საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი დათუნაშვილი სამწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის თბილისის "ოქროს გრან-პრის" ტურნირის მეოთხედფინალში, ირანელ საეიდ აბდვალისთან შეხვედრაში მსაჯობით უკმაყოფილო გიორგი დათუნაშვილმა ხალიჩის მსაჯზე გაიწია, ხოლო მას შემდეგ, რაც უკან არც არბიტრმა დაიხია და მოჭიდავეს ხელი ჰკრა, დათუნაშვილმა ცხვირში მუშტი უთავაზა და სისხლი ადინა. ამ ეპიზოდს რამდენიმეწუთიანი გუნდური გარჩევები მოჰყვა. სიტუაციის დარეგულირების შემდეგ, წესრიგის დამრღვევი სპორტსმენი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ხოლო ნახევარფინალისტად აბდვალი გამოცხადდა.
ტურნირის დასრულების შემდეგ, ჭიდაობის ფედერაციამ დათუნაშვილის არასპორტულ საქციელზე იმსჯელა და მას 3 წლის განმავლობაში ოფიციალურ ტურნირებში ჭიდაობა და საქართველოს ნაკრებში ვარჯიში აეკრძალა. ფედერაციის მესვეურთა თქმით, დათუნაშვილი სამუდამო დისკვალიფიკაციას იმსახურებდა, მაგრამ ვინაიდან კარიერაში მსგავსი შემთხვევა პირველად ჰქონდა, მხოლოდ სამწლიანი აკმარეს.