სტატიები

17:13 | 1.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

“დამარცხება და სიკვდილი სინონიმებია”

ველორბოლის ლეგენდის, ლენს არმსტრონგის ცხოვრება და სპორტული კარიერა უხვადაა დატვირთული გასაოცარი ამბებით. მისი ბიოგრაფიის მეტ-ნაკლებად მცოდნე ადამიანები ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, ”ტურ დე ფრანსის” ზედიზედ შვიდგზის ჩემპიონი (1999-2005) სპორტის გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ რომ განგვაცვიფრებდა, არადა, ასე მოხდა. 2008 წლის სექტემბერში, იმხანად უკვე 37 წლის არმსტრონგმა, აქტიურ სპორტში დაბრუნების თაობაზე გააკეთა განცხადება და დაადასტურა, 2009 წლიდან რბოლებში ყაზახური ”ასტანას” სახელით რომ იასპარეზებდა. იმ დროისთვის არმსტრონგს აქტიური სპორტული კარიერა 3 წლის დასრულებული ჰქონდა და ლენსის სიტყვები თავდაპირველად ხუმრობაში “გავატარეთ”, მაგრამ ლეგენდარული ველოსიპედისტი რომ არ “გვაშაყირებდა” 2009 წლის მაისში დავრწმუნდით – ამერიკელმა პირველად იასპარეზა “ჯირო დ’იტალიაზე” და პირად ჩათვლაში 12-ე ადგილი დაიკავა. ლენსის ასაკისა და იმის გათვალისწინებითაც, მისთვის აპენინის ნახევარკუნძულის სარბოლო ტრასები უცხო რომ იყო, არმსტრონგს ეს შედეგი მიღწევად თამამად შეგვიძლია ჩავუთვალოთ. ორიოდე თვეში კი, არმსტრონგმა “ტურ დე ფრანსის” პირად ჩათვლაში მესამე ადგილი მოიპოვა, რაც ჩემპიონობის ტოლფასად აღიარეს როგორც სპეციალისტებმა, ასევე გულშემატკივრებმა. ლენსს კი სპორტის ქომაგთა განსაცვიფრებლად ახალი რამ ჰქონია ჩაფიქრებული. 2010 წლის დასაწყისში მან ყაზახური “ასტანა” დატოვა, ახალი გუნდი Team RadioShack    ჩამოაყალიბა და ახალ კოლექტივთან ერთად საერთო-გუნდური ჩათვლა მოიგო (!).
ლენს არმსტრონგის უტეხი ხასიათისა და სპორტული ოსტატობიდან გამომდინარე, მისგან კიდევ ახალ სიურპრიზებს ველოდით, თუმცა, ასაკს მაინც თავისი მიაქვს და ორიოდე კვირის წინ, 16 თებერვალს, მან კარიერის დასრულების თაობაზე ამცნო სპორტულ საზოგადოებას.
...ლენს არმსტრონგმა თავისი პირველი საპრიზო მილიონი ჯერ კიდევ 1993 წელს გამოიმუშავა. შემდეგ მრავალ საერთაშორისო პროფესიონალურ შეჯიბრებაში გაიმარჯვა, არაერთხელ მოიგო აშშ-ს ჩემპიონატი, წარმატება იზეიმა მსოფლიო პირველობაზე. 1996 წლის 2 ოქტომბერს (25 წლის ასაკში), არმსტრონგმა მოულოდნელად შეიტყო, რომ თავის ტვინზე, სათესლე ჯირკვლებსა და ფილტვებზე ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზები ჰქონდა...
ათლეტს ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ მისი მდგომარეობა კრიტიკული ოყო. "შენი სპორტული კარიერა დასრულდა"! - ეუბნებოდა მას ყველა. ინვალიდ სპორტსმენთან კონტრაქტი გაწყვიტა გუნდის ხელმძღვანელობამაც, რომლის ღირსებასაც იგი იცავდა. "თქვენ არასოდეს არ გეყოლებათ ბავშვები, დაშორდით ერთმანეთს" - უყვიროდნენ ლენსსა და მის მეგობარ გოგონას, კრისტინს ახლობლები, თუმცა ეს უკანასკნელი რჩეულთან დაშორებას არ აპირებდა. ინდიანაპოლისის ჰოსპიტალის ქირურგმა, კრეიგ ნიკოლსმა ლენსს ოპერაციამდე ლაბორატორიაში სპერმის ჩაბარება ურჩია, რათა შემდეგ ხელოვნური განაყოფიერება ჩაეტარებინათ, რადგან ქიმიოთერაპიას არმსტრონგის მომავალი შვილისთვის შეიძლებოდა დიდი ზიანი მიეყენებინა.
