ინტერვიუები

17:37 | 3.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

დავით თარგამაძე: “პირველივე ვარჯიშისას ვიგრძენი, “შახტარში” რომ ვიყავი”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა დავით თარგამაძემ “მსოფლიო სპორტთან” საუბრისას გაანცხადა, რომ დონეცკის “შახტარში” მისმა დებიუტმა კარგად ჩაიარა.
- “შახტარში” დებიუტმა როგორ ჩაიარა? ხომ არ გაგიჭირდათ?
- არ გამჭირვებია. ფიზიკურად უკვე თითქმის მზად ვარ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ერთი კვირაა, რაც გუნდში მოვედი და “შახტარს” ნელ-ნელა ვეჩვევი.
- რა პოზიციაზე ითამაშეთ? მარცხნივ თუ მარჯვნივ?
- პირველ ტაიმში მარცხენა ფლანგზე ვითამაშე, მეორეში – მარჯვნივ.
- ახალ გუნდში როგორ მიგიღეს?
- ძალიან კარგად მიმიღეს. არავისგან ცუდი არაფერი მიგრძვნია. ყველაზე უფრო გენრიხ მხითარიანთან დავახლოვდი.
- დიდი დატვირთვებია?
- არც ისე. შეიძლება ითქვას, საშუალო. გვარბენინებენ კიდეც და ბურთითაც ვვარჯიშობთ.
- გუნდის კაპიტანი, ხორვატი დარიო სრნა როგორ შეგხვდათ, როდესაც შეიტყო ქართველი რომ ხართ? თბილისში ხორვატიის ნაკრების წაგება ხომ არ გაიხსენა?
- კარგად შემხვდა. პირველი სწორედ ის გაიხსენა, თბილისში როგორ წავაგეთო?!
- “შახტარის” მთავარ მწვრთნელს მირჩა ლუჩესკუს თუ ესაუბრეთ?
- ლუჩესკუსთან არ მისაუბრია. ესპანეთში არ ჩამოსულა. ამჟამად რუმინეთშია და მკურნალობს. როგორც ვიცი, 9 თებერვალს დონეცკში უნდა ჩამოვიდეს.
- რას იტყვით “შახტარზე”? მითუმეტეს, ახლა უშუალოდ გაქვთ შეხება...
- დიდი გუნდია. მაშინვე ეტყობა. პირველივე ვარჯიშის დროს ვიგრძენი, რომ “შახტარში” ვიყავი.
- გუნდში ბევრი ლეგიონერია და რა ენაზე საუბრობთ?
- რუსული ყველამ იცის, ბრაზილიელების გარდა. ბრაზილიელებიდან რუსულად მხოლოდ ფერნანდინიო საუბრობს.
- “შახტარში” თქვენი დარჩენა-არდარჩენის საკითხი როდის გადაწყდება?
- ჯერ არ ვიცი. დონეცკში 9 თებერვალს ვბრუნდებით. მთავარი მწვრთნელი ჩამოვა და ყველაფერი გაირკვევა.

 

ლაშა თაბაგარი

0.115648