ინტერვიუები

10:40 | 4.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

დავით სირაძე: “საქართველოს ნაკრები სხვაა, საქართველოს ჩემპიონატის ნაკრები კი - სხვა”

ნალჩიკის “სპარტაკის” თავდამსხმელ დავით სირაძეს, 2007 წელს გამორჩეული სეზონი ჰქონდა, როცა საქართველოს ნაკრებში  4 გოლი გაიტანა და თანაც, ოთხივე გადამწყვეტი. იყო პერიოდი, როდესაც ეროვნულ გუნდში მთავარ ფორვარდად ითვლებოდა.
28 წლის სირაძე, ერთხანს უკლუბოდ იყო, ზაფხულში დაუბრუნდა ნალჩიკს და რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურები ძალიან ყოჩაღად ჩაატარა: 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა და სამივე ერთმანეთზე უკეთესი, რითაც ყაბარდოულ გუნდს პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.
დათო ამჯამად თბილისშია. ვნახოთ მისი ინტერვიუ “მსოფლიო სპორტთან”.
- პრემიერლიგის ბოლო ტურები ძლიერად ჩაატარეთ, არადა, მანამდე ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდით. რის ხარჯზე - ამხელა ნახტომი?
- როდესაც ნალჩიკში დავბრუნდი, გუნდს ზაფხულის შეკრება გავლილი ჰქონდა და მწვრთნელმა, იური კრასნოჟანმა, ჯერ დუბლებში მათამაშა. ეს ჩვეულებრივი მომენტია. შეთამაშებულ გუნდში უცებ ვერ ჩამსვამდა და სხვას ვერ ამოაგდებდა “ძირითადიდან”. საბედნიეროდ, სეზონის ბოლო კარგად ჩავატარე და სამი გოლი გავიტანე.
- ერთ-ერთი რუსული საიტი წერდა, სირაძის “მოსკვასთან” გატანილი გოლი გინესის რეკორდების წიგნში უნდა შევიდესო. მართლაც, დარტყმის შემდეგ, სამ მოსკოველ ფეხბურთელს ფეხებს შუა გაუძვრა ბურთი...
- კარგი იქნება, მართლაც თუ შეიტანენ გინესის წიგნში. უცნაური გოლი იყო. რა თქმა უნდა, გამიმართლა. კარში გამიზნულად კი დავარტყი, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, სამ კაცს ფეხებს შუა თუ გაუძვრებოდა.
- სეზონის ბოლო გასაგებია, მაგრამ ზაფხულამდე უგუნდოდ იყავით და ალბათ, ნანობ, რომ თავის დროზე ნალჩიკიდან წახვედით...
- კი, ძალიან ვნანობ. ნახევარი წელიწადი კი არა, ერთი თვის უთამაშებლობაც ეტყობა ფეხბურთელს.
- “სპარტაკში” გამოკვეთილ ფორვარდად არ თამაშობდით. ნახევარდაცვაში გირჩევნიათ?
-  ნალჩიკში მეხუთე ნახევარმცველი ვიყავი, წინ კი ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი გვყავდა. ტიპიური ცენტრფორვარდობა არც არის ჩემი საყვარელი პოზიცია, სიღრმიდან გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს.
- ახლა კი ნალჩიკის “სპარტაკთან” კონტრაქტი დაგიმთავრდათ. რას აპირებთ?
- ჩემთან ერთად, კიდევ 14 ფეხბურთელს დაუმთავრდა კონტრაქტი. გადაწყვეტილია, რომ ახალ ხელშეკრულებას გავაფორმებ. უკვე მელაპარაკა კლუბის ხელმძღვანელობა და იანვარში შეკრება რომ დაგვეწყება, ჩვენი შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდება. 20 წლის აღარ ვარ, რომ ნალჩიკი და ყაბარდო-ბალყარეთი ვიუკადრისო. რუსეთის პრემიერლიგა უკვე ძალიან მაღალ დონეზეა ასული და მთელი ევროპა უყურებს აქაურ მატჩებს. მერე რა, რომ ცხოვრების დონე ისეთი არაა, როგორც გერმანიაში.  
- რომელიმე ახალი ქართველი ფეხბურთელის დამატებას ხომ არ აპირებს ნალჩიკის “სპარტაკი”?
- არა მგონია, ამაზე არაფერი გამიგია. ახლა გოგიტა გოგუაც დაგვიბრუნდება და სამი ქართველი ცოტაა? ისე, ნალჩიკში ჩვენს გარეშე გუნდი ვერ წარმოუდგენიათ, ქართველებს ძალიან გვაფასებენ, ამ დაფასებას კი გოგუამ ჩაუყარა საფუძველი.
- საქართველოს ნაკრებში აღარ გიძახებდნენ, თუმცა ეს, ალბათ, სწორედ იმის ბრალია, რომ ნალჩიკში თამაში არ გიწევდათ...
- უბრალოდ, გული დამწყდა, რომ კუპერმა ასე უცებ მიმივიწყა. გასაგებია, ზაფხულამდე უკლუბოდ ვიყავი, მაგრამ შემოდგომაზე? მწვრთნელია და მისი გადასაწყვეტია, ვის დააყენებს და ვის არა, თუმცა, როცა ასეთ რეგრესს ხედავ, ხომ უნდა შეცვალო რაღაც... ნაკრები იმას ნიშნავს, რომ იქ ღირსეულები უნდა თამაშობდნენ. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ საქართველოს ნაკრები საქართველოს ჩემპიონატის ნაკრებს უფრო ჰგავდა. ბოლო მატჩებში, კუპერი რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე თითქმის არცერთ ფეხბურთელს არ იძახებდა - გამოჩნდა კიდეც, რომ ეს არ იყო სწორი მიდგომა.
- იმედი გაქვთ, რომ ნაკრების ახალი მწვრთნელი თემურ  ქეცბაია გამოგიძახებთ?
- ამის იმედი რომ არ მქონდეს, რაღა აზრი აქვს ჩემს თამაშს. ნაკრები ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას.

ილია ნანობაშვილი

0.124562