“ბათუმის” ცენტრალური თავდამსხმელი დავით იმნაძე, პირველი კალათბურთელია, რომელმაც საქართველოს XIX ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებულ მატჩებში ორმოცქულიან ზღვარს გადააბიჯა.
იმნაძემ ამის გაკეთება “მერანთან” VI ტურის შეხვედრაში მოახერხა, როცა 19 ორქულიანიდან 18, ხოლო 11 საჯარიმოდან 10 გამოიყენა, 46 ქულა დააგროვა და მისივე თანაგუნდელის, ბესო ლეჟავას რეკორდი (36 ქულა) გააუმჯობესა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჟურნალისტებმა ტურის საუკეთესო კალათბურთელად დავით იმნაძე დაასახელეს.
გთავაზობთ ინტერვიუს დავით იმნაძესთან, რომელიც ტურის საუკეთესო მოთამაშე პირველად გახდა.
- მიუხედავად იმისა, რომ სუსტი მეტოქე გყავდათ, თქვენ მოედანზე თითქმის ორი ტაიმი, 37 წუთი და 45 წამი დაჰყავით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლეჟავას რეკორდის გაუმჯობესება, თავიდანვე გამიზნული ხომ არ გქონდათ?
- მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რეკორდებზე არასოდეს მიფიქრია. ძალიან მინდა ჩემთვის სასურველი სათამაშო ფორმა აღვიდგინო და ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი დრო დავყო მოედანზე. ვარჯიში სეზონის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დავიწყეთ და ამიტომ ვერ მოვასწარი ჩემთვის სასურველ ფორმაში შესვლა, თორემ დღეში ორჯერადი წვრთნა გვაქვს და მე და ჩემი თანაგუნდელები მაქსიმალურად ვცდილობთ დანაკარგის ანაზღაურებას.
- რა მიზნები აქვს “ბათუმს” მიმდინარე ჩემპიონატში?
- “ბათუმის” მიზანი ჩემპიონობაა და სხვა შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს.
- ისეთი მოკლე სკამით, როგორიც “ბათუმს” აქვს, ჩემპიონობისთვის ბრძოლა არ გაგიჭირდებათ?
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, “ბათუმი”, პირველი წრის დასრულების შემდეგ, მინიმუმ ორი კალათბურთელის დამატებას აპირებს.
- საქართველოს XVIII ეროვნული ჩემპონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ, თქვენ კარიერა აზერბაიჯანში განაგრძეთ. თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ თქვენი აზერბაიჯანული კარიერის შესახებ?
- აზერბაიჯანის ორ გუნდში, ბაქოს ნტდ-“დევოსა” და ნახჩევანის “არაზში” მაქვს ნათამაშები და ორივეჯერ ოქროს მედლის მფლობელი გავხდი. ამ გუნდებიდან, ბოლოს “არაზში” გამოვდიოდი.
- “არაზიდან” რატომ წამოხვედით?
- 2008-2009 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, კონტრაქტი დამიმთავრდა და წამოვედი.
- “არაზის” ხელმძღვანელობა ახალი, 2009-2010 წლების სეზონის დაწყების წინ, არ შეგხმიანებიათ?
- სიმართლე გითხრათ, აზერბაიჯანიდან რომ არ დამიკავშირდნენ, არ გამკვირვებია, რადგან ამ ქვეყნის კალათბურთი სერიოზულ ფინანსურ კრიზისში იმყოფება.
- საქართველოსა და აზერბაიჯანის გარდა, სხვა ქვეყნის გუნდშიც ხომ არ გითამაშიათ?
- 2005 წელს, სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის წევრ “პრევიძაში” ვთამაშობდი. ძალიან სუსტი გუნდი იყო და სლოვაკეთიდან ისე წამოვედი, სეზონის ბოლომდე არ მითამაშია.
- თქვენი სიმაღლის (208 სანტიმეტრი) მიუხედავად, ჯერჯერობით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არ გითამაშიათ...
- საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებ გუნდში მაქვს ნათამაშები. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, გორდონ ჰემბერტის მთავარი მწვრთნელობის დროს ვიყავი გამოძახებული, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არ მითამაშია.
- ეროვნულ გუნდში დიდი კონკურენციის (ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, დავით უგრეხელიძე.) გათვალისწინებით, ნაკრებში თამაშზე ხელი ხომ არ ჩაიქნიეთ?
- ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია და რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, რათა დასახულ მიზანს მივაღწიო.
როლანდ ლაბუჩიძე