პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველ დანის სულაც არ უკვირს, რომ ტოპ-გუნდებად წოდებულმა ნაკრებებმა, პირველ ტურში გამარჯვებები ვერ მოიპოვეს. მისი აზრით, მიზეზი მარტივია - მსოფლიოს ჩემპიონატზე სუსტი გუნდები ვერ გადიან. ამასთან, მან ხაზი გაუსვა G ჯგუფის სიძლიერეს და კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ ერთ-ერთ ძლიერ გუნდს, უახლოეს პერიოდში მსოფლიოს ჩემპიონატის დატოვება ემუქრება.
დანიმ კოტ დივუარის ნაკრების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, მატჩი კი 0:0 დასრულდა. პორტუგალიის ნაკრებს, ჯგუფის დარჩენილი შეხვედრები ჩრდილოეთ კორეისა და ბრაზილიის ნაკრებებთან ელის, რის შემდეგაც, კარლოს კეირუშისა და მისი შეგირდების სამხრეთ აფრიკაში დარჩენა-არდარჩენის საკითხი უნდა გადაწყდეს.
- ეს, თქვენს საფეხბურთო კარიერაში პირველი დიდი საერთაშორისო ტურნირია. ნაკრებთან ერთად, რისი მიღწევა გსურთ?
- ყველა იმ 32 გუნდს, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში არიან, მეტნაკლებად კარგად გამოსვლა უნდა. გამონაკლისი არც ჩვენ ვართ და გვსურს, მთელს პორტუგალიას სიამაყის საბაბი მივცეთ. აუცილებელია, ყოველ მომდევნო შეხვედრას მაქსიმალური კონცენტრაციით შევხვდეთ. მხოლოდ ასე შევძლებთ ფლეი ოფში გასვლას, იქ კი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
- ჯერ კიდევ გიწევთ ბრძოლა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაკავებლად. როგორი შეგრძნებაა, როდესაც გცვლიან? რას გრძნობთ, როდესაც შეცვლაზე შედიხართ?
- ნებისმიერი გუნდის ნებისმიერი ფეხბურთელი, მხოლოდ თამაშზე ოცნებობს. მწვრთნელმა კოტ დივუართან ძირითად შემადგენლობაში მანდო ადგილი, მაგრამ ჩემთვის გუნდის დახმარება, ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ძირითად შემადგენლობაში ვიქნები, თუ მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან გავალ. პორტუგალიის ნაკრები გუნდია და ისინიც კი, ვისაც თამაში არ უწევს, მუდამ მის უმნიშვნელოვანეს ნაწილად მიიჩნევენ თავს.
- ნანის დაკარგვა, პორტუგალიის ნაკრებისთვის დიდი დარტყმა იყო?
- ეს დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ნანი საუკეთესო ფორმაში იყო, მაგრამ მსგავსი უსიამოვნება, შესაძლოა, ყველას დაემართოს. იმედია, ის მალე მომჯობინდება და ნაკრებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის დაუბრუნდება.
- თქვენ უნივერსალური ფეხბურთელი ხართ. და მაინც, რომელ პოზიციაზე გირჩევნიათ თამაში?
- მე შემტევი ფეხბურთელი ვარ და ვთამაშობ იქ, სადაც ნაკრების მწვრთნელები საჭიროდ ჩათვლიან. შემიძლია თამაში შეტევის წინა ხაზზე, ფლანგზე, ან ნახევარდაცვის ცენტრში.
- ევროპის საუკეთესო ნაკრებების - საფრანგეთის, ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის არადამაჯერებელმა სტარტმა, გაგაოცათ? ვის მიიჩნევთ ყველაზე სერიოზულ მოწინააღმდეგედ მსოფლიო ფორუმზე?
- მძაფრი კონკურენცია იქნება. ეს, ტურნირის დაწყებამდეც ვიცოდით. ყველა გუნდმა, სამხრეთ აფრიკის გარდა, ურთულესი შესარჩევი ეტაპი გაიარა, ასე რომ, თუ ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდნენ, უკვე საკმაოდ ძლიერები არიან. სულაც არ გამკვირვებია, რომ ფრანგებმა, იტალიელებმა, ესპანელებმა და ინგლისელებმა ვერ მოიგეს. მატჩების უმეტესობა ფრედ დასრულდა, ან სხვაობა სულ რაღაც ერთ ბურთს შეადგენდა. ვფიქრობ, ჩემპიონატის დასრულებამდე ასე იქნება.
- ჯგუფის მეტოქეთა შესახებ რას გვეტყვით? ბრაზილიასთან მატჩი, თქვენთვის დერბის ტოლფასი იქნება, ჩრდილოეთ კორეის შესახებ კი, საკმაოდ მწირი ინფორმაციაა.
- ექსპერტებმა ჩვენს “კვარტეტს” “სიკვდილის ჯგუფი” უწოდეს. მიზეზი ისაა, რომ სამი ტოპ-კლასის ნაკრები ერთ ჯგუფში მოხვდა და სულ მალე, ერთ-ერთ მათგანს სახლში გამგზავრება მოუწევს. ბრაზილია მუდამ იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტი, კოტ დივუარი კი, საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესოა აფრიკის კონტინენტზე. ჩრდილოეთ კორეაზეც ვერავინ იტყვის სუსტი გუნდიაო, რაც მათ ბრაზილიასთან მატჩშიც დაამტკიცეს. რთული იქნება, თუმცა ფლეი ოფში გასვლას მაინც ვეცდებით.
ზურა ქსოვრელი