ბლოგი

12:01 | 4.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დასრულებული ესპანური ზღაპარი

ყველაზე ლამაზი ზღაპარიც კი ადრე თუ გვიან მთავრდება. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული – ეს მარტივი და გაცვეთილი ჭეშმარიტებები კონფედერაციათა თასის ფინალმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო და დაადასტურა. ბრაზილიამ ესპანეთს დაახლოებით ის უქნა, რასაც ბრაზილიური სერიალების დადებითი გმირები უარყოფით გმირებს უკეთებენ ხოლმე სერიალების ბოლო სერიებში. თუმცა, რამდენადაა ესპანეთის ერთ დროს ძლევამოსილი ნაკრები “უარყოფითი გმირი” – ეს, რა თქმა უნდა, საკამთო ამბავია.

ფინალში გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების სიცოცხლეშივე ლეგენდებად ქცეულმა ჩავიმ, კასილიასმა და ინიესტამ განაცხადეს, რომ ესპანეთის ნაკრებიდან წასვლასა და გზის ახალგაზრდებისთვის დალოცვას აპირებენ. მე თუ მკითხავთ, ამ ხალხს ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ შარშან, ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფალურად ჩატარების შემდეგ უნდა მიეღოთ. ბევრად ჯობია ემე ჟაკესავით გამარჯვებული და თავაწეული წახვიდე, ვიდრე მარცხნაჭამი და მოწინააღმდეგისგან ნაგვემი.

ამ მარცხით ესპანეთის ნაკრების უძლეველობის მითი, რასაკვირველია, დაინგრა, მაგრამ ოდნავადაც კი არ გაფერმკრთალებულა ის საქმენი საგმირონი, რაც “ფურია როხამ” უკანასკნელი 6-7 წლის განმავლობაში ჩაიდინა. ესპანელმა ფეხბურთელებმა საკუთარი ქვეყნის ფეხბურთის ისტორიის ყველაზე ნათელი წლები შექმნეს და ეს იყო ის თაობა, რომლის მსგავსიც ესპანეთის სამეფოს არასოდეს ჰყოლია. ჰოდა, რაკი ვთანხმდებით, რომ ყველაფერი იწყება და სრულდება, ესპანელთა ლამაზი ზღაპარიც უნდა დასრულებულიყო და დასრულდა კიდეც.

...და ბრაზილია. კონფედერაციათა თასის წინ, ვისაც კი მიკროფონი მიაწოდეს და პირთან დიქტოფონი ჩაურთეს, ლამის ყველა იძახდა, რომ ბრაზილიისთანა დიადი ისტორიის მქონე საფეხბურთო ქვეყანას მთავარ თავდამსხმელად ფრედის დაყენება არ ეკადრებოდა და ეს ბრაზილიის დიდ კრიზისზე მეტყველებდა. ნეიმარსაც ბევრი მოკრიტიკე ეხვია თავს და არც სხვა ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელების მიმართ იყო განსაკუთრებულათ ნდობით აღვსილი ატმოსფერო. მაგრამ, მათაც კი, ვისაც პელეს, შემდგომ ზიკოსა და იმის შემდგომ - რონალდოს ბრაზილიის ნაკრებები ახსოვს - აღიარეს, რომ დღევანდელი ბრაზილიის ეროვნული ნაკრები გინდა თამაშის ხარისხითა და გინდა პოტენციელით, ნამდვილად დაუდგება გვერდში “სელესაოს” დიად თაობებს. ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით გასახარია, რომ მათმა საყვარელმა გუნდმა თავისი სათქმელი ბრაზილიელთათვის ისტორიული მუნდიალის წინ თქვა.

ფრედმა ყველას დაანახა, რომ მის მიმართ გამოთქმული ქილიკი და კრიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, უსაგნო იყო და ამ ბიჭს ჯერ კიდევ შეუძლია იმ დონის ფეხბურთის თამაში, რა დონესაც “სელესაოს” მაისური და ამ ნაკრების ისტორია იმსახურებს. ეს განსაკუთრებით ფინალური მატჩის დროს გამოჩნდა, როდესაც ფრედმა და მისმა თანაგუნდელებმა პრაქტიკულად უშანსოდ დატოვეს ესპანეთის ერთ დროს უძლეველი გუნდი და მომდევნო წელს გასამართ მუნდიალზე საკუთარი წარმატებების განაცხადი ხმამაღლა გააკეთეს.

ვინ-ვინ, და ბრაზილიელები ალბათ ყველაზე რთულად გადაიტანენ, მათ სამშობლოში სხვა ქვეყნის ნაკრები (მით უმეტეს, თუკი ეს სამხრეთ ამერიკის რომელიმე გუნდი იქნება) რომ გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი. ბრაზილიელებს მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატიდან მსგავსი მწარე გამოცდილება უკვე აქვთ და ალბათ ყველაფერს იზამენ, რათა ასეთი რამ აღარ განმეორდეს. მაგრამ, მხოლოდ სურვილით ვის რისთვის მიუღწევია?! ბრაზილიელები ცდას და მონდომებას არ აკლებენ. ეს ხალხი ფუტკარივით შრომობს მომავალი წარმატების მისაღწევად. რა გამოვა აქედან - სულ მალე ვნახავთ...

 

0.109435