როგორც წინასწარვე იყო დაანონსებული, ბარსელონაში გუშინ ჩასული დავიდ ვილია გუშინ “კამპ ნოუს” ეწვია, ჯერ სამედიცინო შემოწმება გაიარა, შემდეგ კატალონიელთა რიგებში თამაშის სურვილი ოფიციალურად, ხელმოწერით დაადასტურა და ბოლოს ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების წინაშე წარსდგა.
წინასწარი ინფორმაცია გამართლდა და ვილიამ კატალონიელებს თავისი კარიერის მომავალი 4 წელი დაუკავშირა. კონტრაქტით განისაზღვრა მისი გამოსასყიდი თანხაც – 200 მილიონი ევრო.
კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ ვილიამ კომენტარი გააკეთა: “აქ მოვედი იმისათვის, რომ ჩემს ახალ კლუბს, თუ საჭირო გახდება, სიცოცხლე შევწირო. “ბარსელონას” მაისურის ტარება დიდი პატივი და ახალი ნაბიჯია ჩემს ცხოვრებაში. ჩემი კერპები ყოველთვის იყვნენ ენრიკე კასტრო კინი და ლუის ენრიკე (როგორც ვილია, ისინიც ასტურიელები იყვნენ და “ბარსელონაში” თამაშობდნენ)”.
როგორც მოსალოდნელი იყო, დავიდ ვილია “ბარსელონაშიც” 7 ნომრით ითამაშებს. El Mundo Deportivo-ს ცნობით, ასტურიელის სანახავად “კამპ ნოუზე” 35 ათასი ადამიანი შეიკრიბა. იქვე Barça TV-მ “ბლაუგრანას” ახალწვეულს სახელდახელო ინტერვიუც ჩამოართვა.
- როგორ გრძნობთ თავს “ბარსელონას” წევრის ამპლუაში?
- ცოტას ვნერვიულობ. მე ხომ პლანეტის საუკეთესო კლუბში გადმოვედი. სწორედ ეს მავალდებულებს, ყველაფერი გავიღო “ბლაუგრანას” წარმატებისთვის.
- “ვალენსიას” როგორი გრძნობით დაშორდით?
- სინანულის. “მესტალიას” მხოლოდ “კამპ ნოუზე” თუ გავცვლიდი, სხვა შემთხვევაში ვალენსიას არასდიდებით არ დავტოვებდი.
- ესპანეთის ნაკრებსა და “ვალენსიაში” მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტით გამოირჩევით. ხომ არ შეიცვლება თქვენი შედეგიანობა “ბარსელონაში”?
- “ბარსას” წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებული სიფრთხილით ითამაშებს, რაც გოლების გატანას გამირთულებს, თუმცა, ისეთი ფეხბურთელების პარტნიორობა, როგორებიც ხავი, ბუსკეტსი, მესი, კეიტა, პედრო არიან, მაფიქრებინებს, შედეგიანობა არათუი შემიმცირედება, პირიქით, გამეზრდება.
- ახალ კლუბში ადაპტაციის პრობლემა არ შეგექმნებათ?
- არა. გუნდის წევრების დიდ ნაწილს ვიცნობ, მათთან მშვენიერი დამოკიდებულება მაქვს, ჯერჯერობით უცნობებთანაც საერთო ენის გამონახვა არ გამიჭირდება. იმედია, მალე ერთმანეთს მეგობრებადაც მოვეკიდებით.
- “ბარსელონას” საკუთარ რიგებში თავისსავე საფეხბურთო სკოლის აღზრდილის სესკ ფაბრეგასის დაბრუნება სწადია. რას იტყოდით “ფურია როხას” კიდევ ერთი წევრის პარტნიორობაზე?
- ფაბრეგასი ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც ნებისმიერი ვარსკვლავი ითამაშებდა. სესკი ძალიან ძლიერი მოთამაშე და კარგი მეგობარია.