გეცოდინებათ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი დავით კვირკველია ყაზანის “რუბინიდან” მაჰაჩყალის “ანჟიში” ექვსთვიანი იჯარით გადავიდა და გუშინწინ ახალ გუნდშიც ითამაშა: “ანჟი” მასსავით უხვქართველებიან ნალჩიკის “სპარტაკს” 0:0 გაეყარა. აქამდე, კვირკველიამ 2 სეზონი გაატარა “რუბინში” და პირველში თუ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი ფეხბურთელი იყო, მეორეში (შარშან) არათუ 11 კაცში, სათადარიგო სკამზეც დაკარგა ადგილი.
“მთავარი, რის გამოც “რუბინიდან” “ანჟიში” გადმოვედი, სათამაშო პრაქტიკაა, რომლის გარეშე, ეროვნულ ნაკრებში ძნელად თუ გენდობიან”, - უთხრა “მსოფლიო სპორტს” კვირკველიამ, რომელსაც ნალჩიკის “სპარტაკთან” თამაშის შემდეგ დავუკავშირდით:
- “ანჟიში” შენს შესაძლო გადასვლაზე, ჯერ კიდევ იანვარში ვიცოდით, თუმცა, ბოლო დროს საუბარი შეწყდა.
- “ანჟიში” ჩემი გადასვლა მომწიფებული იყო. თბილისში ესტონეთის ნაკრებთან სათამაშოდ რომ ჩამოვედი, მაგ დროს უკვე სერიოზულად ვფიქრობდი “ანჟიზე”. ერთი, რაც მაბრკოლებდა, გავრცელებული ხმები იყო, მაჰაჩყალის გუნდში ამდენი ქართველის ყოფნა არ სიამოვნებთო.
- და ასე არაა?
- როგორ გითხრათ, მე მაინცდამაინც უსაშველო არაფერი შემიმჩნევია.
- გუნდში გასაგებია, მაგრამ გულშემატკივრებს არ სიამოვნებთ ამდენი ქართველიო. “ანჟის” მთავარმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემაც თქვა, ოთარ მარცვალაძესა და გიორგი ნავალოვსკის ქართველობის გამო მოუხდათ გუნდიდან წასვლა.
- თეთრაძის ინტერვიუ მეც წავიკითხე და სანამ აქ ჩამოვიდოდი, რა თქმა უნდა, ვიკითხე ამ ამბავზე – ნამდვილად არ მინდოდა, გუნდში ჩემი ეროვნების გამო პრობლემა შემქმნოდა. ან როგორ უნდა გავჩერდე იმ კლუბში, სადაც ქართველობის გამო ცუდად შემომხედავენ? გუნდში ყველანი მეგობრულად ვართ და არც გულშემატკივრებისგან მიგრძვნია რაიმე ცუდი.
- “რუბინში” რატომ აღარ გათამაშებდნენ?
- უკაცრავად, მაგრამ მაგ თემაზე ლაპარაკი არ მინდა. ჩხუბს ნამდვილად ვერ დავიწყებდი, რატომ არ მათამაშებთ-მეთქი...
- ნალჩიკის “სპარტაკთან” მატჩში დებიუტი გქონდა. თამაშამდე რამდენი დღე ივარჯიშე “ანჟიში”?
- 4 დღე. ნაკრებში ესტონეთთან თამაშის შემდეგ, ჯერ “რუბინში” ვივარჯიშე რამდენიმე დღე და მერე ჩამოვედი მახაჰყალაში.
- რას იტყვი ახალ გუნდზე და პირველ თამაშზე?
- “ანჟი” ათეულში შესვლას გეგმავს და ჩემი აზრით, ამ მიზნის მიღწევა არაა შეუძლებელი. ხუთეული და უეფას თასზე გასვლა კი ძალიან ძნელია – “ანჟი” ჯერ მაინც დებიუტანტია. რაც შეეხება ნალჩიკელებთან მატჩს, კმაყოფილი ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი. საერთოდ, ჩემი თამაშით კმაყოფილი არასოდეს ვრჩები და ყოველთვის ვფიქრობ, რომ რაღაც დავაკელი.
- კახა ალადაშვილი სამარის “კრილია სოვეტოვში” იყო გასინჯვაზე, თუმცა, როგორც გავიგეთ, “ანჟიში” დაბრუნებულა. რჩება გუნდში?
- დიახ, ალადაშვილი ჩვენთანაა.
- ახლა ნაკრებზეც: ესტონეთთან მოიგეთ და შენ ბოლო წუთებზე საგოლე პასიც გააკეთე, თუმცა, დაგვეთანხმები, თამაშის ხარისხი ვერ იყო მაღალი.
- მოგება კარგია, მაგრამ ხარისხით მაინც უკმაყოფილონი დავრჩით. რა თქმა უნდა, ეს ის თამაში არ იყო, რაც საქართველოს ნაკრებს პოტენციურად შეუძლია. ისიც გავითვალისწინოთ, რომ სეზონი ჯერ დაწყებული არ იყო და ბევრი ფეხბურთელი ოპტიმალური ფორმისგან შორს იდგა – მათ შორის, რა თქმა უნდა, მეც.
- შენი აზრით, მომავალ შესარჩევ ციკლში ნაკრები უკეთესად ითამაშებს? იმედი კი გექნება, მაგრამ რამდენად რეალურია ეს იმედი და რაზე დაყრდნობით?
- ერთი, რაც ნამდვილად ვიცი: ყველა ფეხბურთელი ჯიგრით და მონდომებით ითამაშებს. ესტონეთთან რაც ვნახე, მშვენიერი ატმოსფერო იყო ნაკრებში და მჯერა, ასეც გაგრძელდება. ექტორ კუპერის მწვრთნელობისას კი რაღაც ვერ იყო წესრიგში, თითქოს გუნდიც გატეხილი ჩანდა.
- კერძოდ რა ვერ იყო წესრიგში, შეგიძლია თქვა?
- მაგალითად, კუპერის ნაკრებში პირველ შეკრებაზე რომ ჩავედი, კაცმა არც იცოდა, რა პოზიციაზე ვთამაშობდი. თეორიულ მეცადინეობაზეც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა... ამის შემდეგ, რაღაზეა ლაპარაკი?
- კუპერის მწვრთნელობისას, ბოლო მატჩი მოლდოვასთან ჩაატარე და მერე აღარ გიძახებდა. მოლდოვასთან თამაშის შემდეგ რა გითხრა, რამე გისაყვედურა?
- მითხრა? კუპერი, მგონი, არავის არაფერს ეუბნებოდა...
ილია ნანობაშვილი