საქართველოს მოქმედ ჩემპიონ რუსთავის “ენერჯი ინვესტიდან” წასვლის შემდეგ, 26 წლის კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი, 208 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრალური თავდამსხმელი დავით უგრეხელიძე, ახალ, 2009-2010 წლების სეზონს სლოვენიაში ატარებს და ამ ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე “ლუკა კოპერის” რიგებში ირიცხება.
შეგახსენებთ, რომ წელს დათო დაოჯახდა და სლოვენიელების სიძე გახდა.
დავით უგრეხელიძეს “მსოფლიო სპორტი” სლოვენიაში ტელეფონით დაუკავშირდა.
- რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმეთ თქვენს ახალ კლუბ-თან?
- “ლუკა კოპერთან” ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს.
- თქვენს გარდა, “ლუკა კოპერში” სხვა ლეგიონერებიც თამაშობენ?
- სულ სამი ლეგიონერი ვართ. ჩემს გარდა, გუნდში თითო პოლონელი და სერბი კალათბურთელი ირიცხება.
- “ლუკა კოპერის” ლეგიონერები თქვენი კონკურენტები ხომ არ არიან?
- ორივე კალათბურთელი 4 ნომერზე თამაშობს და ჩემი კონკურენტები არ არიან.
- ძირითადში თამში ხშირად გიწევთ?
- სასტარტო ხუთეულის მოთამაშე ვარ და მოედანზე 20-25 წუთს ვატარებ.
- როგორი შედეგიანობა გაქვთ?
- საშუალოდ, 10-12 ქულასა და 7-8 მოხსნას ვაგროვებ.
- წინა ტურში ვის ეთამაშეთ და თქვენ რა შედეგი გქონდათ?
- წინა, მეექვსე ტურში, ჩვენი მეტოქე სლოვენიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი “ლაშკო” იყო. მთელი შეხვედრის განმავლობაში ვლიდერობდით, მაგრამ ბოლოს ხუთი ქულის სხვაობით დავმარცხდით. რაც შეეხება ჩემს თამაშს, მოედანზე 25 წუთი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში 22 ქულა და 6 მოხსნა დავაგროვე.
- თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ სლოვენიის ეროვნული ჩემპიონატის შესახებ.
- სლოვენიის ეროვნული ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 12 გუნდი მონაწილეობს. მათგან ფლეი ოფში 7 გუნდი გადის, რომლებსაც ამ ქვეყნისა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, “ოლიმპია” დაემატება. რაც შეეხება “ლუკა კოპერს”, ორი მოგებითა და 4 წაგებით ათეულში ვიმყოფებით.
- “ლუკა კოპერის” ხელმძღვანელობას რა გეგმები აქვს მიმდინარე ჩემპიონატში?
- ჩვენი მიზანი პირველ შვიდეულში მოხვედრა და ფლეი ოფში თამაშია, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
- როდის და ვისთან ატარებთ მეშვიდე ტურის შეხვედრას?
- შაბათს ვატარებთ და ჩვენი მეტოქე “შენტიური” იქნება.
- წლეულს, ქართველმა გულშემატკივრებმა დიდი ხნის ოცნება აისრულეს, როცა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრებმა A დივიზიონის საგზური მოიპოვა. ამჯერად, თქვენ ნაკრებში ვერ მოხვდით. თქვენი სამომავლო, სანაკრებო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?
- მართალია, ამჯერად ნაკრებში ვერ მოვხვდი, მაგრამ თამაშებს თვალს ვადევნებდი და ძალიან გამიხარდა, ჩვენმა ბიჭებმა A დივიზიონის საგზური რომ მოიპოვეს. ჩემი ოცნება ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში თამაშია და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ნაკრებში თამაში ისევ დავიმსახურო.
როლანდ ლაბუჩიძე