საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეჟუაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაწესებული სოლიდური ფინანსური სანქციაა, რომელიც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას დოპინგ-ტესტზე 4 სპორტსმენის ჩავარდნის გამო დაეკისრა.
დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება, რომელზეც ხმის უფლების მქონე დელეგატები სავარაუდოდ ბეჟუაშვილის განცხადებას ოფიციალურად დაამტკიცებენ და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელსაც აირჩევენ.
შეგახსენებთ, დოპინგის მიღებაში ქართველი ძალოსნები რაულ ცირეკიძე, დავით გოგია, ლაშა ტალახაძე და შოთა მიშველიძე შარშან, წლის ბოლოს ამხილეს და დისკვალიფიკაციით დასაჯეს.