ფეხბურთში ისრაელის მოქმედი ჩემპიონის, ჰაიფას “მაკაბის” მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ, გუშინ თელ ავივში მწვრთნელთა სალიცენზიო კურსების ბოლო ეტაპი გაიარა და PRO-ლიცენზიის მფლობელი გახდა. ცნობილია, რომ ჰაიფელებმა, რომლებიც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ერთპიროვნულად ლიდერობდნენ ლიგატ ალ-ს, გასულ ორშაბათს, უშუალო კონკურენტთან შეხვედრაში თელ ავივის “ჰაპოელთან” მარცხის (0:1) შემდეგ დაუთმეს მეტოქეს პირველი ადგილი. “მსოფლიო სპორტი”, 41 წლის ქართველ სპეციალისტს ისრაელში დაუკავშირდა და საუბარი სწორედ აღნიშნული თემით დაიწყო.
- ალბათ, ცუდი შეგრძნებაა, როცა გუნდი მთელი სეზონი ლიდერობს და ჩემპიონატის დამთავრებამდე 3 ტურით ადრე თმობს პოზიციას.
- ეს, ფეხბურთია და კაცი ყველაფრისთვის მზად უნდა იყო - მთავარია, წაგებას არ მიეჩვიო. მატჩის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტი შეგვხვდა და მთლად სასიამოვნო საუბარი არ გვქონია. სიმართლე გითხრათ, იაკობ შახარს ფეხბურთელებისადმი ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ არც მწვრთნელები გავურბივართ პასუხისმგებლობას. სხვათა შორის, პრეზიდენტთან მე და ელიშა ლევის სამშაბათს გვქონდა აუდიენცია და მან, მიმდინარე სეზონში “მაკაბის” ნაჩვენები შედეგის მიუხედავად, ჩვენთან კიდევ ერთწლიანი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ასეთი საუბარი მანამდეც იყო, მაგრამ სწორედ საპასუხისმგებლო დროს მწვრთნელებისადმი ასეთი ნდობა, ვფიქრობ, სტიმულის მომცემი უნდა იყოს.
- მეტოქესთან ერთად თანაბარი ქულები გაქვთ და ალბათ, დარჩენილ 3 თამაშში ბურთების სხვაობის გაუმჯობესებაზე ფიქრი შეიძლება.
- ჩვენ ამ საკითხზე ვიფიქრებთ და არც მოედანზე დაიშურებენ ფეხბურთელები არაფერს. ისრაელში, თანაბარი ქულების შემთხვევაში, საუკეთესო გუნდი უკეთესი ბურთების სხვაობით გამოვლინდება. “მაკაბის” ეს მაჩვენებელი +53 აქვს, “ჰაპოელს” - +56. ჩვენ, არა მარტო მეტი ბურთის გატანას შევეცდებით, იმედი გვაქვს, მეტოქეზე მეტ ქულას დავაგროვებთ.
- მაინც, საიდან ასეთი ოპტიმიზმი?
- ჯერ ერთი, უიმედობით პრობლემა თავისთავად არ გადაწყდება. მეორეც, მეტოქეები ჩვენც და “ჰაპოელსაც” საკმაოდ სერიოზული გველოდებიან. როცა ასეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გიწევს თამაში, ყველა ნიუანსს მნიშვნელობა ენიჭება. თელავიველები ქვეყნის თასის ნახევარფინალში არიან გასულები და იმედი გვაქვს, პირველი ლიგის გუნდთან მოიგებენ და ფინალში ითამაშებენ. ამდენად, მათ ჩვენზე მეტი თამაშის ჩატარება უწევთ და ჩვენი დიდი სურვილია, რომ ჩემპიონატზე წაიფორხილონ.
- საინტერესოა, კლუბის ხელმძღვანელის პრეტენზიები ქართველ ფორვარდსაც ხომ არ უკავშირდებოდა. ლადო დვალიშვილს, თითქმის არ უწევს სრული მატჩის ჩატარება – ეს, სათანადო კონდიციების უქონლობით ხომ არაა გამოწვეული?
