საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები რევაზ ლაშხი და მანუჩარ ცხადაია ევროპის მომავალ ჩემპიონატზე მშობლიურ წონით კატეგორიებზე თითო წონით მაღლა იჭიდავებენ. 10-11 მარტს ბელგრადულ ლეიბზე გასაყვანი შემადგენლობა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ “მსოფლიო სპორტს” დღეს დაუსახელა.
განაცხადში შეყვანილი შვიდი სპორტსმენიდან ხუთში დარჩიამ არჩევანი საქართველოს ჩემპიონებზე შეაჩერა. შეგახსენებთ, დეკემბერში სპორტკომპლექს “არენაში” ჩატარებულ ჩატარებულ ტურნირზე ლაშხმა და ცხადაიამ სწორედ ახალ წონებში იჭიდავეს და პირველობა არავის დაუთმეს. ნაკრების თავკაცმა ბელგრადულ სიაში ასევე შიდა კონკურენციის ოქროსმედალოსნები: ირაკლი ჭოჭუა (60 კგ), იოსებ ჯაბიძე (96 კგ) და გურამ ფერსელიძეც (120 კგ) შეიყვანა. 55 და 84 კილოგრამებში კი სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. უმსუბუქეს წონაში საქართველოს დროშის ქვეშ ქემალ ხარაბაძე გამოვა, ხოლო 84 კილოგრამში – ნაკრების გამოცდილი წევრი ვლადიმერ გეგეშიძე.
“რევაზ ლაშხს ევროპირველობის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირები ელის და ამიტომ გადავწყვიტეთ, ამჯერად ზედმეტი წონის კლებით არ დაგვეტვირთა. ამასთან, 66 კილოგრამშიც დაამტკიცა თავისი ძალა შიდა კონკურენციაში. მანუჩარ ცხადაიას ოლიმპიური ლიცენზია უკვე განაღდებული აქვს, მაგრამ მაინც დავრთეთ ნება, 74 კილოგრამში იჭიდაოს. უკვე დიდი ხანია, თავად სურს ამ წონაში თავის გამოცდა. საქართველოს პირველობებზე ყველას დაანახა, რომ შეუძლია, ახლა კი საერთაშორისო დონეზე შეეცდება წარმატების მიღწევას. 74 კილოგრამის ლიდერი მანუჩარ კვირკველია კი ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირებისთვის ემზადება და მისი ევროშემადგენლობაში შეყვანა საჭიროდ არ ჩავთვალეთ” – განაცხადა ბეგი დარჩიამ.
წინასატურნირო ბორჯომულ დასკვნით შეკრებას ბერძენ-რომაელები 7 მარტს დაასრულებენ, ბელგრადში კი 8-ში გაემგზავრებიან. 10 მარტს ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები 55, 60, 96 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, ხოლო 11 მარტს – 66, 74 და 84 კილოგრამებში.
ოთარ მაღლაკელიძე