პირველი ოპერაციის გაკეთებიდან ერთი თვის შემდეგ, არმსტრონგი ვარჯიშს შეუდგა. ტვინის ოპერაციის გაკეთების შემდეგ, შოკურ მდგომარეობაში უკვე ექიმები აღმოჩნდნენ. გაირკვა, რომ ორივე ავთვისებიანი სიმსივნის ქსოვილი მკვდარი იყო! რატომ? ამაზე პასუხი ვერავინ გასცა, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ კიბომ "შეშლილ ჩემპიონთან" ჭიდილი არ ისურვა და მის ტვინში სიკვდილით დაასრულა "სიცოცხლე". ამგვარადვე განიკურნა ლენსი ავთვისებიანი სიმსივნისაგან სხეულის სხვა ორგანოებშიც. 1997 წლის 12 თებერვალს, კრისტინი თავის დღიურში წერდა: "ექიმებმა განაცხადეს, რომ ლენსის ორგანიზმში კიბოს ნიშნები აღარაა. ეს თარიღი - არმსტრონგის მეორედ დაბადების დღეა."
თუმცა ათლეტისათვის ყველაფერი ასე იოლად არ დასრულებულა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მის ორგანიზმში კვლავაც იყო კიბოს უჯრედები. ხოლო ქიმიოთერაპიის სეანსების გამო, არმსტრონგი ფსიქოლოგიურად მეტისმეტად დათრგუნული იყო - შარდ-სასქესო ორგანოების აუტანელ ტკივილს, მოდუნებულ კუნთებს, ქიმიოთერაპიისაგან გამოწვეულ კანის წვას ათლეტი სიგიჟემდე მიჰყავდა. გარდა ამისა, თმა და წარბები გასცვივდა. ტეხასში დაბადებული, გემრიელად ჭამის მოყვარული ლენსი, რომელიც ერთ დროს კარგად ნაკვებ რეინჯერს ჰგავდა, ოპერაციის შემდეგ საშინლად გაძვალტყავებულიყო.
მიუხედავად ამისა, 1997 წლის მიწურულს, ლენს არმსტრონგმა ვარჯიში განაახლა და ახალ გუნდ "US პოსტალთან" გააფორმა კონტრაქტი. 1998 წლის თებერვალში, მან ესპანეთში გამართულ პატარა ტურნირში მიიღო მონაწილეობა, სადაც მეთხუთმეტე ადგილი დაიკავა, თუმცა მალე საფრანგეთში ჩატარებულ რბოლაში ფინიშამდე ვერ მიაღწია. ამის შემდეგ, ყველაფერს თავი მიანება და ალკოჰოლს მიეძალა. სწორედ ამ პერიოდში გამოავლინა თავისი მტკიცე ხასიათი ლენსის მეგობარმა კრისტინ რიჩარდსმა. მას თავისი რჩეული ერთი დღითაც არ მიუტოვებია. "შენ თითქმის დაამარცხე ავადმყოფობა, ამ საზარელი ქიმიოთერაპიის სეანსებს უძლებ! დაფიქრდი, ვარჯიში ყველა ამ საშინელებასთან შედარებით ასეთ კოშმარად გეჩვენება!?" - უყვირა ერთხელაც კრისტინმა შეყვარებულს და სპირტიანი სასმელების ბოთლები აქეთ-იქით გადაუყარა.
ერთთვიანი ლოთობის შემდეგ, გამოფხიზლებისთანავე არმსტრონგს უთქვამს - კარგი, მაშინ დავქორწინდეთო! მართლაც, 1998 წლის მაისში, წყვილმა სახელგანთქმულ სანტა-ბარბარაში იქორწინა. ზაფხულში კი, ლენსმა სამ რბოლაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგანაც ორ ტურნირში გაიმარჯვა.  
იმავე 1998 წლის დეკემბერში, ვარჯიშზე ლენსს კიდევ ერთი უბედურება შეემთხვა. ის 50 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა, როდესაც 120 კმ/სთ სიჩქარით მიმავალმა სატვირთო მანქანამ გაუსწრო, რომლის საჭესთანაც მთვრალი მძღოლი იჯდა. ამ დროს არმსტრონგმა გვერდით გადახვევა მოასწრო და სიკვდილს ბედზე გადაურჩა, თუმცა დაცემის გამო ტვინის შერყევა, ნეკნის მოტეხილობა და სხეულის მრავალი, ძლიერი დაბეჟილობა მიიღო.
