ქუთაისის ”ტორპედოს” ძირითადი გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელს დავით ჯანელიძეს საკმაოდ საინტერესო საფეხბურთო წარსული აქვს. მას ჭაბუკობაში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე მოასპარეზე თბილისის “დინამოს” დუბლშემადგენლობის სკოლა აქვს გავლილი, ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების საწყის წლებში კი, თბილისის “მრეტების” კარს იცავდა (98 მატჩი უმაღლეს ლიგაში). მომდევნო სეზონი გერმანიის II ბუნდესლიგის ბინადარ ბრაუნშვაიგის “აინტრახტში” თამაშობდა. უკან დაბრუნებული, თბილისის “დინამოში” (3 მატჩი) იყო, საიდანაც “ვიტ ჯორჯიაში” (14 მატჩი) გადავიდა, ბოლოს კი დედაქალაქის “ლოკომოტივში” (26 მატჩი) მოხვდა.
ქუთათურთა მეკარეების მწვრთნელმა, აქტიური საფეხბურთო კარიერა 1999 წლის შემოდგომაზე, “ლოკომოტივში” დაასრულა. თუ რა იყო კიპერისთვის ადრეულ, 26 წლის ასაკში თამაშისთვის თავის დანებების მიზეზი, ამის შესახებ დავით ჯანელიძე კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში საუბრობს.
- ბატონო დავით, პირველ რიგში, ჩვენი საიტის მნახველებს გაეცანით - როდის დაიწყეთ ფეხბურთის თამაში, რომელი კლუბების ღირსებას იცავდით?
- პროფესიონალური ფეხბურთის თამაში თბილისის “მრეტებში” დავიწყე. პირველი ეროვნული ჩემპიონატი პირველ ლიგაში ვიყავით, შემდეგ კი, ზედიზედ 3 სეზონი უმაღლეს ლიგაში გამოვდიოდით. 1994-1995 წლების სეზონი ვითამაშე გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის ბრაუნშვაიგის “აინტრახტში”. იქ თამაშისას, რეგულარულად მიწვევდნენ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, რომელსაც მაშინ შოთა ჭეიშვილი წვრთნიდა. 2-ჯერ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც მაქვს ნათამაშები.
საქართველოში დაბრუნებული, თბილისის “დინამოში” ჩავირიცხე, სადაც მიღებული ტრავმის გამო საოპერაციო გავხდი. ნაოპერაციების აღდგენის შემდეგ “ვიტ ჯორჯიაში” გადავედი, საიდანაც “ლოკომოტივში” მოვხვდი. სწორედ იქ დავამთავრე ფეხბურთის თამაში.
- აქტიური საფეხბურთო კარიერის გაგრძელებაში ხელი ტრავმამ შეგიშალათ?
- დიახ. ოპერაციის შემდეგ “ლოკომოტივში” თითქმის სრული სეზონი ვითამაშე - იმ წელს ბრინჯაოს მედლებიც მოვიგეთ. თუმცა, 1999-2000 წლების სეზონის დასაწყისში, ფეხი ისევ ვიტკინე და გადავწყვიტე კარიერა დამესრულებინა.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ბავშვებთან მუშაობა დავიწყე საფეხბურთო სკოლა “იმედში”. აქედან 2003 წელს გია გეგუჩაძემ თბილისის “დინამოს” დუბლებში წამიყვანა თანაშემწედ, მერე პირველ გუნდშიც მასთან ერთად ვმუშაობდი. “დინამოდან” წამოსვლის შემდეგ “ვიტ ჯორჯიაში” სრული სეზონი გავატარე, “გაგრაში” ვიყავი ცოტა ხანი, მერე “ზესტაფონში” ისევ გია გეგუჩაძესთან ერთად და ბოლოს “ტორპედოში”.
- მეკარეების წვრთნას, ალბათ, თავისი სპეციფიკა აქვს. რით გამოარჩევდით მას მთლიანი გუნდის მომზადების პროცესისაგან?
- მიმაჩნია, რომ ეს ერთი მთლიანი პროცესია. შესაძლოა, მინდვრის მოთამაშისაგან განსხვავებული დატვირთვები სჭირდებოდეთ მეკარეებს, მაგრამ მათ განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მომზადება უნდათ.
- როგორ ფიქრობთ, რა თვისებები ესაჭიროება მეკარეს, რომ მან გუნდის თამაშში აყოლიება შეძლოს...
- მე ასე ვიტყოდი - მეკარე თავიდან ბოლომდე თამაშში უნდა იყოს ჩართული. ამისათვის მას მაქსიმალური კონცენტრირება ესაჭიროება. წამითაც მოდუნება, შესაძლოა გუნდისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს. მტკიცე ხასიათი და ლიდერის თვისებები - ესაა მთავარი. ამის შემდეგაა უკვე ის კომპონენტები, რასაც ჰქვია ტექნიკა, რეაქცია, ხაზზე, გამოსვლაზე, ფეხით კარგი თამაში...
- “ტორპედოს” საიმედო მეკარეების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს...
- ამ პრობლემას ნამდვილად არ ვუჩივით. გვყავს ომარ მიგინეიშვილი და მაქსიმე ქვილითაია, რომლებიც ერთმანეთის ძალიან სერიოზული კონკურენტები არიან. გვყავს კიდევ დავით კუპატაძე, რომელსაც ნიჭი აქვს და მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. ჩემი აზრით, კარგი გუნდის შენების პროცესში, აუცილებელიცაა მაღალი დონის მეკარეების ყოლა. თითოეული მათგანი უნდა გრძნობდეს, რომ თუ თამაშს მოუკლებს, მას მეგობარი კონკურენტი შეცვლის და მერე თავად მოუწევს ძირითადში ადგილის დაბრუნებისთვის “ბრძოლა”.
ისეთ გუნდშიც მიმუშავია მეკარეებთან, სადაც ხელოვნურად შეგვიქმნია კონკურენტული გარემო. საბედნიეროდ, “ტორპედოში” მწვრთნელების ასეთი ჩარევა საჭირო არაა - იმის მიუხედავად, რომ ძირითადში ხშირი თამაში არ უწევს, ვიცით ქვილითაიას რა შეუძლია. მიგინეიშვილზე ლაპარაკიც არ არის, იგი საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს.
- თანამედროვეობის საუკეთესო მეკარედ ვის მიიჩნევთ?
- პეტრ ჩეხის თამაშიც მომწონს, მაგრამ ვთვლი, რომ დღეს იკერ კასილიასია საუკეთესო. წარსულში მოთამაშეებიდან გამოვარჩევდი რინატ დასაევს, რომელიც ჩემი აზრით, გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო მეკარე იყო.
www.fctorpedo.ge