რუსეთის პრემიერლიგა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა დავით სირაძისა და გუჯა რუხაიას ნალჩიკის “სპარტაკი” ბოლო ადგილზეა და ფაქტობრივად, გავარდნილია. ყაბარდო-ბალყარული გუნდის ლიგაში დარჩენის შანსი ძალიან მიზერულია. სად გააგრძელებს კარიერას სირაძე?
“მსოფლიო სპორტი” დავითს რუსეთში დაუკავშირდა და საუბარი საკლუბოს გარდა, სანაკრებო თემასაც შეეხო.
- ნალჩიკის “სპარტაკი”, ფაქტობრივად, გავარდნილია. რატომ არის გუნდი ასეთ დღეში?
- საშინელი ფინანსური მდგომარეობაა. ხელფასები არ რიგდება, მიზანიც აღარ ჩანს. ამას მოჰყვა მწვრთნელების გაშვება-მოყვანა და მომავალიც ბუნდოვანია. დააფინანსებენ თუ არა კლუბს, ჯერ არავინ იცის. რესპუბლიკის პრეზიდენტი კლუბს ძველებურად აღარ უვლის.
- გუნდში რჩებით?
- საქმე ისე მიდის, რომ გაისად პირველ ლიგაში მარტო ახალგაზრდებს დატოვებენ. არა მგონია, გამოცდილები და მითუმეტეს, ლეგიონერები აქ დარჩნენ.
- კონტრაქტი როდემდე გაქვთ?
- მომავალი წლის ზაფხულამდე. 13 მაისს მთავრდება ჩემპიონატი, მერე კი მოკლე შესვენებაა და ახალი სეზონი დაიწყება. ასე რომ, წესით, ჩემპიონატის დასრულებამდე უნდა გადაწყდეს ჩემი საკითხი. მენეჯერმა დამირეკა სატრანსფერო ამბებზე, მაგრამ ჯერ ნალჩიკელებთან უნდა გავარკვიო ურთიერთობა. შესაძლოა, მითხრან, კონტრაქტი გაქვს და არსად გიშვებთო, მაგრამ არ მგონია, ასე მოხდეს: როგორც ვიცი, კლუბსაც არ უნდა აწყობდეს გამოცდილი ფეხბურთელების დატოვება. სავარაუდოდ, მსურველი გუნდები გამოჩნდებიან. მოკლედ, ჯერ ტრანსფერზე ლაპარაკი ნაადრევია.
- თქვენს თანაგუნდელ გუჯა რუხაიას რუსული პასპორტი აქვს. საქართველოს ნაკრებში თამაში სურს?
- მართალია, რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ თუ საქართველოს ნაკრებიდან გამოიძახებენ, ქართული პასპორტის აღება პრობლემა არ იქნება. თავად გუჯას სურვილი აქვს, მაგრამ როგორც ვიცი, საქართველოს ნაკრებიდან არ დაკავშირებიან.
- კარგა ხანია, დავით სირაძეს ნაკრებში აღარ უთამაშია. ამაზე ბევრი საუბარიც იყო. ახალს რას იტყვით?
- რაღა უნდა ვთქვა, როცა ჩამოწერილი ვარ. უბრალოდ, მიზეზი მაინც ვერ გავიგე. გასაგებია, რომ ეს ჩემს ინტერვიუს მოჰყვა, რომელშიც ვთქვი, რომ გამოუძახებლობის გამო განაწყენებული დავრჩი. რა არის იმაში ცუდი, რომ ნაკრებში თამაში მინდა?
- თემურ ქეცბაია ბოლო პერიოდში აღარ შეგხმიანებიათ?
- არა. გასაგებია, რომ ახალგაზრდებზე კეთდება აქცენტი. ისე, ჯერ 30 წლის ვარ და არც მე დავბერებულვარ. მართალია, ამ სეზონში შარშანდელივით ვერ ვთამაშობ, მაგრამ მოტივაცია და სურვილი არ გამნელებია. კიდევ ვაპირებ თამაშს. თუ გამომიძახებენ, ძალიან კარგი. ნაკრებში ყოველთვის სულსა და გულს ვდებდი. თანაც, მომდევნო შესარჩევში ისეთი მეტოქეები გვყავს, ვის არ ენდომება მათ წინააღმდეგ თამაში და თავის გამოჩენა.
ილია ნანობაშვილი