საწყენია, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ფორვარდი კლუბში სათამაშო პრაქტიკის გარეშეა, არადა, შარშანდელი ნალჩიკის “სპარტაკი” დავით სირაძის გარეშე წარმოუდგენელი იყო. გუნდიც რიგიანად თამაშობდა, ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია და მეექვსე ადგილზე გავიდა რუსულ პრემიერლიგაში.
სირაძის უთამაშებლობა მწვრთნელის შეცვლას უკავშირდება. ყაბარდო-ბალყარული კლუბის თავკაცი იური კრასნოჟანი (რომელიც მთელ ნალჩიკში და მთელ რეგიონში ძალიან უყვარდათ) მოსკოვის “ლოკომოტივში” წავიდა და მის ნაცვლად ვლადიმირ ეშტრეკოვი მიიყვანეს. “სპარტაკის” შემადგენლობა შესუსტდა და აკი, სეზონიც ცუდად დაიწყეს.
“მსოფლიო სპორტი” სირაძეს ნალჩიკში დაუკავშირდა და რა თქმა უნდა, საკლუბოს გარდა, სანაკრებო თემაზეც ესაუბრა:
- ჯერ უთამაშებლობის მიზეზებზე გვითხარით. გასულ ტურში მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე შეგიყვანათ მწვრთნელმა...
- სიმართლე გითხრათ, მეც არ ვიცი. ხორვატიასთან და ისრაელთან თამაშების მერე ნაკრებიდან რომ დავბრუნდი, მას შემდეგ პირველ მატჩში საერთოდ არ მათამაშა, მეორეში კი ბოლო წამებზე შემიყვანა. აშკარაა, მწვრთნელი თავის მოყვანილ ფეხბურთელებს ათამაშებს, თუმცა იმასაც ამბობს, შანსი ყველას მიეცემაო.
- გასაგებია, მაგრამ რამდენჯერმე არც ხორვატიასთან მატჩამდე გათამაშათ ეშტრეკოვმა.
- თებერვალში საქართველო-სომხეთის მატჩის შემდეგ ფეხი მტკიოდა. მანამდე, ამხანაგურები რომ გვქონდა, ეშტრეკოვი მუდამ ძირითადში მაყენებდა, შემდეგ კი სკამზე დამსვა და სხვები დააყენა. ვერ ვიტყვი, ურთიერთობაში ცუდად მექცევა-მეთქი, მაგრამ თამაში მინდა და ასე თუ გაგრძელდა, ზაფხულში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და...
- მწვრთნელთან პირისპირ არ გისაუბრიათ?
- სულ ამბობს, ყველას მოგიწევთ თამაშიო. ჯერ პირისპირ არ მისაუბრია მიზეზებზე. ისე ვატყობ, რომ მომდევნო ტურებში სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს და თამაში მომიწიოს. მწვრთნელი სათადარიგოთა სკამიდან პირველად მე ამაყენებს ხოლმე და მახურებს. არის რაღაც ნიუანსები, რის გამოც ვფიქრობ, რომ ვითამაშებ.
- კონტრაქტი როდემდე გაქვთ?
- პირველ დეკემბერს მიმთავრდება.
- სხვა კლუბებიდან შემოთავაზება არ გქონიათ?
- რეალური არაფერი, მაგრამ თუ მომდევნო ტურებშიც გაგრძელდება ჩემი უთამაშებლობა, წასვლაზე ვიფიქრებ.
- ნალჩიკის “სპარტაკი” აშკარად დასუსტდა?
- შარშანდელთან შედარებით, შემადგენლობა შესუსტებულია. შარშან მეხუთეზე გასვლა თავისუფლად შეიძლებოდა და ბოლო ტურებში რა მოხდა, ვერ გეტყვით – ალბათ, კლუბმაც ნაადრევად ჩათვალა ევროპის ლიგაზე გასვლა და მოსკოვის “ლოკომოტივმა” გაგვისწრო. ისე, ეშტრეკოვმა აშკარად გადაუხვია კრასნოჟანის გზას. თავისი გეზი აირჩია, ყველაფერი შეცვალა, ახალი ფეხბურთელები მოიყვანა და მათ ენდობა.
