მსოფლიოს ყოფილმა მესამე ჩოგანმა, 30 წლის არგენტინელმა ჩოგბურთელმა დავიდ ნალბანდიანმა დევისის თასის ოფიციალური საიტის წარმომადგენელს ბლიც-ინტერვიუ მისცა, რომელშიც კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებსა და ჰობიზე ისაუბრა:
- მეტსახელი თუ გაქვთ?
- “გრინგო”, რადგან გარეგნულად მამსგავსებენ.
- ჩოგბურთელი რომ არ გამხდარიყავით, რა პროფესიას აირჩევდით?
- არ ვიცი, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სპორტსმენი ვიქნებოდი.
- ყველაზე ხშირად რომელ საიტზე შედიხართ?
- არგენტინული გაზეთების საიტებზე.
- რომელ მიღწევას დაასახელებდით ყველაზე მნიშვნელოვნად თქვენი კარიერის განმავლობაში?
- 2005 წლის, შანხაის შემაჯამებელი ტურნირის მოგებას.
- თქვენს შესახებ რომ ფილმი გადაიღონ, მთავარ როლში ვის ხილვას ისურვებდით?
- რობერტ დე ნიროს ან ჯეკ ნიკოლსონის.
- თავისუფალ დროს რას აკეთებთ?
- სანამ ATP-ტურში ვარ, მთელ თავისუფალ დროს ჩოგბურთს ვუთმობ. როცა არგენტინაში ვარ, სახლში ვარ და მეგობრებთან ერთად ვისვენებ.
- დასვენების დღეებში?
- სიმართლე გითხრათ, დასვენების დღე კარგა ხანია არ მქონია. თუმცა შაბათ-კვირას დიდი სიამოვნებით ვითევზავებდი არგენტინაში.
- დევისის თასზე ასპარეზობისას ყველაზე ემოციური ატმოსფერო რომელ ქალაქში სუფევდა?
- ბუენოს-აირესში.
- ცნობილი ადამიანებიდან ვისთან მეგობრობთ?
- დიეგო მარადონასთან, ლიონელ მესისთან და რაფაელ ნადალთან.
- რომელ კოპოზიციას აირჩევდით კარაოკეში სამღერად?
- სიმღერა არც ისე კარგად გამომდის, თუმცა, ანდრეს კალამაროს რეპერტუარიდან ავირჩევდი რაიმეს.
- წინასამატჩო რიტუალი ან ჩვეულება გაქვთ?
- მატჩის წინ, დეტალურად ვამოწმებ ჩოგნის მდგომარეობას.
- ბოლოს რომელი სიმღერა გადმოიწერეთ?
- არ მახსენდება.
- სამ უდიდეს ისტორიულ ფიგურასთან რომ შემოგთავაზონ სადილი, ვის აირჩევდით?
- ნელსონ მანდელას, ნაპოლეონსა და ალექსანდრე მაკედონელს.
- დევისის თასთან დაკავშირებულ რომელ მომენტს დაასახელებდით საუკეთესოდ თქვენს კარიერაში?
- საუკეთესო მომენტი მაშინ დადგება, როცა დევისის თასს დავისაკუთრებთ!
- და ყველაზე ცუდი მომენტი?
- 2008 წელს, მარ-დელ-პლატში გამართული ფინალური მატჩი, როდესაც ესპანეთის ნაკრებთან დავმარცხდით.
- გვიამბეთ ისეთი რამ თქვენს შესახებ, რაც არავინ იცის…
- პატარა სოფლიდან ვარ და ყველაფერს გავიღებდი, რომ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად შინ ვყოფილიყავი და ბარბექიუ მომემზადებინა.
მოამზადა რუსუდან ჭუმბურიძემ