“მონაკოში” 93 მატჩი და 52 გოლი, “იუვენტუსში” 245 მატჩი და 171 გოლი, საფრანგეთის ნაკრებში 71 მატჩი და 34 გოლი – ასეთი დონის ფორვარდი ჰყავს ესპანეთის პრიმერადივიზიონის მოკრძალებულ “ერკულესს”. 33 წლის დავიდ ტრეზეგე ალიკანტეს გუნდშიც არ ივიწყებს ხელობას, ასაკის მიუხედავად, 10 “ესპანური” გოლი (24 შეხვედრაში) უკვე “გამოაცხო”.
არგენტინელ-ფრანგმა ფორვარდმა goldenfoot-ს ინტერვიუ მისცა:
- მთავარით დავიწყოთ, ვის თვლით თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელად?
- დარწმუნებული ვარ, ლეო მესის ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ დამსახურებულად ატარებდეს ამ სტატუსს.
- და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?
- ულაპარაკოდ, დიეგო მარადონა ყველაზე მაღალ დონეზე თამაშობდა ფეხბურთს. ის ისეთ ამბებს სჩადიოდა, რასაც მის შემდეგ ვერავინ აკეთებს.
- არაერთი ტოპ-მცველის წინააღმდეგ გითამაშიათ. ყველაზე მეტ პრობლემას ვინ გიქმნიდათ?
- კარიერის უდიდესი ნაწილი იტალიაში გავატარე და ალბათ, ამიტომაც მივანიჭებ უპირატესობას ორ მცველს - ალესანდრო ნესტასა და პაოლო მალდინის. ისინი საუკეთესოები იყვნენ, ვის წინააღმდეგაც მითამაშია.
- და თანაგუნდელი მცველებიდან ვის გამოარჩევდით?
- ლილიან ტურამსა და ფაბიო კანავაროს. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში შეეძლოთ გუნდში განწყობის შექმნა და ლიდერობა.
- 11 წელი გაატარეთ “იუვენტუსში” და ბევრი ტოპ-ფეხბურთელი ყოფილა თქვენი პარტნიორი. ყველაზე მეტად რომელი მათგანი მოგწონდათ?
- მაურო კამორანეზი ბრწყინვალე პარტნიორი იყო, მაგრამ უნდა დავასახელო პაველ ნედვედი და ზლატან იბრაჰიმოვიჩიც. და რა თქმა უნდა, ალესანდრო დელ პიერო – ჩვენ უამრავი გოლი გაგვქონდა ერთად თამაშისას.
- “იუვეში” 245 მატჩში ჩაატარეთ და 171 გოლი შეაგდეთ, იგებდით სკუდეტოებს, იტალიის თასს, 2003 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგეთ “მილანთან”. ამჟამად, იტალიაში სამი გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის და რომელს მიანიჭებდით უპირატესობას – “მილანს”, “ნაპოლის” თუ “ინტერს”?
- ერთი თვის წინ 100-პროცენტიანი გარანტიით გეტყოდით, რომ “მილანი” მოიგებდა. ახლა კი “ნაპოლი” და “ინტერიც” ძალიან ძლიერები არიან. ახლაც ვფიქრობ, რომ “როსონერი” მოიგებს, თუმცა ნეაპოლელებსაც აქვთ კარგი შანსი.
- სწორედ ნეაპოლში დაიბადა ანტონიო კალიენდო, რომელიც გოლდენ ფოოტ-ის მენეჯერი და თქვენი პირადი კონსულტანტია.
- სიმართლე გითხრათ, ამ ზამთარში “ნაპოლიში” გადასვლა შემეძლო. მარადონას გამო, ეს კლუბი ყოველთვის მომწონდა. მშვენიერი იქნება, თუ “ნაპოლიში” მომავალი სეზონიდან ვითამაშებ. ვეზუვიანელები ძალიან კარგად გამოიყურებიან, სკუდეტოს მოგება შეუძლიათ და ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებენ.
- ეს თქვენთვის ისეთივე სასიამოვნო სიურპრიზი იქნება, როგორც თავის დროზე “მონაკოში” თამაში?
- დიახ. მაშინდელ დროს სულ ვიხსენებ. “მონაკოში” დამაფასეს და პირველივე დღიდან მივხვდი, რომ განვითარების შანსს მაძლევდნენ. თანაც, გუნდში თამაშობდნენ მარკო სიმონე, ლუდოვიკ ჟიული, ფაბიენ ბარტეზი და სხვები. “მონაკოში” საჭირო მომენტში მოვხვდი. ახალგაზრდა ვიყავი და არ ველოდი, ასე მალე თუ მოვიდოდა წარმატება.
- 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონობას გულისხმობთ?
- დიახ. ევრო-2000-ის მოგებასაც.
- როგორ აეწყო იმ დროს თქვენი საქმეები? და რატომ არჩიეთ საფრანგეთის ნაკრები არგენტინისას?
- არგენტინა ჩემი სამშობლოა. არგენტინელები ჩემი ხალხია, მაგრამ საფრანგეთმა მომცა ყველაფერი, რაც ფეხბურთელს განვითარებაში ხელს უწყობს. თანაც, ეს მივიღე მოკლე დროში. მაშინ “მონაკოს” ჟან ტიგანა წვრთნიდა და ახალგაზრდული გუნდიდან მე ამიყვანა. ჟერარ ულიემ საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებში გამომიძახა, ხოლო მალე ემე ჟაკემ დამიძახა ეროვნულ ნაკრებში. “მონაკოში” გადასვლიდან სამ წელიწადში ტოპ-მოთამაშე გავხდი, ეს კი ნებისმიერი ფეხბურთელის მიზანია.
- 250 გოლი გაგიტანიათ. რომელი იყო საუკეთესო?
- ბევრი ფიქრობს, რომ 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გატანილ გოლს ვიტყვი (დამატებით დროში “ოქროს გოლი” იტალიასთან და 2:1), მაგრამ ასე არაა. ყველაზე ლამაზად მახსენდება 2004-2005 წლების სეზონში “მილანის” კარში გატანილი – დელ პიერომ ფანტასტიკური კროსი განახორციელა, მე კი დიდას თავური დავურტყი და შევაგდე. ძალიან გამიხარდა იმ მატჩის და მთლიანად ჩემპიონატის მოგება.
- სკუდეტო 2006 წელსაც მოიგეთ, მერე კი იყო მუნდიალი. ფინალი წააგეთ იტალიასთან – ძალიან ცუდად გრძნობდით თავს?
- დიახ. ნაკრების მწვრთნელ რაიმონ დომენეკთან საშინელი ურთიერთობა მქონდა, ფინალში პენალტების სერიაში ვერ გავიტანე, თანაც, ჩემს თანაგუნდელ ჯანლუიჯი ბუფონის კარში. სასწაულად ვიყავი, რადგან მწვრთნელისგან დაუფასებლობასაც ვგრძნობდი. “იუვენტუსში” მშვენიერი სეზონის შემდეგ, დარწმუნებული ვიყავი, რომ დომენეკი მეტ ყურადღებას მომაქცევდა.
- ახლა “ერკულესში” ხართ და პრიმერაში 10 გოლი გაიტანეთ. ბევრს ლაპარაკობენ ტრეზეგეს იტალიაში შესაძლო დაბრუნებაზე.
- “ერკულესში” ვთამაშობ და ჩემი მიზანია, გუნდი პრიმერადივიზიონიდან არ გავარდეს. იტალიაში დაბრუნება შესაძლებელია, რატომაც არა?!
ილია ნანობაშვილი