- ლადოსთვის, “ჰაპოელთან” ორშაბათს წაგებული მატჩი, ერთ-ერთი საუკეთესო იყო მიმდინარე სეზონში. მან მინდორზე 65 წუთი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში 9 კილომეტრი ირბინა, 20-მდე სპრინტი შეასრულა, 3-ჯერ კარის ჩარჩოში დაარტყა - უბრალოდ, მეტოქის მეკარემ ითამაშა შეუცდომლად.
რაც შეეხება იმას, რომ დვალიშვილი ბოლომდე არ თამაშობს - თავად განსაჯეთ, მას, შარშან იანვრიდან, პრაქტიკულად არ დაუსვენია. წელიწადნახევარი შეუსვენებლად თამაში კი, პრაქტიკულად შეუძლებელია. მწვრთნელებმა ვიცით, რამდენი ხნით შეუძლია მას გუნდისთვის მაქსიმალური სარგებლის მოტანა და სწორედ იმდენ ხანს ვტოვებთ მოედანზე – თანაც, მომავალი მატჩისთვის აღდგენაც ხომ უნდა შეძლოს.
- ახლა, თქვენი სამწვრთნელო განათლების დასასრულზეც ვთქვათ.
- კი, სწორედ ახლა გამოვედი ისრაელის ფედერაციის შენობიდან, სადაც PRO-ლიცენზიის დიპლომი გადმომცეს.
- იქნებ, სადიპლომო თემაზე ცოტა კონკრეტულად და კიდევ რამდენი PRO-ლიცენზიანტი შეემატა ფეხბურთს ისრაელიდან?
- ჩემი მომზადებული თემა ეხებოდა პროფესიული საფეხბურთო გუნდის მზადების შედარებით დახასიათებას ჩემპიონთა ლიგისა და ისრაელის ჩემპიონატის მატჩებითვის. როცა კურსების ხელმძღვანელმა ეს თემა დამიმტკიცა, მაშინ “მაკაბის”, ჩემპიონატის 18 ტურში 17 მატჩი ჰქონდა მოგებული, პარალელურად, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვასპარეზობდით - მოკლედ, სამუშაოც საკმაოდ მქონდა და შესაბამისი პრაქტიკული დაკვირვებების განხორციელების საშუალებაც.
თემის დაცვა კომისიის 4 წევრთან და ჩემსავით ლიცენზიის მაძიებელ 21 მწვრთნელთან წარმატებით შევძელი. სხვათა შორის, ჩვენგან ორს, ლიცენზია არ მისცეს და თუ მაისის ბოლომდეც ვერ შეძლეს ნაშრომის სათანადოდ მომზადება, ალბათ, რამდენიმე წლით მოცდა კიდევ მოუწევთ.
- რატომ, ისრაელმა დაამთავრა PRO-ლიცენზიის პროგრამა?
- ფედერაციაში ამ ეტაპზე ჩათვალეს, რომ ქვეყანაში უმაღლესი სამწვრთნელო კატეგორიით ლიცენზირებულთა რიცხვი (80-ზე მეტი) საკმარისზე მეტია. ამიტომ, როგორც აქ ამბობენ, ისრაელიდან უეფაში უკვე გაიგზავნა მოთხოვნა, რომ დროებით შეაჩერონ ამ პროგრამის დაფინანსება.
- ბოლოს ერთიც, სეზონის მიმდინარეობისას, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მუშაობის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი გქონდათ. რაიმე სიახლე ხომ არაა ამ მხრივ?
- როგორც ზემოთ ვთქვი, “მაკაბის” ჩემთან და მთავარ მწვრთნელ ელიშა ლევისთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გაგრძელება სურს. მით უფრო, გუნდს ევროარენაზე ზაფხულში სერიოზული ორთაბრძოლები ელოდება. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე სხვა ვარიანტის განხილვა, მიზანშეწონილი არაა. თანაც, ისრაელში ფეხბურთი საკმაოდ მაღალ დონეზეა, რომ აქედან მოლდოვაში და თუნდაც, უკრაინაში გადასვლაზე ფიქრი დავიწყო.
ფრიდონ კერვალიშვილი