ფეხბურთი

15:16 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

დამთხვევა – 14 წლის შემდეგ, ისევ 24 მაისს, “რეალი” ისევ არგენტინელი მწვრთნელის წინააღმდეგ

2000 წელს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთი ქვეყნის გუნდებმა ითამაშეს ფინალში. 24 მაისს პარიზში ვისენტე დელ ბოსკეს “რეალმა” 3:0 სძლია ექტორ რაულ კუპერის “ვალენსიას”.

და ახლაც ესპანური ფინალი გველის, ისევ 24 მაისს და ერთი ფინალისტი ისევ “რეალია”, ხოლო მეორე – არგენტინელის გაწვრთნილი გუნდი. კუპერის მიღწევა დიეგო სიმეონემ გაიმეორა.  

სეზონის წინ “ატლეტიკოს” ფინალში გასვლას მხოლოდ ამ გუნდის ზეოპტიმისტი ფანები თუ ელოდნენ. ასე იყო 14 წლის წინათ “ვალენსიას” შემთხვევაშიც. ორივე ამ კლუბმა, სხვადასხვა დროს, ფურორი მოახდინა და ორივემ არგენტინელი თავკაცის ხელში.

14 წლის წინანდელი “რეალიდან” დღეს გუნდში მხოლოდ იკერ კასილიასია.

კიდევ ერთი დამთხვევა: “რეალმა” ნახევარფინალში მაშინაც “ბაიერნი” გამოთიშა. და ასევე, “ვალენსიამ”, “ატლეტიკოს” მსგავსად, “ბარსელონა” ჩამოიშორა გზიდან, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ “ღამურებმა” კატალონიელებს ნახევარფინალში სძლიეს, სიმეონეს გუნდმა კი - მეოთხედფინალში.

მოკლედ, ბევრი დამთხვევაა. ბარემ ისიც ვთქვათ, სად იყვნენ 14 წლის წინ კარლო ანჩელოტი და დიეგო სიმეონე. იტალიელი “იუვენტუსს” თავკაცობდა, ხოლო არგენტინელი “ლაციოში” თამაშობდა. იმ “ლაციოში”, რომელიც სწორედ კუპერის “ვალენსიასთან” განადგურდა მეოთხედფინალში.

0.132124