საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბეგი დარჩიამ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ჩასატარებელი ევროპირველობისთვის მოსამზადებელი ციკლის დასკვნით შეკრებას, ქართველი კლასიკოსები დუშეთის სპორტკომპლექსში გადიან. შეკრების დასრულებამდე სამიოდე დღით ადრე, დარჩიამ საკონტროლო შეხვედრები ჩაატარა და კანდიდატთაგან წონითი კატეგორიების ლიდერები გამოავლინა.
“ყველაზე თანაბარი სიტუაცია 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში იყო და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, ევროპის ჩემპიონატზე ანტონ მამაგეიშვილი ვაჭიდავოთ. 55 კილოგრამში ლეიბზე ლაშა გოგიტაძე გავა, 60-ში – რევაზ ლაშხი, 74-ში – მანუჩარ კვირკველია, 84-ში - მათე სოფაძე, 96-ში – სოსო ჯაბიძე, ხოლო მძიმე წონაში – დიმიტრი ჯავახიშვილი. ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელ შემადგენლობაში თითქმის განაღდებული ჰქონდა ადგილი ვლადიმერ გეგეშიძეს (84 კგ), მაგრამ მოსამზადებელ ეტაპზე მიღებულმა ტრავმამ, ვარჯიშის გაგრძელების საშუალება არ მისცა და იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიხდა. სოფაძე საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია და ევროპირველობაზე დებიუტი ექნება. მოსამზადებელი პერიოდი გუნდმა სრულყოფილად გაიარა. ერთადერთი, რამაც ცოტა ხასიათი გაგვიფუჭა, რამდენიმე წამყვანი მოჭიდავის ტრავმიანობაა” – უთხრა ბეგი დარჩიამ “მსოფლიო სპორტს”.
ევროპის ჩემპიონატი დორტმუნდში, 29 მარტს დაიწყება და პირველი-ორი დღე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ. 31 მარტსა და პირველ აპრილს, ჩემპიონ-პრიზიორებს მოჭიდავე ქალები გამოავლენენ. ბერძენ-რომაელები კი, საქმეში 2-3 აპრილს ჩაერთვებიან.
ოთარ მაღლაკელიძე