ინტერვიუები

10:31 | 13.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

დარიო სრნა: “განსაკუთრებით ესპანეთს გამოვყოფ”

გასულ კვირას დონეცის “შახტარმა” “მეტალურგს” 1:0 სძლია და მოპოვებული 3 ქულით ლიდერ კიევის “დინამოს” დაეწია. დედაქალაქური გუნდი დონეცკელებს მხოლოდ პოტენციურად უსწრებს, რადგან მასზე ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული. “მეტალურგთან” გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს “შახტარის” ფეხბურთელმა, ხორვატმა დარიო სრნამ უპასუხა. მას შემდეგ, რაც ბალკანელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჩვენს ეროვნულ გუნდთან მოხვდნენ, ხორვატი ფეხბურთელებისადმი ჩვენი ინტერესი გაიზარდა და დღეს სრნასთან ინტერვიუ გვსურს შემოგთავაზოთ.
“ეს ნამდვილი დერბი იყო. “მეტალურგს” კარგი გუნდი ჰყავს, რომელსაც სათავეში კარგი მწვრთნელი უდგას. წინასწარ ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. “დინამომ” “ილიჩივეცთან” დაკარგა ქულები, რაც ოქროს მედლებისთვის ბრძოლას გაგვიადვილებდა. “მეტალურგთან” მატჩის პირველი ტაიმი ორივე გუნდმა კარგად ჩაატარა, მეორეში კი უპირატესობას მეტოქე ფლობდა. ჩვენ გვაკლდა სწრაფი ნახევარმცველი უილიამი, რომელიც ტრავმირებულია”, - განაცხადა დარიომ თანაქალაქელთა მატჩის რეზუმირებისას.
- “შახტარმა” ზედიზედ მეორე თამაში მოიგო მინიმალური სხვაობით...
- მაინც რამდენის გატანაა საჭირო მოსაგებად? მთავარია, გავიტანოთ მეტოქეზე ერთით მეტი. სამი ქულისთვის ესეც საკმარისია. ყოველთვის კმაყოფილი ვარ, როდესაც გუნდი იგებს.
- 24 მარტს დონეცკის “მეტალურგს” უკვე უკრაინის თასის ნახევარფინალში შეხვდებით.
- ახლა მთავარია ჩემპიონატში “მეტალისტის” დამარცხება. მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანია როგორც ჩემპიონატის, ასევე თასის მოგება.
- ჩემპიონატში მეორე ადგილის დაკავება მარცხის ტოლფასია?
- დიახ, ჩვენ მხოლოდ ოქროს მედლები გვსურს.
- ვის ქომაგობთ მსოფლიოს ჩემპიონატზე?
- ამაზე არ ვფიქრობ. ჯერ მხოლოდ მარტია, მუნდიალი კი ივნისში იწყება. სამხრეთ აფრიკაში არც ხორვატია თამაშობს და არც უკრაინა. ვუქომაგებ იმ გუნდს, რომელიც ლამაზ ფეხბურთს ითამაშებს. განსაკუთრებით ესპანეთს გამოვყოფდი.
- უეფას თასის მოგების შემდეგ პრესამ ხან “ბარსელონაში” “გაგყიდათ”, ხან “ბაიერნში”, ხანაც “ჩელსიში”. უკრაინაში სეზონის დასრულების შემდეგ კვლავ დაიწყება საუბრები თქვენი მომავლის შესახებ?
- იმედი მაქვს არა (იცინის). უმჯობესია ტრანსფერებთან დაკავშირებული შეკითხვებით პრეზიდენტს მიმართოთ.
- რომელი ევროპული ჩემპიონატი გიზიდავთ?
- ესპანეთის და ინგლისის ჩემპიონატები.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა
 

0.116479