ინტერვიუები

10:03 | 27.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

დავით დევდარიანი: "საქართველოს დანიაზე ბევრი ტალანტი ჰყავს"

ხშირად გაიგონებთ, ქართულ ფეხბურთში ნიჭიერი თაობა მოდისო. ეს მართლაც ასეა, არცთუ ცოტა გამორჩეული ფეხბურთელი მოდის და მათ შორის, უდავოდ, დავით დევდარიანიცაა. 22 წლის ნახევარმცველი დანიის სუპერლიგის “ორჰუსში” თამაშობს და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა. სავარაუდოდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი თავკაცი, თემურ ქეცბაია დევდარიანზე გათვლას გააკეთებს – ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ტანმაღალ ნახევარმცველს, აქამდე, მთავარ ნაკრებში შესარჩევი ციკლის ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია.
“ორჰუსს” ზამთრის შესვენება აქვს და დევდარიანიც თბილისშია. ახლა კი მისი ინტერვიუ “მსოფლიო სპორტთან”. 
- ცოტა შორიდან დავიწყოთ. რუსთავის “ოლიმპიდან” “ორჰუსში” შარშან სექტემბერში გადახვედი, თა¬ვიდან მეორე გუნდში გიწევდა თამაში, თუმცა, რამდენიმე თვეში პირველ გუნდში გადაგიყვანეს და თან, სულ ძირითად შემადგენლობაში თამაშობ, ანუ პროგრესი უცებ დაგეტყო...
- ადაპტაციის მომენტი იყო. საბედნიეროდ, მეორე გუნდში დიდხანს არ გამაჩერეს. შეკრებაზე “ორჰუსის” ძირითად გუნდში კარგად ვითამაშე, თან ახალი მწვრთნელი მოიყვანეს და მას მოვეწონე, მენდო. ერთიცაა, როცა მე დანიაში ჩავედი, სეზონი უკვე დაწყებული იყო და მაშინვე ჩემი ძირითადში ჩამატება და სხვისი ამოგდება არ გამოვიდოდა.
- ფიზიკურად არ გაგიჭირდა? რაც უნდა იყოს, საქართველოს ჩემპიონატიდან წახვედი, დანიის სუპერლიგა კი სხვა დონეა...
- ძალიან არ გამჭირვებია. თავიდან სირთულეები ყველას აქვს, მაგრამ შემდეგ ყოველივე ეს უკან რჩება. ბევრი მუშაობა იყო საჭირო და არ დავიზარე.
- მიმდინარე სეზონში შენს თამაშზე რას იტყვი, როგორ შეაფასებ?
- ნორმალურად ვითამაშე, უკმაყოფილო არ ვარ. გასულ სეზონთან შედარებით, ჩემს თავს წინსვლას ვატყობ, მაგრამ რა თქმა უნდა, უფრო მეტის მიღწევა მინდა. მწვრთნელი მენდობა, გულშემატკივრებისგანაც ვგრძნობ მხარდაჭერას, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს.
- “ორჰუსი” როდის იწყებს ჩემპიონატის მეორე ნახევრისთვის მზადებას?
- ხუთ იანვარს, მანამდე კი, თბილისში ვისვენებ და კლუბიდან დავალებული პროგრამით ვვარჯიშობ. დაბალი აქტივობის პროგრამაა, უბრალოდ, ტონუსში უნდა ვიყო.
- როგორც ვიცით, უფრო ფლანგზე გათამაშებდნენ, არადა, სისწრაფით მაინცდამაინც არ გამოირჩევი. მითუმეტეს, დანიაში ალბათ “რაკეტასავით” გარემარბები იქნებიან...
- ხან მარცხენა ნახევარმცველად მაყენებდნენ, ხან გამთამაშებლად. როცა მარცხნივ მათამაშებდნენ, უფრო შუაში ვიწევდი, ანუ მწვრთნელი მაინცდამაინც ფლანგზე არ მზღუდავდა. გამოკვეთილი ფლანგელი ნამდვილად არ ვარ, თუმცა, სისწრაფეს არ ვუჩივი. ისე, გამთამაშებლობა უფრო შემიძლია და კარგია, რომ ბოლო მატჩებში სწორედ 10 ნომერზე მაყენებდნენ.
- “ორჰუსმა” სეზონი მძლავრად დაიწყო და კარგა ხანს ლიდერობდა კიდეც, თუმცა, ახლა მე-6 ადგილზე ხართ. რა იყო ჩავარდნის მიზეზი?
- ვერ გეტყვით. თავიდან მართლაც კარგად დავიწყეთ, კარგა ხანს ქულადაუკარგავად ვლიდერობდით, მე¬რე კი, ალბათ, იღბლის მომენტიც იყო. ისე კი, წინა სეზონთან შედარებით, “ორჰუსი” ახლა გაცილებით გამართულად თამაშობს. მართალია, მე-6 ადგილზე ვართ, მაგრამ ქულებში განსხვავება არცთუ დიდია და სამეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ.
