სპორტკომპლექს “არენაში” საჭიდაო დღეები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დახურეს, დარჩენილი სამი წონითი კატეგორიით. დღეს საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები 60, 74 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. 7-9 დეკემბერს წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 11 საათიდან იწყებოდა, 11 დეკემბრისთვის კი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ სხვა ქალაქებიდან და რაიონებიდან ჩამოსული მონაწილეების თხოვნა გაითვალისწინა და შეჯიბრებაც 10 საათიდან გახურდა. წინასწარვე გადაწყდა, რომ არც შესვენება გამოცხადდებოდა ფინალური ბლოკის წინ, მაგრამ იძულებით პაუზას და შესაბამისად, ტურნირის გაწელვას მაინც ვერ ავცდით.
ფინალისტები გამოვლინდნენ და ბრინჯაოსთვის დასაყვანი შეხვედრები იწურებოდა, როდესაც “არენაში” შუქი ჩაქრა. დაახლოებით ნახევარსაათიანი ამაოდ ლოდინის შემდეგ, ორგანიზატორებმა მოჭიდავეებს ერთ ხალიჩაზე მაინც უხმეს და ორი ბრძოლა ხელის წამზომით ჩაატარეს.
ჯერ ელექტროტაბლოს მუშაობისას არ აკლდა ჩემპიონატს მსაჯების გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო ხალხის მიერ ხმამაღლა გამოთქმული პროტესტი და უშუქობისას ხმაურს აბა როგორ ავცდებოდით. 96 კილოგრამი წონითი კატეგორიის რეპეშაჟის ნახევარფინალი, ბექა ქურცაძესა და ამირან ზარნაძეს შორის ფრედ 4:4 დასრულდა. ეს ანგარიში ხელს ქურცაძეს აძლევდა. ბოლო წამები ისე ჩაჭიდავდა, ზარნაძის მხარე პასიური მეტოქის გაფრთხილებას ითხოვდა. ვიდრე ხალიჩაზე გასაპროტესტებელ კვადრატს შეაგორებდნენ, მსაჯთა მაგიდიდან შეხვედრისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შესახებ გაისმა შეძახილი და მტყუან-მართლის გარჩევას სულ ცოტა 20 წუთი დასჭირდა. პროტრესტმა შედეგი არ გამოიღო.
ადვილი წარმოსადგენია, რა ამბები დატრიალდებოდა, მედლებისთვის შეხვედრებიც შუქის და ტაბლოს გარეშე რომ ჩატარებულიყო, მაგრამ საბედნიეროდ, რეპეშაჟის ფინალების წინ დარბაზი განათდა. ფინალური ბლოკის დასრულებამდე შუქი ერთხელაც გაითიშა, მაგრამ მხოლოდ ათიოდ წუთით, მაშინ, როდესაც ნაკრების მწვრთნელთა ჯგუფის მოთხოვნით ერთმანეთს მესამე ადგილზე გასული მოჭიდავეები ხვდებოდნენ.
პროტესტი და ხანგრძლივი ვიდეოგარჩევები განათებულ დარბაზშიც არც თუ იშვიათობა იყო. რამდენიმეჯერ, მსაჯების საბოლოო გადაწყვეტილების მომლოდინე მოჭიდავეებმა მოსაცმელიც კი მოირგეს, რომ არ გაციებულიყვნენ. სამწუხაროდ, ოთხდღიანი ჩემპიონატი ისე გაილია, დარბაზის სათანადოდ გათბობა აუსრულებელ ოცნებად დაგვრჩა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში შიდა კონკურენციაში 18 მოჭიდავე ჩაერთო და მათ შორის საუკეთესო ქუთაისელი ლაშა გოგიტაძე აღმოჩნდა. საქართველოს 2012 წლის ჩემპიონი ამჯერად ოქროს გზას თემურ კვაჭაძის ძლევით (6:0) შეუყვა. მეოთხედფინალში შარშანდელი ფინალი განმეორდა და გოგიტაძემ ქემალ ხარაბაძეს ისევ აჯობა (5:1). შემდეგ ჭაბუკთა ნაკრების წევრს, ევროპის ვერცხლისა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ (58 კილოგრამში) ლევან ქავჟარაძეს 7 უპასუხო ქულით გასცდა. ფინალში კი გამოცდილი ზვიად ოქრაძე საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, 2:2 დასრულებული პირველი პერიოდის შემდეგ, მეორე სამწუთეულშიღა გატეხა – 9:2.
