ინტერვიუები

10:00 | 4.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

დანიელე დე როსი: “მენტალიტეტი “სკუადრას” მთავარი იარაღია”

იტალიის ნაკრების ერთ-ერთ მთავარ ფიგურას, “რომას” ნახევარმცველ დანიელე დე როსის სჯერა, რომ “სკუადრა აძურას” აქვს თავისი მძლავრი იარაღი, რომლითაც მსოფლიო თასის შენარჩუნებას შეეცდება. დე როსი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც იყო, თუმცა, დიდი კვალი დატოვაო, ვერავინ იტყვის. ამჯერად კი, ორი აზრი არ არსებობს – მარჩელო ლიპის ერთ-ერთი უმთავრესი იმედია...
ფრანჩესკო ტოტის შემდეგ, “რომას” “ტიფოზების” ყველაზე საყვარელმა ფეხბურთელმა, ფიფა-ს ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა:
- ჯერ სამხრეთ აფრიკაში მისასვლელ გზაზე გვითხარით. ანუ, შესარჩევ ციკლზე.
- ჩვენ დამაჯერებლად ვითამაშეთ შესარჩევ ციკლში და შევძელით იმდენი, რომ ჩვენი ძალები შემოგვენახა კიდეც. გვქონდა რამდენიმე მძიმე თამაში, კერძოდ, შინ ბულგარეთთან, სტუმრად ჩერნოგორიასთან და ორივე შეხვედრა ირლანდიასთან. ბრიტანელებთან თავიდანვე გავიტანეთ გოლი, მერე კი დაცვიდან ვითამაშეთ და ბოლოს გავუშვით (1:1 დასრულდა). ირლანდიაში კი სასურველ შედეგს (2:2) მივაღწიეთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ.
- რის ხარჯზე მიაღწიეთ წარმატებას?
- ვფიქრობ, ამის მიზეზი იტალიის ნაკრების ძლიერი შემადგენლობაა. ეს სწორედ ის კრებულია, რომელმაც წინა მუნდიალი მოიგო და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა, სადაც მეოთხედფინალში გავიდა და მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან პენალტებში წააგო.  ჩვენ გვაქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი და ეს არ შეიძლება შეგვეცვალოს. არც შეგვეცვლება.
- სამხრეთ აფრიკაში ჯგუფში მეტოქეებად პარაგვაი, სლოვაკეთი და ახალი ზელანდია გეყოლებათ. რას იტყვით?
- ერთი შეხედვით, თითქოს იოლი ჯგუფია, მაგრამ ვიცით, რომ სუსტი გუნდები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ხვდებიან. პარაგვაიმ შესარჩევში კარგად ითამაშა და არგენტინას გაასწრო. ახალ ზელანდიას შარშან, კონფედერაციის თასის დაწყებამდე, ამხანაგურში შევხვდით და დიდი გაჭირვებით მოვუგეთ (4:3), ანუ არც მათ ჰყავთ ურიგო ნაკრები. სლოვაკეთი კი კარგად ორგანიზებული გუნდია და ჰყავს მარეკ ჰამშიკი, რომელმაც ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა სერია ა-ში. მოკლედ, საკუთარ თავს არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ზემოდან ვუყუროთ მეტოქეებს.
- შარშანდელ კონფედერაციის თასზე თამაშმა, რა შესძინა “სკუადრას”?
- კარგია, რომ გამოვცადეთ, თუ რას ნიშნავს ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე თამაში. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და აუცილებლად გამოგვადგება ამის ცოდნა.
- ხშირად საუბრობენ იტალიის ნაკრების “გადაბერებულ” შემადგენლობაზე. ეს, პრობლემა იქნება?
- მართალია, 30 წელს გადაცილებული ბევრი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ – მსოფლიო ჩემპიონატი ის ტურნირია, რომელიც მხოლოდ ერთ თვეს გრძელდება და ყველაზე კარგ შემთხვევაში, 7 მატჩის გამართვა მოგიწევს. ჩვენ გამოცდილება გვაქვს. “სკუადრას” რამდენიმე ფეხბურთელი მუნდიალის  შემდეგ, ალბათ, წავა ნაკრებიდან, რაც დამატებითი მოტივაციაა. და კიდევ, მარჩელო ლიპიზე უკეთესი მწვრთნელი, როგორ უნდა ვინატროთ? ლიპიმ უდიდესი როლი შეასრულა გერმანიაში გამართულ მუნდიალზე გამარჯვებაში და მანამდეც სასწაული სამუშაო გასწია, რათა ამხელა ტურნირს, იდეალურ მზადყოფნაში შევხვედროდით. ლიპი ფანტასტიკური პიროვნებაცაა.
- აქამდე, მხოლოდ იტალიამ და ბრაზილიამ მოიგეს მუნდიალი ზედიზედ ორჯერ. შეძლებთ მეორედ “ზედიზედ მეორეს”?
- ამის თქმა ძნელია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად, მარტო დიდი გუნდის ყოლა არ კმარა. საამისოდ, უნდა იყო თამამი, საკუთარ თავში დარწმუნებული, მიზანმიმართული. “სკუადრა” ასეთია, მაგრამ არიან სხვა ნაკრებებიც, რომლებსაც ეს თვისება აქვთ.
- დე როსი “რომას” დატოვებს და იტალიის მიღმა გააგრძელებს საკლუბოო კარიერას – ასეთი საუბრები არის. რას იტყვით?
- ამაზე საკუთარ თავს ვკითხე: რა მოხდება, რომ უცხოეთში გავაგრძელო კარიერა, მაგრამ რომის ერთგული დავრჩე? რომი ჩემთვის ყველაფერია, ჩემი ცხოვრებაა. ვერ წარმომიდგენია, სადმე სხვაგან ვიყო ასეთი ბედნიერი. რა თქმა უნდა, ადამიანმა არასოდეს იცის, რა მოხდება შემდეგ, მაგრამ ჩემს თავს, სხვა კლუბის მაისურათი ვერ ვხედავ.

მოამზადა ილია ნანობაშვილმა
 

0.13165