- პოტენციურად, “ორჰუსი” დაახლოებით მერამდენე გუნდია დანიაში? “კოპენჰაგენს” ბევრად ჩამორჩება?
- ბევრად ჩამორჩებაო, ვერ ვიტყვი. “კოპენჰაგენს” და ლიდერთა ჯგუფში მყოფ სხვა გუნდებსაც უშუალო შეხვედრებში მოვუგეთ. წლეულს სამე¬უ¬ლისთვის მებრძოლი გუნდი გვყავს. ბოლოს და ბოლოს, დანიისა და აშშ-ის ეროვნული ნაკრების ფეხბურ¬თე¬ლები თამაშობენ ჩვენთან.
- სხვათა შორის, ამასწინათ, ერთ-ერთ დანიურ ვებ-გვერდზე იყო განთავსებული ვიდეო, სადაც “ორჰუსის” გულშემატკივართა საკმაოდ მოზრდილ ჯგუფს შენი 30-ნომრიანი მაისურები ეცვა. ცალკეული ფეხბურთელების ფან-კლუბები ბევრგან აპრობირებულია. “ორჰუსშიც” ასეა?
- ჩემი პირადი ფან-კლუბი? ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ “ორჰუსს” რომ გულშემატკივრები ჰყავს, ტყუილია. დანიაში ჩვენ და “ბრონდბიუს” გვყავს ყველაზე ერთგული ფანები, გასვლით მატჩებზე საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი დაგვყვება ხოლმე. როდესაც დანიაში პირველად მივდიოდი, გაგონილი მქონდა, სკანდინავიელები ურთიერთობაში ცივები არიანო. არ ვიცი, ეგებ, მე შემხვდა ასეთი თბილი და მეგობრული ხალხი. არავითარი სიცივე არ მიგრძვნია.
- დანიის “ვიბორგში” მოთამაშე გიორგი ფოფხაძემ თქვა, ფეხბურთის ნიჭით ქართველები დანიელებზე მაღლა დგანანო. შენ რას იტყვი?
- ვეთანხმები ფოფხაძეს. ჩვენ მართლაც ნიჭიერი საფეხბურთო ერი ვართ, ფეხბურთი სისხლში გვაქვს. კი, დანიაშიც არიან ტალანტები (“ორჰუსის” პატარების თამაშებს ვუყურე და სიამოვნება მივიღე), მაგრამ მასობრივად რომ ავიღოთ, საქართველოში უფრო მეტი ნიჭიერი ბავშვია. ცუდია, რომ შემდგომში ვერ ვითარდებიან ქართველები. ეს იმის ბრალია, რომ ცალკე კლუბები ვერ უქმნიან სათანადო პირობებს, ცალკე - ბავშვის მშობლებს ფინანსურად უჭირთ.
- დანიის ნაკრებზეც ვთქვათ: მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე გავიდნენ. გასვლაცაა და გასვლაც - ჯგუფში პორტუგალიას გაასწრეს, შვედეთს სულაც ორივე თამაში მოუგეს. არადა, ძმები ლაუდრუპების წასვლის შემდეგ, დანიურ ფეხბურთს თითქოს კრიზისი ჰქონდა...
- ჩემი აზრით, ფეხბურთელების ძლიერი კონტიგენტის ხარჯზე მიაღწიეს შედეგს. “არსენალში”, “იუვენტუსში”, “აიაქსში” და სხვა ძლიერ კლუბებში თამაშობენ დანიელები. კარგი მოთამაშეები აქაურ სუპერლიგაშიც საკმარისზე მეტნი არიან. მესიამოვნა, რომ ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში შვედეთს ჩემმა თანაგუნდელმა გაუტანა ერთადერთი გოლი - იაკობ პოულსენმა.
- გასულ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მიერ განც-დილი ფიასკოს მიზეზებზე გვითხარი...
- მართლა არ ვიცი და როგორ გითხრათ? მართალია, ეროვნულ ნაკრებში ოფიციალური მატჩი არ ჩამიტარებია, მაგრამ ამხანაგურები ვითამაშე. საქართველოს ნაკრები შემადგენლობით ძლიერია, აი თუნდაც “ორ¬ჰუსის” ვარჯიშები დონით აშკარად ჩამორჩება ჩვენი ნაკრების ვარჯიშებს. ჩვენთან რომ ნახავ წვრთნაზე, ასე ბურთის გორება და კომბინაციები დანიის კლუბში წარმოუდგენელია.
- აბა, რა ხდება, ეს ყოველივე ვარჯიშიდან მატჩში ვერ გადააქვს ჩვენს ნაკრებს?
- ალბათ. ჩემი აზრით, ქართველ ფეხბურთელებს ბურთის ცოდნის პრობ¬ლემა არა აქვთ. უფრო ტაქტიკური მხარე გვაქვს დასახვეწი. იმედია, მომდევნო შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ფიასკოს დაივიწყებს.

ილია ნანობაშვილი


 

0.121516