ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ლევან მჭედლიძემ იტალიის სერია A-ში კვლავ ითამაშა. პირველ ტურში “ემპოლი” სტუმრად “უდინეზესთან” 0:2 დამარცხდა და საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო. ის 83-ე წუთზე შეცვალეს. ბოლოს მჭედლიძეს სერია A-ში “პალერმოს” შემადგენლობაში 2010 წელს ეთამაშა. ირაკლი შეყილაძე “ემპოლის” 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.
დანიის სუპერლიგაში ლადო დვალიშვილის დებიუტი შედგა. მე-6 ტურში “ოდენსემ” სტუმრად “კოპენჰაგენთან” 0:1 წააგო და ქართველი თავდამსხმელი თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო. შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი “ოდენსეში” ზაფხულში ვარშავის “ლეგიადან” გადავიდა. “ოდენსეს” 5 ქულა აქვს და 12 გუნდში მეათეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-5 ტურში, დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ” შინ პოლტავის “ვორსკლას” ვერ მოუგო – 1:1. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ მასპინძლებში თავიდან ბოლომდე ითამაშა და 65-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “დნიპრო” 13 ქულით 14 გუნდში მეორეა.
ლუცკის “ვოლინმა” სტუმრად ლუგანსკის “ზორიას” 2:1 აჯობა. ნახევარმცველი სანდრო კობახიძე გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. ჯაბა ლიპარტია “ზორიას” რიგებში 57-ე წუთზე გამოჩნდა. “ვოლინი” 6 ქულით მერვეა, ხოლო “ზორიას” 4 ქულით მეთერთმეტე ადგილი უკავია.
მარიუპოლის “ილიჩევეცი” გასვლაზე დონეცკის “შახტართან” 0:3 დამარცხდა. განაპირა ნახევარმცველი დავით თარგამაძე მაროიპოლელთა სასტარტოში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. “ილიჩევეცს” მხოლოდ ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.
ლვოვის “კარპატისთან” სტუმრად მოგებულ (2:1) მატჩში, 20 წლის ნახევარმცველი ვალერიან გვილია ზაპოროჟიეს “მეტალურგის” თადარიგში იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია. შეგახსენებთ, რომ უკრაინის მოქალაქე გვილია საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი და ზუგდიდის “ბაიაში” გამოდიოდა. “მეტალურგი” 7 ქულით მეექვსეა.
ბელარუსის უმაღლესი ლიგის 22-ე ტურში, სოლიგორსკის “შახტიორი” თავის მოედანზე ბრესტის “დინამოსთან” 2:3 დამარცხდა. ნახევარმცველმა სანდრო გურულმა სოლიგორსკელთა სასტარტოში დაიწყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. “შახტიორი” 32 ქულით 12 გუნდში მეხუთეა.
“გომელმა” ჟოდინოში ადგილობრივ “ტორპედო-ბელაზთან” ქულა აიღო – 0:0. მცველი ზაზა ჭელიძე გომელელთა სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა. “გომელი” 32 ქულით მეოთხეა.
“სლუცკმა” მოგილიოვში “დნეპრს” 2:0 აჯობა. ფორვარდი უჩა გოგოლაძე გამარჯვებულთა სასტარტოში იმყოფებოდა და 55-ე წუთზე შეცვალეს. მცველმა ნიკა მნათობიშვილმა დამარცხებულებში პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა. “სლუცკი” 25 ქულით მეცხრეა, ხოლო “დნეპრი” 12 ქულით მეთორმეტე.
ბობრუისკის “ბელშინამ” სტუმრად “მინსკი” 1:0 დაამარცხა. გიორგი მაღალდაძე ბობრუისკელთა თადარიგში იყო, თუმცა არ უთამაშია. მისი გუნდი 18 ქულით მეთერთმეტეა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-4 ტურში, კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილი ბაქოს “ინტერი” ლენქორანში “ხაზარ ლენქორანთან” 0:1 დამარცხდა. მცველებმა ალექსანდრე ამისულაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ “ინტერში” 90-90 წუთი ითამაშეს. თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე მათ მსგავსად სასტარტოში იყო, მაგრამ 67-ე წუთზე შეცვალეს. მეკარე გიორგი ლომაია ბაქოელთა თადარიგში ყოფნით შემოიფარგლა. “ინტერი” 7 ქულით 10 გუნდში მეორეა.
