კატალონიის ”ბარსელონას” ბრაზილიელი ფეხბურთელის - დანი ალვეშის სახლში, რამდენიმე დღის წინათ, ქურდებს მოუნდომებიათ შესვლა, თუმცა, სახლში დამონტაჟებულმა ელექტრონულმა დაცვითმა სისტემებმა კრიმინალების აღმოჩენა და ინფორმაციის პოლიციისთვის მიწოდება ადვილად შეძლეს.
ალვეშის სახლში მისულმა ესპანელმა სამართალდამცავებმა ქურდების კვალის არსებობა დაადასტურეს და ვიდეოკონტროლის ფირზე აღბეჭდილი ის კადრებიც ნახეს, სადაც ნათლად ჩანდა, რომ ქურდები კატალონიაში მობურთალი ბრაზილიელი ფეხბურთელის სახლში შესვლას მართლაც ცდილობდნენ. თუმცა, ქურდებს ეშმაკობა ეყოთ და რაკი ბინის კარი ვერ გააღეს, მიხვდნენ, რთულ დაცვით სისტემასთან რომ ჰქონდათ საქმე და გაქცევა მოასწრეს.
მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალებმა დანაშაულის ჩადენა ვერ შეძლეს, პოლიციამ ქურდობის მცდელობის მუხლით საქმე უკვე აღძრა და კრიმინალების გამოაშკარავებაზეც დაიწყეს მუშაობა.
დანი ალვეში ამბობს, რომ პოლიციას გამოძიებაში კი დაეხმარება, თუმცა, დიდი იმედი არ აქვს, რომ სამართალდამცავები დამნაშავეთა გამოაშკარავებას შეძლებენ.