კალათბურთი

14:44 | 28.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავით უსტიაშვილი: “იტალიაში ნაკრები დიდ გამოცდილებას იღებს”

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები დღეს იტალიის კურორტ დომეჯი დიკადორეს საერთაშორისო ტურნირსი ჩაებმება. დავით უსტიაშვილის გუნდი ძალებს უკრაინის, იტალიის და ბულგარეთის ნაკრებებთან მოსინჯავს.

ქართველებმა პირველი ტურნირი მოსკიანოში ითამაშეს, რის შემდეგაც 26 ივნისს დიკადორში ჩავიდნენ და აღნიშნული ტურნირისთვის იდეალურ პირობებში ემზადებიან. იტალიაში ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ დავით უსტიაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც გასული ტურნირი შეაფასა და მომავალზე ისაუბრა...

- მოსკაინოს ტურნირს როგორ შეაფასებდით?

- მიუხედავად იმისა, რომ სამივე შეხვედრა წავაგეთ, ეს ტურნირი ჩვენი გუნდისთვის დიდი გამოცდილება იყო. კარგი იყო მოგვეგო, მაგრამ რუსებთან ასაკის სხვაობაში დავიჩაგრეთ, ხოლო გერმანიასთან გარკვეული შეცდომების გამო წავაგეთ.

- კონკრეტულად რა შეცდომებს გულისხმობთ?

- ბოლო მეოთხედში, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, შეცდომები დავუშვით. რამდენიმე იოლი ბურთი ვერ ჩავაგდეთ, ამას დაემატა ისიც, რომ 2 ცენტრის – შოთა გელაზონიას და გიორგი ცირეკიძის გარეშე დავრჩით, რომლებიც მოედნიდან 5 პერსონალურის გამო გავარდნენ. შეიძლება ითქვას, რომ იტალიას ბრძოლა გავუმართეთ, მეორე მეოთხედის შუაში ვიგებდით კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა გვაჯობეს.

- რუსეთთან დიდი ანგარიშით დამარცხების მიზეზი რა იყო?

- ჩვენი ნაკრების 9 წევრი 1994 წელსაა დაბადებული, რუსები კი ტურნირზე 1990-91-წლიანებით იყვნენ ჩამოსულები. ერთადერთი სერგეი კარასიოვი იყო 93-იანი, რომელიც დღეს ამერიკაში გამართულ ნბა-ს დრაფტზე “კლივლენდმა“ მე-19 ნომრად აირჩია. რუსები ტურნირზე ჩამოსულები იყვნენ საუნივერსიადო ნაკრებით და ამ შემადგენლობით მსოფლიო უნივერსიადის მოგებას აპირებენ, რომელიც რუსეთის ქალაქ ყაზანში უნდა გაიმართოს. ამ ნაკრებმა რუსეთის 20-წლამდელები – 30, თუ 35 ქულით დაამარცხა. ერთი სიტყვით, 3-4 წლით დიდებთან მოგვიწია თამაშმა და სამწუხაროდ, დიდი ანგარიშით დავმარცხდით. რუსებს ისეთი ჯანიანი მეფარეები ჰყავდათ, რომ მათ ჩვენი ბიჭები კონკურებციას ვერ უწევდნენ.

- მოსკიანოს ტურნირის შემდეგ დიკადორეში გადაინაცვლეთ და დღეს, მეორე ტურნირში ჩაებმებით...

- მოსკიანოდან, რომელიც ზღვის ნაპირზეა, ტურნირის დასრულების მეორე დღეს მთაში მდებარე დომეჯი დიკადორეში წამოვედით. აქ შესანიშნავი პირობებია და უკვე მესამე დღეა, ვემზადებით. დღეს პირველი მატჩი გველის უკრაინასთან. ხვალ იტალიას ვეთამაშებით, ხოლო ზეგ – ბულგარეთს. გვაქვს მოსკიანოს ტურნირის თამაშების ვიდეო, რომელსაც არაერთხელ ვუყურეთ და  მომავალ მატჩებს უფრო მომზადებულები ვხვდებით. თბილისში დაბრუნების შემდეგ იმ შეცდომების გამოსწორებაზე ვიმუშავებთ, რომლებიც იტალიაში დავუშვით.

- გუნდში ტრავმები ხომ არ გაქვთ?

- ნოდარ გოგოძეს აწუხებს მცირე ტრავმა და მატჩის წინ გაირკვევა, ითამაშებს თუ არა. რაც შეეხება ლერი კვანტალიანს, რომელმაც მოსკიანოს ტურნირი ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა, მან გუშინ პირველად ივარჯიშა. გვინდა, რომ მან 1-2 მატჩი მაინც ითამაშოს და ვნახოთ, შეძლებს თუ არა.

www.gbf.ge

0.151122