"დღეს ჩვენმა ექიმმა დაგვირეკა. ლენსი მას უსმენდა და იღიმებოდა. შემდეგ ჩემსკენ მობრუნდა და მითხრა: "პატარავ, შენ ფეხმძიმედ ხარ!" - წერდა კრისტინი თავის დღიურში 1999 წლის 13 თებერვალს. 1999 წლის 1 ივლისით დათარიღებულ მისსავე ჩანაწერში ნათქვამია: "ერთ დღეში "ტურ დე ფრანსი" აიღებს სტარტს. მე დედამისთან ერთად ყოველ ეკლესიაში სანთელს ვანთებ და ღმერთს ვევედრები, რომ ლენსმა შეჯიბრება წარმატებულად და უსაფრთხოდ დაასრულოს".
2 ივლისს, არმსტრონგი კვლავ სატვირთო ავტომობილის ქვეშ მოჰყვა, თუმცა ამას მისთვის საფრანგეთში გამართულ მრავალდღიან ტურნირ "დიდ მარყუჟში" გამარჯვებისათვის ხელი არ შეუშლია. ამგვარად, ლენსმა "ტურ დე ფრანსზე" თავისი პირველი ტიტული მოიპოვა.
როდესაც 3 600 კილომეტრის დაფარვის შემდეგ, არმსტრონგი ტრიუმფალურად შეიჭრა პარიზის ელისეის მინდვრებზე, ამან თვით მრავლისმნახველი ველოსპორტის სპეციალისტებიც შოკში ჩააგდო. გამარჯვება კი, შეუპოვარ ათლეტს პირველად ცოლმა, კრისტინმა და დედამ, ლინდამ მიულოცეს.
ერთი წლის შემდეგ მან ისევ გაიმარჯვა, ხოლო ელისეის მინდვრებზე დიდ ჩემპიონს მეუღლისა და დედის გარდა, პატარა ვაჟიშვილი, ლუი დავიდ არმსტრონგიც დახვდა, რომელიც 1999 წლის ოქტომბერში დაიბადა.
"ტურ დე ფრანსზე" მეორედ და მესამედ გამარჯვებებს შორის, ექიმებმა დიდი ყურადღებით გამოიკვლიეს სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისინი შედეგით გაკვირვებულებიც კი დარჩნენ - ლენსის ორგანიზმში სიმსივნის ნიშანწყალიც აღარ იყო. სწორედ იმ პერიოდში, "ტურ დე ფრანსს" ხუმრობით "ტურ დე ლენსად" მოიხსენიებდნენ.
ოლიმპიადა... ეს უკვე არა მარტო წარმოუდგენელი, არამედ პაროდიულად ბანალურიც კი იყო... მაგრამ ფაქტია, 2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშების წინ, არმსტრონგს კიდევ ერთხელ შეემთხვა კატასტროფა სატვირთო მანქანასთან. ამის გამო ის "მწვანე კონტინენტზე" ხერხემლის ტრავმით გაემგზავრა. ალბათ, არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ სიდნეიში ლენსმა "მხოლოდ" მესამე ადგილი დაიკავა.
2005 წელს, ლენს არმსტრონგმა ზედიზედ მეშვიდედ გაიმარჯვა "ტურ დე ფრანსის" რბოლაში. წლების წინ ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უკურნებელი სენით შეპყრობილი, თითქმის უკვე იმქვეყნად მყოფი ამერიკელი ათლეტი, ველო-სარბოლო ტრასაზე ასეთ წარმატებას მიაღწევდა. მის ფონზე ხომ სასაცილოც კია ველოსპორტის ისეთი ლეგენდების ხსენება, როგორებიც ესპანელი მიგელ ინდურაინი, ბელგიელი ედი მერქსი, ფრანგები, ჟაკ ანკეტილი და ბერნარ ინო არიან. მათ ხომ "მხოლოდ" ხუთ-ხუთჯერ აქვთ მოგებული "ტურ დე ფრანსი."
ლენს არმსტრონგის ცხოვრება და სპორტული კარიერა მრავალი თაობის ახალგარზდასთვის იქნება სამაგალითო, მისი ფრაზა "დამარცხება და სიკვდილი სინონიმებია", ჟინიანი და ამბიციური სპორტსმენების დევიზად დარჩება.
 

 

გოჩა კაჭარავა



 

0.133654