 ქულა და 7 მოხსნა შესძინა.

ტურნირის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები დღეს, ისრაელთან ჩაატარებს, რომელიც მასპინძელ იტალიასთან 64:67 დამარცხდა. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

პოლონეთთან მატჩის შემდეგ იტალიაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელ დავით უსტიაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ჩვენი მთავარი მიზანი იმ მოთამაშეების გამოცდაა, რომლებიც შედარებით ახლები არიან და გვსურს, ყველა მათგანის შესაძლებლობებში დავრწმუნდეთ. შესაბამისად, თამაშის შანსი ყველას ეძლევა. პოლონეთთან თამაშს არა უშავდა. ბიჭებმა პერიმეტრიდან წარმატებით ესროლეს, ხოლო შედეგს გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ.

მოგეხსენებათ, პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მეტოქეა და მთავარი მატჩი ერთ თვეში გველის. ეს ვარჯიში უფრო იყო, ვიდრე – სერიოზული დაპირისპირება. ოპტიმალური შემადგენლობით არც ერთი გუნდი არ ასპარეზობდა.

პოლონეთში მაცეი ლამპემ ითამაშა, თუმცა მათ მარცინ გორტატი და ნატურალიზებული ტომას კელატი აკლდნენ. რაც შეეხებათ ჩვენს ნატურალიზებულ მოთამაშეებს, რიკი ჰიკმანი კვლავ არ ვათამაშეთ, გვინდა, ბოლომდე კარგად შეერწყას გუნდს და შემდეგ გავიდეს მოედანზე“.

 

ტრენტოს საერთაშორისო ტურნირი. 8 აგვისტო

პოლონეთი – საქართველო 87:75 (25:25, 17:10, 25:15, 20:25)

პოლონეთი: ჩილინსკი (22 წ. 10 ქ. 3 პ), ლამპე (20 წ. 11 ქ. 7 მ.), ვაჩინსკი (21 წ. 14 ქ. 3 პ.), კოშარეკი (23 წ. 3 ქ. 13 პ.), კარნოვსკი (17 წ. 3 ქ.); ვიშნიევსკი (6 წ.), შუბარგა (11 წ. 4 ქ.), ზამოისკი (21 წ. 14 ქ.), პონიტკა (18 წ. 12 ქ. 3 პ.), კულიგი (2 წ.), ჰრიჩანიუკი (13 წ. 3 ქ.), გიელო (5 წ.), იგნერსკი (22 წ. 13 ქ.).

მწვრთნელი: დირკ ბაუერმანი.

საქართველო: ბოისა (11 წ. 2 ქ.), ცინცაძე (31 წ. 22 ქ. 4 მ. 4 პ.), შერმადინი (27 წ. 7 ქ. 8 მ.), მარკოიშვილი (30 წ. 9 ქ. 3 პ.), სანიკიძე (29 წ. 20 ქ.); ფაცაცია (21 წ. 1 ქ. 5 მ.), სანაძე (18 წ. 14 ქ. 3 მ.), ცქიტიშვილი (11 წ.), ბურჯანაძე (6 წ.), ფხაკაძე (10 წ.), შარაბიძე (7 წ.);

მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.

www.gbf.ge

0.137071