ინტერვიუები

9:56 | 4.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

დანიელ პასარელა: “მესი ვერასოდეს გახდება მარადონა-1986”

არგენტინის ყველა დროის საუკეთესო მცველად მიჩნეულ დანიელ პასარელას იმედი აქვს, რომ ლეო მესი, მოახლოებულ მუნდიალზე გაიბრწყინებს, მაგრამ მისივე სიტყვით, ცაში არ დაფრინავს და ამბობს – მესი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერასოდეს ითამაშებს ისე, როგორც ეს დიეგო მარადონამ მოახერხაო.
el gran capitan-მა (დიდი კაპიტანი) არგენტინულ clarin-ს მისცა ინტერვიუ, სადაც წინასამუნდიალო სხვა საინტერესო ამბებზეც ილაპარაკა. რა შეხსენება გინდათ, დანიელ პასარელა ის ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო თასი აღმართა 1978 წელს და ლუის სეზარ მენოტის ნაკრების კაპიტანი გახლდათ. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავად წვრთნიდა არგენტინას და ტურნირი მეოთხედფინალში ჰოლანდიასთან 1:2 წაგებით დაამთავრა.
ამ მუნდიალებს შორის კი იყო პასარელა – მარადონას შორის კონფლიქტები. ცნობილია, რომ ამ ორმა დიდმა ფეხბურთელმა, ერთმანეთი “დაბლოკეს”, კერძოდ, 1978 წელს მენოტიმ სწორედ პასარელას თხოვნით დატოვა მარადონა ნაკრებს მიღმა, 1986 წელს კი მარადონამ, რომ იტყვიან, სამაგიერო გადაუხადა.
დანიელ ალბერტო პასარელა არც მალავს, რომ დიეგოსთან უსიამოვნებები ჰქონდა...
- როგორ უყურებთ მარადონას, არგენტინის ნაკრების მწვრთნელის რანგში?
- დიდი მოლოდინით. ბოლოს რომ ვისაუბრეთ, დიეგოს ვუთხარი: “ჩვენ გამოცდილება გვაქვს, შენ კი სწორედ მუნდიალზე ნანახი დეტალები უნდა გადასცე ფეხბურთელებს”. ეს იოლი არაა. შესაძლოა, არგენტინა მოთამაშეების კონტიგენტით მთლად პირველი არაა, მაგრამ დიეგოს უდიდესი სურვილი და მოტივაცია აქვს, რომ დაამტკიცოს უძლიერესობა. პლუს ამას, ჩემპიონატზე, გამორჩეულ ფავორიტს ვერ ვხედავ.
- ესპანეთის უძლიერესი შემადგენლობა არ გაშინებთ?
- არა. არც დღეს, არც გუშინ და არც გუშინწინ... არასოდეს. მუნდიალებზე ისტორიას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა საფეხბურთო ქვეყანას პატივს ვცემ, მაგრამ დიდი განსხვავაებაა, არგენტინას ეთამაშები, თუ პოლონეთს. ისევე, როგორც ვერ შეადარებ ბრაზილიასა და შვეიცარიას...  
- კიდევ რომელი ნაკრებები აგყავთ დიდ სიმაღლეზე?
- იტალია და გერმანია. ბრაზილიისა და არგენტინის გარდა, სწორედ ეს ორი ნაკრებია ყველაზე საშიში. ინგლისში მწვრთნელებს რვაწლიან კონტრაქტს სთავაზობენ... თუ ძალიან არ ჩავარდები, ინგლისიდან არასოდეს გაგიშვებენ. ბრაზილიაში კი ორი თამაშის წაგება და მორჩა, “პერსონა ნონ გრატა” ხარ. ასევეა არგენტინაშიც. ამიტომაც არიან ამ ოთხი ნაკრების მწვრთნელები მუდმივ წნეხში. მეორე ადგილისთვის ტაშს არავინ დაგიკრავს.
- დროის შესაბამისობით, მესისთვის ეს მუნდიალი იგივე უნდა იყოს, რაც მარადონასთვის 1982 წელს. თუმცა ყველა ელის, რომ მესი-2010 იქნება მარადონა-1986. თქვენ როგორ უყურებთ?
- ვერც ახლა და საერთოდ ვერასოდეს ვერ გახდება მესი მარადონა-1986. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლეო, მარადონა-1982-ზე კარგად ვერ ითამაშებს.
- და რა არ ჰყოფნის მესის? თუ დიეგოა ცაში?

