როგორც იცით, დავით მუჯირი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც იაპონიის ჯეი-ლიგაში გადავიდა. 33 წლის ქართველი ნახევარმცველი, წლეულს, იანვრის მიწურულს წავიდა “სანფრეჩე ჰიროშიმაში”, ამხანაგურ მატჩებში 4 გოლი გაიტანა და 10-ნომრიანი მაისურაც მისცეს.
ჯეი-ლიგა 5 მარტს დაიწყო, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო შეწყდა – მიწისძვრა, ცუნამი, რადიაციული საფრთხე... იაპონიას ნამდვილად არ ეფეხბურთება.
რუსულ “სოვეტსკი სპორტზე” “მუმუსთან” ინტერვიუ გამოქვეყნდა:
- ჯერ აგვიხსენით, როგორ მოხვდით იაპონიაში?
- მოსკოვის “ლოკომოტივიდან” წასვლის შემდეგ, თბილისის “დინამოში” ვთამაშობდი, ზამთარში კი მოულოდნელად დამირეკა სერბმა მწვრთნელმა მიხაილო პეტროვიჩმა, რომელიც ამჟამად “სანფრეჩე ჰიროშიმას” წვრთნის, რამდენიმე წლის წინ კი, მასთან ერთად ვმუშაობდი ავსტრიულ “შტურმში”.
- კლუბი თავად ჰიროშიმაშია ბაზირებული?
- დიახ. ქალაქის ცენტრში ვცხოვრობ, ჩემს სახლთან მდებარეობს მემორიალური მუზეუმი. ახლა ძნელი დასაჯერებელიც კი არის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიროშიმა მიწასთან გასწორდა. იაპონელებმა სწრაფად ააშენეს ქალაქი და ახლა ჰიროშიმა ერთ-ერთი თანამედროვე და ლამაზი ქალაქია ქვეყანაში, მილიონნახევარი ადამიანი ცხოვრობს. აქ იანვარში ჩამოვედი, ჯერ ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე, ორთვენახევარი მიმდინარეობდა მოსამზადებელი ეტაპი და მარტის დასაწყისში ჯეი-ლიგის პირველი ტურიც ჩატარდა, მერე კი საშინელი ტრაგედია მოხდა.
- სად იყავით იმ დროს?
- მეუღლესთან ერთად ვსეირნობდი ჰიროშიმაში. აქ არაფერი იგრძნობოდა, ჰიროშიმა იაპონიის სამხრეთ-დასავლეთშია და მიწისძვრის ეპიცენტრი 1000 კილომეტრით შორსაა. რამდენიმე საათით შეწყდა სატელეფონო კავშირი. არ ვიცოდი, რა ხდებოდა და თბილისიდან შემატყობინეს ამბები. ტელევიზორი ჩავრთე და მაშინღა ვნახე ყველაფერი.
- შეგეშინდათ?
- სიმართლე გითხრათ? საერთოდ არა. მაშინვე კლუბში დავრეკე და იქ მითხრეს, რომ ჰიროშიმა შორსაა ეპიცენტრიდან და აქ არაფერი არ მოხდებაო. თუმცა, ტელევიზორს რომ ვუყურებდი, საშინელება იყო. მხოლოდ მიწისძვრა რომ ყოფილიყო, ამდენი მსხვერპლი არ იქნებოდა. აქ სახლებს სპეციალური ტექნოლოგიით აშენებენ და 9-ბალიან მიწისძვრასაც უძლებს. ცუნამისგან თავის დაცვა კი შეუძლებელია.
- ბოლო პერიოდში ტელეფონზე უფრო ხშირად გირეკავენ, ვიდრე ადრე?
- რა თქმა უნდა. ქართველი და ავსტრიელი ჟურნალისტებიც კი რეკავენ. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, შინაურები ნერვიულობენ. ვფიქრობ, ახლა მთელი იაპონია საფრთხეშია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჰიროშიმა და ის ადგილი, რომელსაც ტელევიზორში ვუყურებ – სხვადასხვა სახელმწიფოშია. აქ ცხოვრება ნორმალურ რეჟიმშია, არავითარი პანიკა არ იგრძნობა. შაბათს ყველა ისვენებდა, ღამე კლუბებში წავიდნენ. საერთოდ, იაპონელები ძალიან ოპტიმისტები არიან.
- ჩემპიონატი შეჩერებულია. ფეხბურთელები რას აკეთებთ?
- საწვრთნელი პროცესი თითქმის არ შეწყვეტილა. მხოლოდ ტრაგედიის მომდევნო ორ დღეს გაგვიცდა ვარჯიშები. ყოველ შაბათს ვთამაშობთ ამხანაგურ მატჩებს, თანაც, შეხვედრები დიდ სტადიონზე ტარდება და მაყურებელიც მოდის. ერთ-ერთი მატჩი საქველმოქმედო იყო და 4000 გულშემატკივარი დაესწრო, ბილეთებიდან შემოსული ფული კი დაზარალებულთათვის დახმარების ფონდში გადაირიცხა.
- რომელიმე ფეხბურთელი დაზარალდა ტრაგედიის დროს?