- ბოლო წლებში პირველადაა, როცა ნალჩიკის “სპარტაკში” მხოლოდ ერთი ქართველი ფეხბურთელია. რომელიმე ქართველის აყვანას ხომ არ აპირებენ?
- არა, ამაზე საუბარი არ ყოფილა.
- ახლა ნაკრებზეც – სანამ ხორვატიასთან თამაში მოვიდოდა, ნაკრების ზედიზედ სამ მატჩში გაიტანე თითო გოლი და ალბათ, გული დაგწყდა, რომ ხორვატებთან და ისრაელთან ძირითადში ვერ მოხვდი.
- რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. ფეხბურთელი ვარ და თავისთავად, თამაში მინდა, თუმცა მწვრთნელის გადასაწყვეტია. ზედიზედ სამ თამაშში გავიტანე გოლები და ამიტომ ძირითადში აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი-მეთქი, ეს არასწორია. მწვრთნელმა უკეთ იცის – კონკრეტული მატჩის წინ ვინ როგორ ფორმაშია, ამას აქცევს ყურადღებას.
- უშუალოდ თამაშებზე? მოკლედ როგორ შეაფასებდით ამ ორ მატჩს?
- ხორვატიასთან გამარჯვებამ დიდი სიხარული მოგვიტანა. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს მოვუგეთ, მაგრამ სიხარულთან ერთად, ძალაც წაიღო. ვფიქრობ, ისრაელში ფრე მაინც შეიძლებოდა, არ გაგვიმართლა...
- დაღლილობაზე ამახვილებთ ყურადღებას?
- გადამწყვეტი ეს არ ყოფილა, თუმცა თავისი როლი ითამაშა. სამი დღე იყო შესვენება, თანაც ასეთი დამღლელი მატჩის შემდეგ. ცალკე ფრენა, ცალკე კლიმატში განსხვავება და... ამ ყველაფერმა იმოქმედა, თუმცა ისე არ გამომივიდეს, თითქოს წაგების მთავარი მიზეზი ეს იყო.
- შესარჩევ ჯგუფში ყველა გუნდს ეთამაშეთ, მათ შორის, ისრაელს ორჯერ. არ გვგონია, ხორვატია და საბერძნეთი დიდად შეიცვალნონ, ამდენად, როგორ ფიქრობთ, რეალურად შეუძლია საქართველოს ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა?
- ვფიქრობ, შეუძლია. ყველაზე რთული მატჩი ხორვატებთან გვექნება, მითუმეტეს, ჩვენთან წააგეს და გამწარებულები იქნებიან. დანარჩენი მატჩების მოგება სულაც არაა ზღაპარი. გააჩნია, სხვა გუნდები როგორ ითამაშებენ, მაგრამ ჩვენ თუ ბოლომდე გამოვიყენებთ შანსს, შესაძლოა, სასწაული მოხდეს და გავიდეთ.
- და ბოლოს, ნალჩიკში, უშუალოდ გუნდში როგორი გამოხმაუერება მოჰყვა საქართველო-ხორვატიის მატჩს?
- თანაგუნდელებს ტელევიზორში არ უნახავთ თამაში, მაგრამ ინტერნეტში დაწერილა, თითქოს ხორვატებს გოლი მე გავუტანე. კინაღამ გავგიჟდით სიხარულითო. მილოცვებს ვიღებდი გოლის გამო... …
- ადრეც გითქვამს, ნალჩიკში საქართველოს ნაკრების მოგება უხარიათო...
- ასეა. ყაბარდო-ბალყარელები გვგულშემატკივრობენ.
ილია ნანობაშვილი