ვაჟ კალათბურთელთა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის D ჯგუფში მოასპარეზე საქართველომ და ბულგარეთმა პირველი ჯგუფური ეტაპი დაასრულეს. ბოლო ტურში საქართველო ბულგარეთთან 10 ქულის სხვაობით – 69:79 დამარცხდა და ახლა უკრაინის იმედზე ვართ. თუ ისინი ბელგიას მოუგებენ, მე-3 ადგილზე საქართველო გავა, ხოლო თუ ბელგია მოიგებს, მის ადგილს ბულგარეთი დაიკავებს.
კარგი იქნებოდა, ჩვენს ნაკრებს ბულგარეთისთვის მოეგო და იმ გუნდების იმედად არ დარჩენილიყო, რომლებსაც მოვუგეთ, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შევცვლით.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველებმა გადამწყვეტი შეხვედრების მოგება ვერ ვისწავლეთ და მაშინ ვმარცხდებით, როცა ყველაზე საჭიროა.
აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრს, თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელს, დავით თორთლაძესა და ამჟამად, ბავშვთა კალათბურთში მწვრთნელად მომუშავე თამაზ ოქრუაშვილს ვთხოვეთ.
დავით თორთლაძე
- თქვენი აზრით, რა იყო ბულგარეთთან წაგების მიზეზი?
- ფაჩულის ტრავმამ საქართველოს ნაკრების თამაშს დიდი დაღი დაასვა. ძირითადად, ზაზას ტრავმამ განაპირობა ჩვენი მარცხი.
- თქვენ რით ახსნით, რომ ფაჩულიას მოედნიდან იძულებითი გასვლის შემდეგ, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა მაღლებზე (გიორგი შერმადინი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი) უარი თქვა და ცენტრში ვიქტორ სანიკიძე დააყენა?
- არ ვიცი, გუნდში რა სიტუაციაა და ამიტომ, ვერ გეტყვით, ეს გადაწყვეტილება მთავარმა მწვრთნელმა რატომ მიიღო.
- ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის, მარკიზ ჰეინსის თამაშზე რა აზრის ხართ?
- ცუდი კალათბურთელი არაა, მაგრამ იგი გამოკვეთილი ორი ნომერია და გამთამაშებლის პოზიციაზე მისი დაყენება გაუმართლებლად მიმაჩნია. როგორც მსროლელს, ჰეინსს გული ფარისკენ მიუწევს და კარგ პოზიციაზე მყოფ კალათბურთელს ვეღარ ამჩნევს.
თამაზ ოქრუაშვილი:
- ძირითადად რა იყო ჩვენი გუნდის წაგების მიზეზი?
- მთავარი მწვრთნელი აქცენტს ძირითადად 5-6 კალათბურთელზე აკეთებს და ისინი გადაიღალნენ. ძირითადად, ეს იყო წაგების მიზეზი, თორემ ბულგარეთი ნამდვილად არაა ის გუნდი, რომლის დამარცხებაც საქართველოს ნაკრებს არ შეეძლოს.
ძალიან საწყენი იქნება 12 საუკეთესო გუნდს შორის თუ ვერ მოვხვდით. F ჯგუფში ისეთი გუნდები მოხვდნენ, 8 საუკეთესოს შორის გასვლაც შეიძლება. ვინ იცის, ასეთი მომენტი კიდევ როდის გვექნება.
როლანდ ლაბუჩიძე