მეტსახელები სპორტის მუდმივი და განუყოფელი ატრიბუტია. სპორტსმენთა ხასიათის ამ თუ იმ შტრიხის ამსახველი მოკლე სიტყვა თუ გრძელი წინადადება ძალიან ბევრია. მათგან ზოგი სახუმაროა, ზოგიც მუქარის გამომხატველი. მეტსახელის ავტორი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს. ტელეკომენტატორები, სარეკლამო აგენტები, მწვრთნელები, მეტოქეები, თქვენ წარმოიდგინეთ მშობლებიც კი. როგორადაც არ უნდა შეიცვალოს მსოფლიო რეიტინგში სპორტსმენის მდგომარეობა, რაოდენ მაღალ სიმაღლეზეც არ უნდა ავიდეს იგი, შერქმეული სახელი მუდამ რჩება და ხშირად სპორტის ისტორია ამა თუ იმ სპორტსმენს მხოლოდ, მეტსახელით ინახავს.
მეოცე საუკუნის დასაწყისში პროფესიონალური მეტსახელის მქონე მოკრივეთა რაოდენობა ძალზე მცირე გახლდათ და ამგვარი რამ უდავოდ დიდი პოპულარობის დამადასტურებელი იყო. შერქმეული სახელებით განსაკუთრებით მძიმეწონოსნებს ანებივრებდნენ, თუმცა საშუალო წონაშიც მრავლად იყვნენ შესანიშნავი მებრძოლები, რომლებიც ხშირად მძიმეწონოსნებს შავ დღეს აყრიდნენ და მეტსახელის მინიჭებას იმსახურებდნენ. ერთ-ერთი ამგვარი პოლონური წარმოშობის ამერიკელი სტენლი კეტჩელი გახლდათ, რომელიც 1904-1910 წლებში ბრწყინავდა.
ფეხბურთში დაზუსტებით არავინ იცის როდის დაიწყეს ფეხბურთელებისათვის მეტსახელების მოგონება, თუმცა, თუკი ამ სახეობის სპეციფიკას გავითვალისწინებთ, მეტსახელები ფეხბურთელებს ალბათ ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდათ, როდესაც ბრიტანელებს ოფიციალური სათამაშო წესებიც კი არ ჰქონდათ გაწერილი.
დღეს ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ქართველი ფეხბურთელების დიდი ნაწილსაც მეტსახელით იცნობენ. თუმცა, დღევანდელი მეტსახელები ძირითადად გვარის შემოკლებით არის მიღებული. “ხიზანა”, “ჯამარა”, “ქეცბა” და სხვა... ვერ ვიტყით, რომ დიდი გონების დაძაბვის შედეგად წარმოიშვა. მაშინ როდესაც, ქართველებს ამ მხრივ ფანტაზია ნამდვილად არ დაგვეწუნება.
შესანიშნავ ქართულ მხატვრულ ფილმში, “პირველი მერცხალი”, ფილმის მთავარ გმირს, იასონ კვირკველიას, რომლის როლსაც ჩვენი დიდი მსახიობი დოდო აბაშიძე ასრულებს, მეტსახელად “ზარბაზანი” ჰქვია და ფილმში ისიც ჩანს, რომ თითქოს კვირკველიას ამ სახელით ევროპაში იცნობდნენ.
სტუდენტობის დროს ხშირად მიწევდა სხვადასხვა არქივებში მტვრის ყლაპვა და ახლა მინდა გაგიმხილოთ რომ მაშინ, არაერთგან ვეძებე ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოცემული გაზეთ “ივერიას” ის ნომერი, სადაც ფილმ “პირველ მერცხალს” თუ დავეყრდნობით, ფოთში დაარსებულ საფეხბურთო კლუბ “მერცხალზე” იყო საუბარი. სწორედ იმ კადრებში არის ნახსენები იასონ კვირკველიას “ზარბაზნობა” და სხვა საინტერესო რამეებიც წერია. სად რა ვეძებე, ვინ არ შევაწუხე, მაგრამ, ვერსაც ვნახე “ივერიას” ის ნომერი. მერე ერთმა მეგობარმა მითხრა – მსგავსი ნომერი არ არსებობს და ყველაფერი ფილმის სცენარისტების ფანტაზიის ამბავიაო. მეც დავუჯერე ამ კაცს და მიავანებე თავი ძებნას. და ახლა, როდესაც არქივების მტვერი კარგა ხანია დავიწყებას მივეცი, ერთმა ახალგაცნობილმა ადამიანმა ხელახლა გამიჩინა იმ ნომერის მოძებნის სურვილი. მისი მტკიცებით, საფეხბურთო გუნდ “მერცხალზე” “ივერია” ნამდვილად წერდა და მას საკუთარი თვალით აქვს ამოკითხული ხსენებულ გუნდში მოთამაშე ფეხბურთელების გვარები.
ერთი სიტყვით, თუ ის ადამიანი მართალია, მაშინ უნდა ვირწმუნოთ, რომ ქართულ ფეხბურთში პირველი მეტსახელი იყო “ზარბაზანი”, რაც ფეხბურთელის უძლიერესი დარყმის უნარს გამოხატავდა. დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ფეხბურთელებს მეტსახელად “მხეცი”, “ცხოველი”, “ნაგიჟარი” და მსგავსი რამეები ჰქვიათ, “ზარბაზანი” მართლაც რომ ღირსეულ მეტსახელად გამოიყურება.
ისე, კაცმა რომ თქვას, ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობიდან და თამაშის დონიდან გამომდინარე, ძნელია ვინმე ევროპაში დააჯერო, რომ ქართველი ფეხბურთელების მეტსახელები ასე “გრგვინვითა და ქუხილით” დაიწყო. მაგრამ, ჩვენი მრავლისმნახველი და ათასგზის უცნაური ქვეყნის ისტორია ხომ პარადოქსებითაა სავსე...
ლევან სეფისკვერაძე