ლანჩხუთის “გურიას” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დავით მახარაძემ “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ილუზიებით არ იკვებება და მომავალ სეზონში გუნდის მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.
- როდის დაინიშნეთ მთავარ მწვრთნელად?
- კლუბის ახალი დირექტორისგან, კობა მირზაშვილისგან წინადადება ერთი კვირის წინ მივიღე. შემდეგ, გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელ თემურ ლორიას დავუკავშირდი და ვკითხე მიზეზი, თუ რატომ არ ვარჯიშობდნენ და რა პრობლემები იყო. სამ ვარჯიშსაც დავესწარი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ლორიამ წასვლა გადაწყვიტა. ასე რომ არ მოქცეულიყო, მე “გურიაში” მთავარ მწვრთნელად ნამდვილად არ მივიდოდი. რაც უნდა იყოს, კაცმა გუნდი უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა. ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო. გათვითცნობიერებული მაქვს, რომ გაგვიჭირდება.
- როდის ჩაატარეთ პირველი ვარჯიში და რამდენი ფეხბურთელია თქვენს განკარგულებაში?
- პირველი ვარჯიში კვირას საღამოს ჩავატარე. ორშაბათ დილასაც ვივარჯიშეთ და საღამოს ამხანაგური თამაში აზერბაიჯანულ “სუმგაითთან” გვაქვს. ვარჯიშზე 20 ფეხბურთელი იყო. კიდევ სამს ტრავმა აქვს და არ უვარჯიშიათ. ვეცდებით, რომ გამოცდილი ფეხბურთელები დავიმატოთ. გადაწყვეტილია, რომ ჩვენთან ითამაშებენ ედიკ საჯაია, სევასტი თოდუა, ალექსანდრე კოშკაძე, თენგიზ ჩიკვილაძე, რეზო გოცირიძე.
- კლუბში ფინანსური მდგომარეობა თუ გამოსწორდა? აქამდე ამ მხრივ გაურკვევლობა იყო...
- თუ მეცოდინებოდა, რომ კლუბში ფინანსურად გაურკვეველი მდგომარეობა იქნებოდა, არ წამოვიდოდი. დიდი ალბათობით, “გურიას” უცხოელი ინვესტორი ეყოლება. როგორც ვიცი, საუბარი რუს ინვესტორზეა. თუმცა, ამ დეტალებში კლუბის დირექტორი უფრო კარგადაა გარკვეული. ძალიან გვეხმარება ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე. გრიგოლეთის ბაზის ტერიტორიის გაწმენდა უკვე დაიწყო და დაგეგმილის საწვრთნელი ბაზის აშენება. გარდა ამისა, ლანჩხუთის სტადიონზე გასახდელები და ვიპ-ლოჟა მოწესრიგდება. მანამდე, სეზონის სტარტზე თამაშებს ფოთში გავმართავთ. 27 ივლისს, ლანჩხუთში, კიევის “დინამოსა” და ლანჩხუთის “გურიას” ვეტერანი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩის ჩატარება იგეგმება.
- ალბათ, “გურიას” ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება?
- ილუზიებით არ ვიკვებებით და შექმნილ სიტუაციას რეალურად ვაფასებთ. ვარჯიშს სეზონის განახლებამდე ორი კვირით ადრე რომ დაიწყებ, რომელ მაღალ შედეგზეა საუბარი?! ამ პერიოდისთვის გუნდს 10 ამხანაგური თამაში მაინც უნდა ჰქონდეს ჩატარებული. ნამდვილად არ ვიტყვი, რომ ამას ვიზამთ და იმას ვიზამთ. პირველ ექვსეულს ვერავის შევპირდები. ჩვენ ვეცდებით, თამაშიდან თამაშამდე მოვუმატოთ. გამოცდილი ფეხბურთელებიც იმიტომ მოვიწვიეთ, რომ ზამთრის შესვენებამდე ქულათა გარკვეული მარაგი დავაგროვოთ. ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში დარჩენაა.
იუზა კაციტაძის ფოტო