20 წლის უკრაინული პასპორტის მქონე ქართველმა მცველმა დავით იაშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, კიევის “დინამოსთან” კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფეხბურთელად ჩამოყალიბებას უკრაინას უმადლის.
- “დინამოში” გადასვლის ვარიანტი როდის გამოჩნდა?
- მას შემდეგ, რაც უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე მატჩი ჩავატარე და ასევე, როდესაც “ობოლონის” შემადგენლობაში პირველ ლიგაში თამაში დავიწყე. ეს დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. “დინამოს” წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და მოლაპარაკება დავიწყეთ.
- გადაწყვეტილების მისაღებად რამდენი დრო დაგჭირდა?
- “დინამოში” გადასვლას მაშინვე დავთანხმდი, რადგან ბავშვობიდან ამ კლუბში თამაშზე ვოცნებობდი. როგორც ცნობილია, “ობოლონში” არაერთგავროვანი სიტუაცია შეიქმნა. თავდაპირველად ჩემი გაშვება არ უნდოდათ, მაგრამ შემდეგ დათანხმდნენ.
- რთული მისახვედრი არაა, რომ ქართული ფესვები გაქვს...
- დიახ, ასეა. მე ქართული წარმომავლობის უკრაინელი ვარ. თბილისში დავიბადე და 15 წლის ასაკამდე საქართველოში ვცხოვრობდი. თუმცა, როგორც ცნობილია, ჩემს ქვეყანაში ძალიან რთული ეკონომიკური სიტუაცია იყო და გარდა ამისა, ავტოკატასტროფაში მამა დამეღუპა. ნათესავები, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ, საქართველოდან წასვლაში დამეხმარენ. დედა თბილისში დარჩა, მაგრამ კონტაქტი მუდმივად გვაქვს. ასევე, თბილისში ცხოვრობს ჩემი უფროსი ძმა. კიევში ბიძის ოჯახში ვცხოვრობ. თავის დროზე, ის ფეხბურთს თამაშობდა და თბილისის “ლოკომოტივის” საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა, მაგრამ პროფესიონალი ფეხბურთელი ვერ გახდა. მადლობელი ვარ, რომ სახლში მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს მიქმნიან, რათა ფეხბურთის გარდა, სხვა არაფერზე ვიფიქრო. ბიძასთან ერთად მუდმივად განვიხილავთ ცალკეულ მატჩებს და უშუალოდ ჩემს თამაშს. ის ჩემთვის მეორე მწვრთნელივით არის.
- თუმცა, პასპორტი უკრაინული გაქვს...
- დიახ და ამით ვამაყობ. უკრაინაში გადასვლის მომენტში საქართველოს მოქალაქეობა არ მქონდა.
- უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობ. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში არ შეუთავაზებიათ?
- უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ჩემი სამშობლოა. ძალიან ვამაყობ და კმაყოფილი ვარ, რომ უკრაინის “ახალგაზრდულში” ვთამაშობ. ეს ჩემთვის დიდი პატივია. რაც შეეხება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, ამ გუნდში არავის მიუწვევივარ. გულწრფელად გითხრათ, ეს არასწორი იქნებოდა. მართალია, არაფერი სერიოზულისთვის არ მიმიღწევია, მაგრამ ის რასაც ახლა წარმოვადგენ, სწორედ უკრაინის დამსახურებაა, ხოლო “დინამოში” ჩემს გადასვლას დიდი მიღწევად ვთვლი.
- ფეხბურთის თამაში რა ასაკში დაიწყეთ?
