დავიდ ვილიას გულისცემა მუდამ მშვიდია - გოლის გატანის წინაც და ზოგადად ცხოვრებაში. მას აცვია ესპანეთის ეროვნული ნაკრების შვიდნომრიანი მაისური მას შემდეგ, რაც გუნდი რაულმა დატოვა. ახლა ეროვნული ნაკრების საუკეთესო გოლეადორ რაულს, ის მხოლოდ რვა გოლით ჩამორჩება და მიზნის მიღწევას სწორედ მუნდიალზე შეეცდება.
- ფეხბურთელობა ყოველთვის გსურდათ?
- როდესაც პატარა ვიყავი, მამაჩემის მსგავსად მაღაროელობა მსურდა, მაგრამ როცა გავაცნობიერე, თუ რა რთული სამუშაო იყო, ეს აზრი თავიდან ამოვიგდე. 17 წლისა პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი და სხვა რამეზე ფიქრის დრო აღარც მქონდა.
- ბურთთან ერთად ხშირად გძინავთ?
- პატარობისას ბურთთან და ჯილდოსთან ერთად ხშირად მეძინა. პირველი ჯილდო შვიდი წლის ასაკში მოვიგე და სწორედ მასთან ერთად ვიძინებდი.
- ამ ზაფხულს, ნაკრების მაისურს რომ გაიხდით, "ბარსელონას" ფორმაში გიხილავთ.
- ეს საუკეთესო კლუბია, რომელშიც კარიერის გაგრძელება შემეძლო. "ბარსელონა" დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ჩემს შეძენას და საწადელს მიაღწია. ამასთან, მოხარული ვარ, ყველაფერი ასე სწრაფად რომ გადაწყდა. სულაც არ მსურდა იმის გამეორება, რაც გასულ ზაფხულს მოხდა. ჩემი "რეალში" გადასვლა-არგადასვლის საკითხის გაჭიმვა, კონფედერაციის თასზეც ცუდად აისახა.
- ცოტა ხნის წინ მესის სარეკლამო აქცია ვიხილეთ. თქვენ ის ძალიან მოგეწონათ. თუ წარმოიდგენდით, რომ მომავალ სეზონში ერთად თამაში მოგიწევდათ?
- ვის არ უნდა მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, საუკეთესო ფეხბურთელის მხარდამხარ თამაში? ეს პრივილეგიაა და მისით დატკბობას ვაპირებ.
- ყოფილ თანაგუნდელებთან განშორებამ გული არ დაგწყვიტათ?
- ვამაყობ იმ ხუთი წლით, პირველიდან ბოლო დღის ჩათვლით, რომელიც "ვალენსიაში" გავატარე. ამ გუნდთან განშორება მორალურადაც რთულია, მაგრამ ვერაფერს ვიზამ. ცვლილებების დრო მოვიდა. ვილიასთან ერთად თუ მის გარეშე, "ვალენსია" ყოველთვის დიდებული გუნდი იქნება.
- გუნდის გამოცვლა ხელფასის გამო გადაწყვიტეთ თუ სხვა მიზეზი გქონდათ?
- ფული თავგზას არასდროს მირევდა და ვფიქრობ, ბოლო წლებში ეს არაერთხელ დავამტკიცე. ფეხბურთელებს არ გვსიამოვნებს, როდესაც ფულზე გვესაუბრებიან.
- არ ნანობთ გასულ წელს "რეალში" რომ არ გადახვედით?
- არა, რადგანაც სინანულის გრძნობა არ მახასიათებს. რაც იყო, იყო. გასულ სეზონში "ვალენსიაში" თამაშით ვტკბებოდი და ამას ყოველ შეხვედრაში ვაჩვენებდი.
- როგორ დაახასიათებთ გოლის ალღოს? ეს შეძენილი ჩვევაა თუ თანდაყოლილი?
- ეს ნიჭია, რომელიც წლებთან ერთად ვითარდება. არის გოლები, რომლებიც ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციების შედეგად გადის, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც თავად გაგვაქვს.
- ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ნაკრების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა?
- ვფიქრობ, კი. ესპანელები, არა მხოლოდ ფეხბურთში, ზოგადად ცხოვრებაშიც აზრს ძალიან ხშირად ვიცვლით.
- უმუშევარი მეგობრები თუ გყავთ, რომლებიც დახმარებას გთხოვენ?
- ცოტა, მაგრამ ეგეთებიც არიან და ხანდახან თანადგომას მთხოვენ. არა მატერიალურ დახმარებას, საბედნიეროდ, ამ პრობლემას თავად აგვარებენ.
- ზაფხულის დასვენება თუ დაგეგმეთ?
- ამაზე ჯერ არ მიფიქრია. ვაპირებ ოჯახის მონახულებას და სხვა რამესაც მოვიფიქრებ.
- ყველაზე მეტად რის გამო იწყენთ?
- მგზავრობით. ძალიან მომაბეზრებელია. ახლა ჩემოდანი ჯერ არ ჩამილაგებია, მაგრამ ვიცი, რომ DVD და ვიდეოთამაშები არ დამავიწყდება.
- მოგვიყევით რაიმე ისტორია არაგონესთან დაკავშირებით...
- ერთხელ, რუსებთან თამაშის წინ, მან გვითხრა, რომ მეტოქის საუკეთესო ფეხბურთელი არშავინი ვერ ითამაშებდა. მისი სიტყვებით, სასტუმროში, სადაც რუსები გაჩერდნენ, ინფორმატორი ჰყოლია. არშავინს ორი ღამე დრო უტარებია და თამაში არ შეუძლიაო. ამან ძლიერ დაგვამშვიდა.
- იქნებ დელ ბოსკეზეც მოგვიყვეთ რამე...
- მის შესახებ ბევრი ისტორია არ ვიცი. ის უფრო სერიოზულია და მასზე ისტორიებს არ მოგიყვებით. სენიორ ლუისზე საუბარი შეიძლებოდა, რადგანაც ჩვენი მწვრთნელი აღარაა (იცინის).
- 3 მიზეზი, რის გამოც ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონი უნდა გახდეს...
- იმიტომ, რომ მსოფლიოს ჩემპიონები არასდროს ვყოფილვართ, მიზნის მისაღწევად ყველაფერი გვაქვს და დიდი გამარჯვებისთვის მზად ვართ.
- მნიშვნელოვან თამაშებს თქვენი მეუღლე და დედა ძლიერ განიცდიან?
- დედა სულ მეუბნება, რომ არავისთან ვიჩხუბო. ცოლი უფრო მშვიდია და მხოლოდ იმას განიცდის, ტრავმას რომ მივიღებ.
- ვის მიანიჭებდით ესპანეთის მოქალაქეობას?
- ლეო მესის. ის ძალიან მშვიდია. მას ყოველთვის აღფრთოვანებული შევცქერი და ამის მიზეზი მაქვს. რასაც ის აკეთებს, ბევრს არ შეუძლია. მის მსგავსად სილვა თამაშობს, მაგრამ მესი მაინც უდიდესი ფეხბურთელია.
- აბა კრიშტიანუზე ამდენს რატომ საუბრობენ? ცხოვრების სტილია მიზეზი?
- ისიც კარგი ფეხბურთელია, მაგრამ საუკეთესო არაა. მე უპირატესობას მესის ვანიჭებ. დავიცადოთ, იქნებ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ესპანელებზე უფრო მეტი ისაუბრონ, ვიდრე მესიზე და რონალდუზე.
- ჩემპიონატზე რას იტყვით?
- ესპანეთი ჩემპიონია, ნახევარფინალში კი ინგლისი და ბრაზილია ითამაშებენ.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა