ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთმა ლიდერმა – დავიდ სილვამ, ფიფას ოფიციალურ საიტთან საუბარში ტრიუმფალური სეზონი შეაჯამა, იტალიასთან ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში (4:0) თავისი გოლი გაიხსენა და სამომავლო გეგმებზე გააკეთა კომენტარი.
- თქვენთვის ევროპის ჩემპიონატი ბრწყინვალე გამოვიდა – ტიტული მოიპოვეთ, ფინალში თავი გოლით გამოიჩინეთ... მეტზე თუ გიოცნებიათ?
- ძნელად თუ ვიოცნებებდი. გამიმართლა, რომ იტალიელთა კარის აღება შევძელი. ამით, თამაშის მიმდინარეობა ჩვენს სასიკეთოდ შეიცვალა. ვიცოდით, რომ ანგარიშის გახსნა უმნიშვენლოვანესი იყო და ამისთვის ფინალამდე ვემზადებოდით. ამიტომაც იყო, რომ თამაში აქტიური შეტევით დავიწყეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.
- ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე ტანდაბალმა ფეხბურთელმა თავით გაიტანა...
- ჩემს სიმაღლეს ნუ გამახსენებთ (იღიმის). უბრალოდ, საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდი. შეტევის განვითარებამ მაგრძნობინა, რომ ოდნავ უკან უნდა დავრჩენილიყავი და ფაბრეგასის გადაცემას დავლოდებოდი. ყველაფერი წამებში მოხდა, თანაც ისე, როგორც ვფიქრობდი.
- ფინალური მატჩის სცენარი ერთობ მოულოდნელი გამოვიდა...
- დიახ. ჩვეულებრივ, ფინალებში რთული და თანაბარი თამაშები იმართება. ხშირად, მათ ბედს ერთი გოლი, ან რომელიმე მცირე დეტალი წყვეტს. ვიცით, რომ ასეთი მატჩების დიდი ანგარიშით მოგება ადვილი არაა. შესაძლოა, ამიტომაც იყო, რომ მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ასე გვიხაროდა.
- ევროპირველობაზე, იტალიამ საკმაოდ გახსნილი თამაში აჩვენა. ეს დაგეხმარათ?
- ვფიქრობ, დიახ. ამან დავალება ნამდვილად გაგვიიოლა. როდესაც მეტოქე ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს, მიზნის მიღწევა გაცილებით რთულია. ეს დიდ მოთმინებას და სიმშვიდეს ითხოვს. ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე ვიცოდით, რომ იტალიელები შემტევ ფეხბურთს გვეთამაშებოდნენ. ამისთვის მზად ვიყავით.
- რა განსხვავება იყო ფინალში და ჯგუფურ ეტაპზე მოთამაშე იტალიის ნაკრებს შორის?
- ტრადიციულად, ტურნირის საწყის ეტაპზე, ნაკრებები თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს არ აჩვენებენ. შესაძლოა, ამიტომაც იყო, რომ ჩვენს პირველ დაპირისპირებაში შედარებით ჩაკეტილი თამაში იხილეთ. მაშინ, იტალია დიდ ყურადღებას დაცვას უთმობდა. რაც შეეხება ფინალს, აქ იტალიელები გაცილებით სწრაფ ტემპში თამაშობდნენ.
- ამდენი წარმატებების შემდეგ, როგორ ახერხებს ესპანეთის ნაკრები მოტივაციის შენარჩუნებას?
- ყოველთვის დიდი გამარჯვებებისთვის ვიბრძვით, ასე რომ, მოგების სურვილი ყოველთვის ჩვენთანაა. ამაშია ფეხბურთის ხიბლი. ესპანეთის ნაკრები ყოველ ახალ ტურნირს მშიერი ხვდება, მშიერი იქამდე, სანამ ტიტულს არ მოიგებს. მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები არც ცალკეულ ფეხბურთელებს გვაქვს. ესპანეთის ნაკრებში ყოველი ახალი თაობა წინაზე ძლიერია და ყოველთვის ვიცით, რომ თუკი კარგად არ ვითამაშებთ, უმალვე სხვა შეგვცვლის.
- თქვენთვის, სეზონი ძალზე წარმატებული გამოვიდა – ევროპის ჩემპიონობასთან ერთად, ინგლისის პრემიერლიგაც პირველ ადგილზე დაასრულეთ...
- დიახ, გრძელი და რთული სეზონი იყო, მაგრამ წარმატებულად დასრულდა. ისეთ დიდ კლუბებს ვებრძოდით, როგორებიც “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი” და “არსენალი” არიან. ისინი მუდამ ტიტულებისთვის იბრძვიან, მაგრამ, ამჯერად, ჩვენ მათ ზევით მოვექეცით. ახლა, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. იმედია, მომავალ სეზონში, სულ მცირე, ერთ ტიტულს მაინც მოვიგებთ.
- ამბობენ, რომ თქვენით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული...
- “მანჩესტერ სიტი” ჩემი სახლია. აქ ყოფნით სავსებით კმაყოფილი ვარ. ჩემი გეგმები მხოლოდ ამ კლუბს უკავშირდება. “სიტის” მადლობელი ვარ, რადგან ისინი უფრო მაღალ დონეზე ასვლაში დამეხმარნენ. სადღეისოდ, შვებულებაში ვარ, მაგრამ ჩემი წარმომადგენლები “ქალაქელებთან” ახალი კონტრაქტის დეტალებზე თათბირობენ. ვფიქრობ, ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში გავახანგრძლივებ.
- ბოლოს, ინგლისის ნაკრებზე გკითხავთ, სადაც თქვენი არაერთი თანაგუნდელი თამაშობს. რა არის ამ ნაკრების მორიგი წარუმატებლობის მიზეზი?
- უმაღლესი კლასის გუნდია, მაგრამ არ უმართლებთ. ინგლისის ნაკრებს ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებმაც საკლუბო დონეზე არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგეს. ვფიქრობ, ერთხელაც, ინგლისელები დიდ წარმატებას მიაღწევენ. ეს მხოლოდ დროის საკითხია.
მოამზადა ირაკლი ჯაფარიძემ