საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ჩინებული შანსი დაკარგა. ვასილ მაისურაძის შეგირდებს ელიტ-რაუნდის უკანასკნელ ტურში ისრაელთან ფრეც ჰყოფნიდათ, თუმცა, 0:1 წააგეს და მე-2 ადგილზე დარჩნენ.
არადა, შედეგს სამართლიანს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ქართველი ფეხბურთელები მეტოქეს აშკარად ჯაბნიდნენ და დასკვნით მომენტებში უფრო ყურადღებით რომ ეთამაშათ, საქმე აქამდე არ მივიდოდა.
მარტო სტატისტიკა რად ღირს. საქართველოს ნაკრებმა 17 დარტყმა განახორციელა, ისრაელმა კი მხოლოდ – 3, თუმცა, ეს წარმატებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
ებრაელებმა გადამწყვეტი ბურთი მატჩის 69-ე წუთზე გაიტანეს. მეტოქის იშვიათი შეტევის დროს, დაცვაში შეცდომა იქნა დაშვებული და უმეთვალყურეოდ დარჩენილმა იეზკელმა ქურდაძის კარის დალაშქვრა მოახერხა.
მანამდე და მას შემდეგაც, ვითარებას ქართველები სრულად აკონტროლებდნენ, იმ განსხავავებით, რომ გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები აშკარად ანერვიულდა და იერიშები უფრო ქაოტური გახლდათ.
პირველ ტაიმში ყველაზე რეალური მომენტი კიკაბიძეს ჰქონდა, რომელიც ჩინებული კომბინაციის კვალად, მეკარესთან ერთი ერთზე აღმოჩნდა, მისი მოტყუების შემდეგ კი, ცარიელ კარში ურტყამდა და ბურთი ძელს მოახვედრა.
დასკვნით თხუთმეტიოდე წუთში მაისურაძემ შეცვლებს მიმართა და თამაშში ბერიძე, კერძევაძე და შენგელია ჩართო, მაგრამ ებრაელი ფეხბურთელები თავგანწირვით იბრძოდნენ.
საქართველოს ნაკრებს ორჯერ შანსი საჯარიმოდან მიეცა და ჯერ ზარანდიამ, შემდეგ კი პაპუნაშვილმა კარის ჩარჩოში მოარტყეს, თუმცა გალი ორივე შემთხვევაში დამაჯერებლად მოქმედებდა.
ქართველთათვის ავადასხსენებელმა რეფერი მარიუს ავრამმა, რომელსაც ამჯერად არაფერი გაუფუჭებია, შეხვედრას 4 წუთი დაამატა და ნანატრი გოლის შანსი მაშინაც იყო, თუმცა, შენგელიას ოსტატური გასროლის კვალად, ბურთმა ძელს სანტიმეტრებით ჩაუქროლა...
მსაჯის საფინალო სასტვენი და ებრაელთა ზეიმის დაწყება ერთი იყო, ქართველები კი მარცხმა ძალიან დაამწუხრა. გასაკვირი არ ყოფილა. თამაშიდან გამომდინარე, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მიღმა დარჩენა მეტად მტკივნეული გახლდათ. მითუმეტეს, რომ ევროპიდან მსოფლიო პირველობამდე ერთი ხელის გაწვდენაღა რჩებოდა...
ამგვარად, უკვე ცნობილია 19-წლამდელთა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის 4 მონაწილე. შეგახსენებთ, რომ მომავალ ტურნირს 19-31 ივლისს უნგრეთი უმასპინძლებს და ცხადია, მასპინძლები შეჯიბრზე არიან დაშვებულნი. პირველი ჯგუფიდან პირველობა უკრაინას ერგო (ინგლისს, ჩერნოგორიას და შოტლანდიას აჯობა), მეორედან – ბულგარეთს (შვედეთს, ჩეხეთს და იტალიას აჯობა), მესამედან კი –
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი. მე-3 ჯგუფი
საქართველო – ისრაელი 0:1 (0:0)
საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ჭანტურია, ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიკაბიძე (ბერიძე, 73), თევზაძე, გოროზია, დარციმელია (კერძევაძე, 74), ზარანდია (შენგელია, 86).
ისრაელი: გალი, მასარვა, დანინო, აბაში, პერეცი, შამირი, ჰუგი, ვაისმანი (იეზკელი, 65), ოჰანა (კელტენსი, 90), საფური (საგი, 92), აბუ ელ-ჰიჯა.
გოლი: იეზკელი (69).
გაფრთხილება: მასარვა (49), ოჰანა (54), პერეცი (57) – პაპუნაშვილი (41), ჭანტურია (73), თევზაძე (77), ცინცაძე (90).
მსაჯი: მარიუს ავრამი (რუმინეთი).
შვეიცარია – კვიპროსი 2:0
1. ისრაელი 3 3 0 0 6:0 9
2. საქართველო 3 2 0 1 7:2 6
3. შვეიცარია 3 1 0 2 2:3 3
4. კვიპროსი 3 0 0 3 1:11 0