- ფეხბურთელობაზე პატარაობიდან ვოცნებობდი. საქართველოში ფეხბურთს ყველა თამაშობს, მაგრამ იმის საშუალება, რომ ამ საქმით პროფესიონალურად დაკავდნენ პრაქტიკულად არ არის. ამიტომ, ფეხბურთში ვარჯიში 15 წლის ასაკში დავიწყე. კიევში ჩემი პირველი მწვრთნელი ოლეგ დერევინსკი იყო. საფეხბურთო სკოლის დამთავრების შემდეგ, კიევის “არსენალს” მივაშურე. იქ თითქმის 2 წელიწადი ვვარჯიშობდი აწ გარდაცვლილი ნიკოლაი ვოლოსიანკოს ხელმძღვანელობით, მაგრამ კონტრაქტი არ მქონია. მოგვიანებით, “ობოლონში” მოვხვდი, რომელთან ხელშეკრულება ჯერ ერთი წლით გავაფორმე, მერე – ორით. ახალ კი, “დინამოში” ვარ.
- ფეხბურთის თამაშის გარდა, ბავშვობაში რით იყავი დაკავებული?
- სიმღერაზე დავდიოდი, მაგრამ განსაკუთრებულს ვერაფერს მივაღწიე. ისე, მართლაც მთელი დღეები ეზოში ბურთს დავდევდი.
- თავდაპირველად რომელ პოზიციაზე თამაშობდი?
- ბავშვობაში ნებისმიერზე, მაგრამ ახალ უფრო დაცვაში თამაში მიზიდავს. ყველაზე კომფორტულად თავს დაცვის ცენტრსა და მარჯვენა ფლანგზე ვგრძნობ. ჩემთვის დიდი განსხვავება არ არის, ამ პოზიციებიდან რომელზე ვითამაშებ. ასევე, საყრდენ ნახევარმცველად თამაშის გამოცდილებაც მაქვს, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, დაცვის ცენტრში თავს უკეთესად ვგრძნობ. დაცვაში თამაში რატომ მომწონს? ალბათ, იმიტომ, რომ სწორედ იქ გამომდის ყველაფერი. ამასთანავე, შეტევებში ჩართვა მიყვარს და თავით თამაში დროს თავდაჯერებული ვარ.
- მემარჯვენე ხარ თუ მემარცხენე?
- მემარჯვენე, მაგრამ მარცხენა ფეხით თამაშის გაუმჯობესებაზე მუდმივად ვმუშაობ. ის ისეთი არ მაქვს, როგორც მარცხენა, მაგრამ პასის გაკეთება შემიძლია. დაცვის მარცხენა ფლანგზე ჯერ არ მითამაშია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფეხს მუდმივად ვავარჯიშებ, არა მგონი ეს პრობლემა იყოს.
- შვებულების დროს სათამაშო ფორმას როგორ ინარჩუნებ?
- კვირაში ორჯერ კონჩა-ზასპეში “დინამოს” საწვრთნელს ბაზაზე ვვარჯიშობ. როგორც ყველგან, შვებულების დაწყებამდე პროგრამას გვაძლევენ, რომლის მიხედვით ამ დროის განმავლობაში უნდა ვივარჯიშოთ. შვებულება აქტიური უნდა იყოს. არ არსებობს, რომ ერთი თვე დაგვითხოვონ და ამ ხნის განმავლობაში არაფერი ვაკეთოთ. პროგრამაში ძირითადად ფიზიკური ვარჯიშები და სირბილია შეტანილი. ამ ეტაპზე, აუცილებელია რომ კვირაში ორი დღე ვივარჯიშო, ხოლო იანვრის დასაწყისიდან ყოველ დღე ვივარჯიშებ. საშუალოდ, ერთი საათი ვვარჯიშობ.
- “დინამოში” რა მიზნებს ისახავ?
- “დინამო” ეს “დინამოა” ! მე არარეალურ მიზნებს ვისახავ, ბევრი გამოჩენილი ფეხბურთელი ამბობს, რომ არარეალური მიზნები იმიტომ უნდა დაისახო, რომ მაქსიმალურს მიაღწიო. სწორედ, ამ დროის შეიძლება შენს მაქსიმუმს მიაღწიო. ვცდილობ ამ პრინციპით ვიცხოვრო. “დინამოში” მსურს მწვრთნელის ნდობა გავამართლო და ჯერ “დუბლშემადგენლობის” სასტარტოში მოვხვდე, ხოლო შემდეგ პირველ გუნდში.
ლაშა თაბაგარი