ბაქოს აზალ-მა გაბალაში ამავე სახელწოდების გუნდს 2:1 მოუგო. ცენტრალურმა მცველმა ლაშა კასრაძემ ბაქოელებში სრულად ითამაშა და 56-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. აზალ-ი 4 ქულით მეექვსეა.
ნახჩევანის “არაზმა” სტუმრად “სუმგაითთან” 0:1 წააგო. დავით ჯანელიძემ “არაზის” შემადგენლობაში მოედანზე 90 წუთი დაჰყო და 75-ე წუთზე გააფრთხილეს. “არაზი” 3 ქულით მერვეა.
ზაქათალის “სიმურგმა”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, ბაქოში “ნეფთჩისთან” 1:2 წააგო. ზაქათალელები 6 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფებიან.
მოლდოვის ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) მეექვსე ტურში "საქსანმა" სახლში "აკადემიას" 1:0 მოუგო.ირაკლი გოგინაშვილი მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61 წუთზე შეცვალეს."საქსანს" 12 ქულა აქვს და 11 გუნდში მესამეა.
ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) 25-ე ტურში, “თრაკაი” პანევეჟისში ადგილობრივ “ეკრანასთან” 1:2 დამარცხდა. მცველი ნიკა აფაქიძე სტუმართა სასტარტოში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ნახევარმცველი ბესიკ ამაშუკელი 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. “თრაკაი” 46 ქულით 10 გუნდში მეორეა.
ალბანეთის სუპერლიგის მე-2 ტურში, ვლორეს “ფლამურტარი” ტირანაში “ტირანასთან” 0:1 დამარცხდა. ფორვარდი ნიკა გელაშვილი “ფლამურტარის” შემადგენლობაში 78-ე წუთზე გამოჩნდა. ვლორელები 3 ქულით 10-გუნდიან პირველობაზე მე-4 ადგილზე იმყოფებიან.
სომხეთის პრემიერლიგის მე-5 ტურში, ერევნის “ულისემ” გასვლაზე “ალაშკერტს” 2:0 აჯობა. გიორგი ხუბუა და ზამირ ჯანაშია ერევნელთა სასტარტოში იმყოფებოდნენ. “ულისე” 8-გუნდიან ჩემპიონატს 13 ქულით ლიდერობს.
ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) 26-ე ტურში, ტურკუს “ინტერი” გასვლაზე “ლახტის” დაუზავდა – 0:0. თავდამსხმელმა ირაკლი სირბილაძემ ტურკუელებში შეუცვლელად ითამაშა. “ინტერი” 28 ქულით 12 გუნდში მეათეა.
ნორვეგიის ელიტესერიენის (უმაღლესი ლიგა) 22-ე ტურში, “სტაბეკმა” სახლში “სანდნესს” ვერ მოუგო – 1:1. 19 წლის ნახევარმცველი გიორგი გოროზია მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია. “სტაბეკი” 27 ქულით 16 გუნდში მეცხრეა.
გერმანიის მე-3 ლიგის მე-7 ტურში, “უნტერჰახინგმა” სტუმრად “ჰემნიცთან” 0:2 წააგო. ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, დამარცხებულთა რიგებში თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო. “უნტერჰახინგი” 11 ქულით 16 გუნდში მეექვსეა.
“ჰალეშერმა” შინაურ კედლებში “დორტმუნდი II”-ს ვერ აჯობა – 0:0. აკაკი გოგიამ მასპინძლებში 90 წუთი იასპარეზა. “ჰალეშერი” 8 ქულით მეთხუთმეტეა.
სამხრეთ აფრიკის PSL-ის (უმაღლესი ლიგა) მე-5 ტურში “ბიდვესთ ვითსმა” შინ “მოროკა სვალოუვსს” 3:0 აჯობა. ნახევარმცველ გიორგი ნერგაძეს მასპინძლებში ყოფილი გუნდის წინააღდეგ არ უთამაშია. “ბიდვესთ ვითსი” 10 ქულით 16 გუნდში მესამეა.
უნგრეთის NBI-ის (უმაღლესი ლიგა) მე-6 ტურში, “დიორმა” “დუნაიუვაროსი” მიიღო და 4:3 მოუგო. თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას მასპინძლებში არ უთამაშია. “დიორი” 7 ქულით 16 გუნდში მეცხრეა.