- სწორად შენიშნეთ – დიეგოა მიუწვდომელი. საერთოდ, არგენტინელი მცველების წინააღმდეგ თამაში უფრო ძნელია, ვიდრე ესპანელებთან. მარადონა უხეშობის მსხვერპლი 1982 წლის მუნდიალამდეც გახდა: არგენტინაში ხშირად ულმობლად ურტყამდნენ ფეხებში.
- კი მაგრამ, მესიმ რომ “რივერ პლეიტის” მაისური ჩაიცვას, ისეთივე გამანადგურებელი იქნება, როგორც ახლა “ბარსელონაშია”.
- ალბათ, კი. თუმცა, მარადონასავით გამანადგურებელი ვერ იქნება.
- ხუან სებასტიან ვერონი, ახლა უკეთესია, ვიდრე 1998 წელს იყო?
- ვერონი არგენტინის ჩემპიონატში დიდი ფიგურაა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მსოფლიო მასშტაბითაც იგივეს შეძლებს. აქ ვგულისხმობ არა ჯგუფურ მატჩებს, არამედ მერვედფინალური სტადიიდან დაწყებულ შეხვედრებს – როცა დგება ჭეშმარიტების მომენტი, ანუ როცა ბრძოლა მძაფრდება და იწყება მთავარი. ვერონმა სეზონში 60 მატჩზე მეტი ჩაატარა – ლაპარაკია ასაკოვან ფეხბურთელზე და არა 25 წლის ბიჭზე. წლები რაც უფრო  გემატება, მით უფრო ძნელია მაღალ დონეზე თამაში და დატვირთვების გაძლება. დღეს “სებას” იგივე პასუხისმგებლობა აკისრია, რაც მესის. და ამ პასუხისმგებლობის ზიდვა, იოლი არ იქნება.
- გონსალო იგუაინი პირველად თქვენ ათამაშეთ “რივერ პლეიტში”. მაშინ იფიქრებდით, რომ “ელ პიპიტა” ამ დონეზე ავიდოდა?
- “რივერ პლეიტში” პირველივე ვარჯიშზე, მესამე გუნდიდან ავიყვანეთ 5 ფეხბურთელი და ერთ-ერთი იყო იგუაინი. მაშინვე 10 ნომერი მოვხსენით და თავდამსხმელად დავაყენეთ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, არ დავიმორცხვებ და ვიტყვი – დიახ, მაშინვე ვფიქრობდი, რომ “ელ პიპიტა” მაღალი კლასის ფორვარდი დადგებოდა და ვთქვი კიდეც, ის მადრიდის “რეალისთვისაა”-მეთქი. ახლა, იგივეს ვიტყვი ერთ ტალანტზე – ფურეს მორიზე.
- ნიკოლას ოტამენდის თქვენი მემკვიდრე უწოდეთ.
- ოტამენდიმ პირველი სეზონი მაგრად ჩაატარა, შემდეგ ცოტა მოუკლო და ეს ნორმალურიცაა მისი ასაკის ფეხბურთელისთვის. იქნება თუ არა ნიკოლასი ნაკრების ძირითადში, ეს დიეგოს გადასაწყვეტია. ვიცი, რომ ითამაშებენ მესი, ვერონი... ოტამენდი ფეხით მარჯვენაა, რაც უპირატესობას აძლევს.
- ვალტერ სამუელი მოგწონთ?
- დიახ. მას დაბადებიდანვე გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. “ინტერში” ყველაფერი მოიგო.
- ხავიერ მასკერანო თუ იქნებოდა დანიელ პასარელას გაწვრთნილი ნაკრების კაპიტანი?
- მე არ გავაკრიტიკებ დიეგოს ამ გადაწყვეტილებას. მან მასკერანოს მისცა სამკლავური და არცთუ უსაფუძვლოდ – “მასკე” კონცენტრირებულია, გულს და სულს დებს, კარგი პასები იცის და მენტალიტეტით ისიც გამარჯვებულია.
- მუნდიალს თავდაჯერებული ხვდებით?
- დიახ. თუმცა ისიც ვიცი, რომ ბევრი შრომა მოუწევს ნაკრებს. მუნდიალამდე დარჩენილ დღეებში, ნაკრები კიდევ უფრო უნდა შეიკრას. 1978 და 1986 წლებში ეს არ გვაკლდა. ჩვენ ვიცოდით, რომ არგენტინის დამარცხება საშინლად ძნელი იქნებოდა. ჩვენ გულში ვამბობდით: “ნეტავ როგორ უნდა გვეთამაშონ, რომ ჩვენ მოგვიგონ...”.   

მოამზადა ილია ნანობაშვილმა     
 

0.122861