ბრინჯაოს მედლებს ხარაბაძე და რამაზ სურმანიძე დაეუფლნენ. ამჯერად სამეულს მიღმა დარჩა შარშანდელი ბრინჯაოსანი ირაკლი ჭოჭუა, რაც ქავჟარაძის დამსახურებაა (10:2 - მეოთხედფინალში).
74 კილოგრამშიც მოქმედი ჩემპიონი ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე – ევროპის ვერცხლის პრიზიორ ზურაბ დათუნაშვილს ყველაზე მეტად პირველ შეხვედრაში გაუჭირდა, ილია გულბათაშვილთან – 4:0 მოგებული პირველი პერიოდის შემდეგ 3 ქულა დაკარგა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. დარჩენილ სამ მეტოქეს კი საკმაოდ ადვილად გაუსწორდა. გიორგი ჯავახიას 11:2 მოუგო, ზურაბ ცინცაძეს – 7:1, ფინალში კი გოგა აფრიამაშვილს 8 ქულა აუღო, ისე, რომ თავად ერთიც არ დაუთმია.
მესამე ადგილები გულბათაშვილმა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა მანუჩარ ცხადაიამ დაიკავეს. ამ უკანასკნელმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, აფრიამაშვილთან წაგებით (2:4). ცხადაიამ მეოთხედფინალშიც ბეწვის ხიდზე გაიარა – ზურაბ დათუნაშვილის ძმას, გიორგის პროტესტებით და ვიდეოგარჩევებით დახუნძლულ ბრძოლაში 5:4 სძლია.
საქართველოს შარშანდელ ჩემპიონთაგან დღეს ტიტულის შენარჩუნება მხოლოდ იოსებ ჯაბიძემ (96 კგ) ვერ შეძლო. არადა მიზანთან ძალიან ახლოს იყო. ბაღდადელმა ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ამჯერად ვერცხლს დასჯერდა. ოქროს კი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი, რუსთაველი ვასილ იმერლიშვილი დაეუფლა. ფინალის გზაზე აკაკი კანდელაკი (7:0), არსენ კახაბრიშვილი (7:0) და მიხეილ ქაჯაია ჩამოიშორა. იოსებ ჯაბიძეს კი მინიმალური ანგარიშით მოგებული პირველი პერიოდის შემდეგ 6 ქულა აუღო და საქმე ვადაზე ადრე მოუმთავრა.
აქვე ერთი საინტერესო დეტალიც, ლაშა გოგიტაძე, ზურაბ დათუნაშვილი და ვასილ იმერლიშვილი შეჯიბრებაზე პირველ ნომრად იყვნენ განთესილები.
ევროპის 2014 წლის ჩემპიონატზე წამსვლელი ქართული შვიდეული დიდი ალბათობით საქართველოს ჩემპიონებით დაკომპლექტდება.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი. 10 დეკემბერი
60 კგ
1 ლაშა გოგიტაძე (ქუთაისი)
2 ზვიად ოქრაძე (აჭარა)
3 რამაზ სურმანიძე (აჭარა)
3 ქემალ ხარაბაძე (აჭარა)
74 კგ
1 ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
2 გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი)
3 მანუჩარ ცხადაია (ხობი)
3 ილია გულბათაშვილი (თბილისი)
96 კგ
1 ვასილ იმერლიშვილი (რუსთავი)
2 იოსებ ჯაბიძე (ბაღდათი)
3 არსენ კახაბრიშვილი (გარდაბანი)
3 ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო)