ბლოგი

11:28 | 25.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დამშვიდობება სადღეგრძელოს გარეშე

 

დემოკრატია და სხვათა მოსაზრებების პატივისცემა ნამეტანი კარგი რამაა, ჩვენო მონტენეგროელო ჯეელო. ისიც კარგად ვიცით, რომ თანამედროვე ფეხბურთში თანდათან აზრი და მუღამი ეკარგება ისეთ მცნებებს, როგორებიცაა გუნდის ერთგულება, ქომაგის პატივისცემა და საკუთარი წარსულის დაფასება. მაგრამ მე ერთი მრავლთაგანი, გული გულთაგანი და სისხლი სისხლთაგანი ფლორენციული კლუბისა, ალბათ მაინც ვერ გაპატიებ “მანჩესტერ სიტიში” გადასვლას.

სხვამ ვინ იციან შენზე უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ, მრავალტანჯული “ვიოლას” ტიფოზერიამ. ალბათ მაგ შენს ლამაზ და ცადაზიდული შავი მთების ქვეყანაშიც კი არ გიცნობენ ისე კარგად, როგორც ჩვენს ფერადოვან ქალაქში. ფლორენციის ქუჩებში შენი გამოჩენა სხვა არაფერი იყო, თუ არა ჭეშმარიტი ზეიმი. იმედების ზეიმი, რომ სწორედ შენ და შენებრ პატარა ბიჭებზე უნდა აშენებულიყო მომავლის გუნდი. ფლორენციას ხომ ჩემპიონობა მრავალი ათწლეულია არ ღირსებია. იმედი კი ისეთი რამაა, თავქარიან ხუან კუადრადოსაც კი რომ შეგაყვარებს კაცს...

და დღეს, როდესაც ჩვენი იისფერის ნაცვლად მანჩესტერული კლუბის ცისფერი მაისური გმოსავს, დღეს, როდესაც არჩევანი საბოლოოდ გააკეთე და მზიური ტოსკანის ნაცვლად ბრიტანეთის მიწაზე გადაწყვიტე ბურთის გორება, შეიძლება ჩარადაც კი არ გიღირს იმ ფლორენციელი ბაბუის განცდები, რომელმაც თავისი ოთახის ფანჯარა გააღო და შუა “მედიჩი პიაცაზე” გადმოყარა შენი სიფათით დამშვენებული პლაკატები. აბა, რა დროს ფლორენციელი ბაბუის დარდებია, როდესაც წინ ჩემპიონთა ლიგის თამაშები გელის და გულში პრემიერლიგის ჩემპიონობა გაქვს ამოჭრილი...

შეიძლება იმასაც კი ფიქრობ, რომ თუკი “ფიორენტინადან” თავის დროზე დიდებული გაბრიელ ომარი წავიდა, შენც გქონდა ამის სრული მორალური უფლება. თუ ასე ფიქრობ, ძალიან შემცდარხარ, ჩვენო ყოფილო მეგობარო. ბატისტუტა “რომაში” მხოლოდ მაშინ გადავიდა, როდესაც ფლორენციაში ყველა რესურსი ამოწურა და მანამდე სერია ბ-შიც კი გადაყვა იავარქმნილ “იებს”. შენ იზამდი ამას? და განა მხოლოდ შენ... როგორ გგონია, ადამ ლიაიჩი იზამდა? ვივიანო იზამდა? ლუკა ტონი იზამდა? რა თქმა უნდა, არ იზამდნენ! გაბრიელ ბატისტუტა მხოლოდ დიდი ფეხბურთელი არ იყო. მას აქვს დიდი და მრავლისდამტევი გული და სწორედ ამ გულის გამო გვახსოვს დღემდე და დარწმუნებული იყავი, რომ არასოდეს დაგვავიწყდება!

ჩვენ ის დღეებიც კარგად გვახსოვს, სულ პირველად რომ დაგლანდეთ “ფიორენტინას” მაისურში გამოწყობილი. იდექი ერთი პატარა, გამხდარი, თმახუჭუჭა ბიჭი სათადარიგოთა სკამთან და ჩეზარე პრანდელის შესცქეროდი იმედიანი თვალებით, როდის მოგცემდა მინდორზე გასვლის შანსს. მერე გამოხვედი და ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიელებს ისეთი თავბრუ დაახვიე, დილამდე ვეღარ დავიძინე მაგ თამაშის ემოციებით აღტაცებულმა. რაზე არ ვფიქრობდი, როგორი მომავლის იმედებს არ ვსახავდი. ზუსტად ასე იყო “ფიორენტინას” ყველა ქომაგი შენდამი განწყობილი. შენი გატანილი ბევრი გოლიც გვახსოვს და შენი მონდომებით გადარჩენილ არაერთ შეხვედრაზე გვისაუბრია. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულია. ეს ყველაფერი დასრულდა. დღეს ცისფერი მაისური გაცვია. მაისური, რომელიც თავის დროზე ჩვენებურ “ქინქისაც” ეცვა და მრავალ ტალიკ-ტალიკ ბიჭებსაც ჩაუცვამთ. მაგრამ მაშინ სულ სხვა ”სიტი” იყო. მაშინდელ მანჩესტერულ კლუბს არც აზიური მილიარდები ეყარა თავზე და ბრიტანული ფეხბურთის ქომაგებშიც სულ სხვა სიყვარულით სარგებლობდა. მანდვე, ინგლისშივე შეგიძლია ჰკითხო ფეხბურთის რიგით ქომაგებს, რას ფიქრობენ ძველსა და ახალ “სიტიზე” და ჩვენზე უკეთ ისინი გეტყვიან თვალნათელ სიმართლეს.

როდესაც ადამიანი მიდის, მას ხელს ართმევენ ხოლმე და მხარზე ხელს მეგობრულად უტყაპუნებენ. საქართველოში შორს წამსვლელებს გზასაც ულოცავენ ღვინით. მაგრამ, სტევან, ჩვენო ყოფილო მეგობარო, ვერც ქართული საფერავითა და ვერც იტალიური კიანტით ვერ დავლევთ შენი წასვლის სადღეგრძელოს. გზის დალოცვასა და ტკბილ სადღეგრძელოს მხოლოდ ბატისტუტასთანა ხალხი იმსახურებს!

0.113595