- სხვა გუნდის მოთამაშეებზე არაფერი გამიგია, “სანფრეჩე ჰიროშიმას” ორი ფეხბურთელი კი ეპიცენტრთან ახლოს იყო. ერთს სახლი აქვს მთაზე და იქ არაფერი მომხდარა, მეორეს კი სახლი ზუსტად სანაპიროსთან ჰქონდა. როდესაც ცუნამი დაიწყო, ამ ფეხბურთელის მშობლები სამსახურში იყვნენ და არაფერი მოსვლიათ. თუმცა, სახლში იყო ბებია, რომელმაც გამოსვლა ვერ მოასწრო და ვერ პოულობენ. და იცით, რამ გამაოცა? ფეხბურთელმა ბებია დაკარგა, მშობლები სახლიდან წამოიყვანა და ისევ გუნდს შეუერთდა, ჩვეულებრივ ვარჯიშობს.
- იაპონელებმა კიდევ რით გაგაოცეს?
- მათი გამორჩეული თვისებებია - მედგრად დადგომა და ოპტიმიზმი. ხალხმა ძალიან წყნარად აღიქვა ეს ყველაფერი. გამიკვირდა კიდეც. არ ვიცი, ეს რისი ბრალია – ან რელიგიაა ასეთი, ან ხალხი შეჩვეულია, რომ ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია სტიქიური უბედურება. დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო, ხალხის რეაქცია სხვანაირი იქნებოდა. ღმერთმა არ ქნას და მაგალითად, რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში რომ მომხდარიყო მსგავსი ტრაგედია, მოსკოვში დიდი დაძაბულობა იქნებოდა – მიუხედავად სიშორისა.
- იაპონიის ახალი საფრთხე – ატომური რადიაცია. მსოფლიოს წამყვან საინფორმაციო ქსელებში ჯერაც ვერ გაუგიათ, რით შეიძლება ეს დასრულდეს და ხომ არაა მოსალოდნელი “მეორე ჩერნობილი”...რას ამბობენ ამაზე იაპონიაში?
- ამ საკითხებში ცუდად ვერკვევი და მიჭირს რამის თქმა. ერთადერთი წყარო, რომელსაც ვენდობი, საქართველოს საელჩოა. ისინი ყოველდღე მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ჰიროშიმა უსაფრთხო ზონაშია და სანერვიულო არაფერია. თანაც, საელჩოს წარმომადგენლები ტოკიოში ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას, ტოკიო კი გაცილებით ახლოსაა ფუკუსიმასთან, ვიდრე ჰიროშიმა. ესე იგი, არც ისე ცუდადაა საქმე. თუმცა, კლუბში მოთამაშე უცხოელებს გვითხრეს – თუ ჰიროშიმაში ტრაგედიის საშიშროების 0,1 პროცენტი მაინც იქნება, ბილეთებს აგიღებთ და სამშობლოში გაემგზავრეთო. კლუბში კი სამი ლეგიონერი ვართ – მე და ორი ხორვატი.
- არ შიშობთ, რომ სწორედ ასე მოხდება?
- ვცდილობ, არ ვიფიქრო. თამაში მინდა, მაგრამ თუ ტრაგედია ხდება, ვერაფერს იზამ. ამ დროს ფეხბურთი მეორე პლანზე გადადის.
- და მაინც, სხვა ქვეყნის გუნდში გადასვლა არ გინდათ?
- არა, იაპონიაში თამაში ძალიან მინდა. მითუმეტეს, პირველი შთაბეჭდილებები მშვენიერია. ვიცოდი, რომ ჯეი-ლიგაში დონე წინ მიდიოდა, მაგრამ ასეთი ინფრასტრუქტურა და ფეხბურთისადმი ინტერესი თუ იქნებოდა, არ ველოდი. ძლიერი გუნდი გვყავს და ასეთი შემადგენლობით ჩემპიონობისთვის ბრძოლაც შეგვიძლია.
- ოჯახის წევრების თბილისში გამგზავრებაზე არ გიფიქრიათ?
- ბავშვები ისედაც თბილისში არიან. არ მსურდა, სკოლა შეეცვალათ. აი, მეუღლე კი აქაა და წასვლა რომც ვთხოვო, არ წავა. აი, ამ წამს მეუბნება, თუ გაქცევაა, ერთად გავიქცევითო.
- იაპონიის ჯეი-ლიგის კალენდარი როგორი იქნება?
- გადადებული ხუთივე ტური ზაფხულში გაიმართება. მძიმე გრაფიკი იქნება, კვირაში ორჯერ მოგვიწევს თამაში, თუმცა რაც ქვეყანაში მოხდა, ამის შემდეგ კალენდარზე წუწუნი არასწორია.
- 23 აპრილს უნდა განახლდეს ჯეი-ლიგა – ასეა ცნობილი, მაგრამ კიდევ ხომ არ გაიწელება დრო?
- იმედია, სამ კვირაში დავიწყებთ თამაშს. მაგრამ, თუ ფუკუსიმაში სიტუაცია უარესობისკენ წავა, შესაძლოა, ზაფხულამდე ვერ განახლდეს ჩემპიონატი. თუმცა, იაპონელების მსგავსად, უკეთესის იმედი მაქვს.
ილია ნანობაშვილი