სუპერლიგის ერთ-ერთი გამოცდილი უკანახაზელი, რუსთავის საკალათბურთო სკოლის აღზრდილი დავით არწივიძე, მშობლიური ქალაქის გუნდს “რუსთავს” დაუბრუნდა. იგი სუპერლიგის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვანი გუნდის შემადგენლობაში მინიმუმ 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “რუსთავის” პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა. შეგახსენებთ, რომ არწივიძე ბოლო, 2012-13 წლების სეზონში სუპერლიგის მონაწილე თსსუ-ში თამაშობდა. არწივიძე, ჯერჯერობით, “რუსთავის” ერთადერთი ახალწვეულია.
გოგა ცეკვავასთან ერთად, რომელიც კარიერას “ქუთაისი-2010”-ში გააგრძელებს, “რუსთავი” რევაზ ათანელიშვილმა (ცენტრი) და ჟოლივეტ ტუჯანი-ტალბამ დატოვეს. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელ მიხეილ ბერუაშვილს, მის ნაცვლად გამოცდილი სპეციალისტი ოთარ ხმელიძე იმუშავებს.