ყაზანის “რუბინის” 29 წლის მარცხენაფლანგელ დავით კვირკველიას წლეულს კარგი სეზონი ვერ ჰქონდა. მართალია, თათრეთის კლუბი ზედიზედ მეორედ გახდა რუსეთის ჩემპიონი, მაგრამ კვირკველიამ პრემიერლიგის მეორე ნახევარი გამოტოვა - ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და სათადარიგოებშიც კი იშვიათად ჩნდებოდა. არადა, “რუბინი” პირველად რომ გახდა ჩემპიონი, დათო ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავისიანებში.
კვირკველია ამჟამად საქართველოშია და “მსოფლიო სპორტიც” დაუკავშირდა. უთამაშებლობის მიზეზები, მომავალი გეგმები, საქართველოს ნაკრები - საუბარი ამ საკითხებს შეეხო.
დავით კვირკველია: ეს წელიწადი აშკარად ჩავაგდე. ფორმაში არ ვიყავი და ვერც “რუბინში” გამოვიჩინე თავი, ვერც - საქართველოს ნაკრებში. ამას ზაფხულში მიღებული ტრავმაც დაემატა: “ხიმკისთან” მატჩში კუნთი დავიჭიმე და ვერ ვვარჯიშობდი. მერე ვარჯიში დავიწყე და ისევ შემაწუხა. ბოლო ორი თვე ვმკურნალობდი, ახლა კი კარგად ვარ.
- “რუბინში” მანამდეც აღარ ჩანდი ძირითადში. რის გამო?
- მაშინ მცირე ტრავმა მქონდა, ერთი-ორი მატჩი გამოვტოვე და კრისტიან ანსალდი, ვინც ჩემს პოზიციაზე დააყენეს, კარგად ჩაჯდა გუნდში. “რუბინიც” იგებდა და იგებდა, ამიტომაც მწვრთნელმა, ყურბან ბერდიევმა შემადგენლობა აღარ შეცვალა. ისე გამოვიდა, რომ ჩემი უთამაშებლობის მიზეზი ანსალდი და ტრავმაა.
- მაგრამ დიდი შანსია, “რუბინმა” ანსალდი გაყიდოს. ასეთ შემთხვევაში, როგორ ფიქრობ, დაიბრუნებ ძირითადში ადგილს?
- ანსალდის შეძენა ევროპულ კლუბებს სურთ, მაგრამ რომც გაყიდონ, “რუბინის” ძირითადში ადგილს ვერავის შეპირდებიან - ვერც მე და ვერც სხვას. რუსეთის ჩემპიონი კლუბია, ასე იოლად ვინ გათამაშებს...
- იყო საუბარი, შესაძლოა, კვირკველია “რუბინიდან” წავიდესო.
- ჯერ ვერაფერს გეტყვით. ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ 9 იანვარს “რუბინს” ვარჯიში ეწყება და მეც უნდა შევუერთდე. ყაზანელებთან ერთი წელი კიდევ მაქვს კონტრაქტი. კლუბი თუ ტრანსფერზე დამაყენებს, ეს სხვა ამბავია.
- შესაძლოა, ასე მოხდეს?
- არ ვიცი. ისე, ნაკლებად სავარაუდოა.
- სხვა კლუბებიდან გაქვს შემოთავაზებები?
- კონკრეტული არაფერი. ამდენი ხნის უთამაშებელი ვარ და...
- ხშირია საუბარი, “რუბინს” “ანჟის” ნახევარმცველი, გოჩა ხოჯავა სურსო. ამაზე რას გვეტყვი, რეალურია?
- მეც გაზეთებში წავიკითხე. “რუბინის” მწვრთნელებისგან ხოჯავას შესაძლო გადმოსვლაზე არაფერი გამიგია, თუმცა, რადგან ასე გახმაურდა, ესე იგი, ინტერესი მართლაც არის.
- “რუბინმა” ალეხანდრო დომინგესი “ვალენსიაში” გაყიდა. როგორ ფიქრობ, არგენტინელის წასვლა მნიშვნელოვნად არ დაასუსტებს გუნდს?
- შესაძლოა. დომინგესი “რუბინს” ყველანაირად მორგებული, დიდი ძალა იყო. მაგალითად, დიდიე დროგბა რომ გადმოვიდეს ყაზანში, დომინგესივით სასარგებლო ვერ იქნება – იმიტომ რომ არგენტინელმა უკვე თვალდახუჭულმა იცოდა “რუბინის” თამაში, დროგბას კი დრო დასჭირდებოდა. ეს ყველა გუნდში ასეა, ადაპტაციას დრო სჭირდება. ასე რომ, დომინგესის სრულფასოვნად შეცვლა ძალიან გაჭირდება.
- საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ: გამოცდილი ფეხბურთელი ხარ და შენი აზრი სხვებზე არანაკლებ საინტერესოა - რა იყო ასეთი მარცხიანი შესარჩევი ციკლის მიზეზები?
- ყველაფერთან ერთად, უიღბლობაც სჭირს ჩვენს ნაკრებს. ჩემი აზრით, ცუდის გამოდევნება არ იქნება ლამაზი. მთავარია, წინ ვიყუროთ და იმედით ვიყოთ. დადგება დრო და საქართველოს ნაკრები ევროპაში ასე თუ ისე ანგარიშგასაწევი ძალა გახდება. ყურების ჩამოყრა არ შეიძლება.
- ნაკრების მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაიას დანიშვნაზე რას იტყვი?
- ერთი ვიცი, რომ ქეცბაიას გუნდში დისციპლინა მაღალ დონეზე იქნება. თემური ასეთი კაცია, ნამდვილი პროფესიონალი და საქმის მოყვარული. მის სამწვრთნელო კვალიფიკაციაზე ლაპარაკი, ვფიქრობ, ზედმეტია – მან დაამტკიცა, რომ კარგი გუნდის გაკეთება შეუძლია.
ილია ნანობაშვილი