კალათბურთი

0:11 | 9.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დაღლილობამ თავი იჩინა...

საქართველოს ნაკრებმა მეორე ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა


სამწუხარო მოლოდინი, რომლის აფიშირებსაც ვერიდებოდით, გამართლდა. შეზღუდული შემადგენლობით (გუნდის სათადარიგო კალათბურთელებს მოედანზე შესვლა იშვიათად უწევთ) მოთამაშე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში ჩეხებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 79:95 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა ევრობასკეტის საწყის მატჩებში დამაჯერებლად ითამაშეს, თუმცა, გამარჯვების მოპოვება მხოლოდ პოლონელებთან შესძლეს, ხორვატებთან და მასპინძელ სლოვენიელებთან კი ბოლო წამებზე დამარცხდნენ. აღნიშნულმა მატჩებმა საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ხომ გადაღალა და გუნდის მორალურ მზადყოფნასაც ზიანი მიაყენა. ეს ყოველივე იმდენად თვალსაჩინო გახლდათ, რომ მატჩის შემდეგ ყველამ ერთხმად გაუსვა ხაზი.

თუკი გასულ მატჩებში ქართველთა მთავარი კოზირი გაუვალი დაცვა გახლდათ, ჩეხებთან მატჩში ყველაფერი თავდაყირა დადგა. მეტოქის კალათბურთელები ფარქვეშ დასეირნობდნენ და სამწამიანი ზონიდან ერთბაშად 60 (!) ქულა მიითვალეს. ამ მხრივ განსაკუთრებით იან ვესელი გამოირჩა, რომელმაც იმდენი სლემ-დანქი შეასრულა, ალბათ მთელ ტურნირს ეყოფოდა.

საბოლოოდ, “ვაშინგტონ უიზარდსის” ფორვარდმა 27  წუთში 27 ქულა (14-დან 12 ორქულიანი) და 10 მოხსნა მოაგროვა და უდავოდ მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახლდათ. ჩინებულად გამოიყურებოდა ესპანურ “კახასოლში” ქართველი ბექა ბურჯანაძის თანაგუნდელი ტომას სატირანსკიც, რომელმაც 20 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი მიითვალა და ლამის სამმაგ დუბლზე “გაიქაჩა”.

ვესელის და სატორანსკის წყალობით, შეხვედრის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყდა. ქართველი კალათბურთელები მეტოქის მიერ შეთავაზებულ ტემპს (სწრაფი გარღვევების შედეგად, ჩეხებმა 16 ქულა ჩააგდეს, ქართველებმა კი მხოლოდ – 4) ვერ აჰყვნენ და ანგარიშმაც ჩეხების სასარგებლოდ დაიწყო ზრდა. პირველი მეოთხედი 11 ქულით წავაგეთ, მეორე კი – რვით, ყველაზე მთავარი კი ის გახლდათ, რომ საწყისი ნახევრის შემდეგ, მოწინააღმდეგეს 54 ქულა ჰქონდა ჩაგდებული. ამ ფონზე წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელი სჩანდა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში, საქართველოს ნაკრები მხოლოდ 1:05 წუთი ლიდერობდა და მაშინაც სხვაობა მინიმალური გახლდათ, ჩეხები კი წინ 38:43 წუთის განმავლობაში იყვნენ და ერთი პირობა 26 ქულითაც კი დაწინაურდნენ. მეტოქის წარმატების ძირითადი საფუძველი ზუსტად შესრულებული ორქულიანები გახდა, რისი წინაპირობაც, როგორც აღვნიშნეთ, ქართველთა ფარქვეშ უყურადღებოდ დატოვებული სივრცეები იყო. შედეგად, ჩეხებმა ორქულიანები 63%-იანი სიზუსტით (32 51-დან) ესროლეს.

როდესაც ჩამორჩენა თვალშისაცემი გახდა, ქართველმა კალათბურთელებმა აქცენტი სამქულიანებზე გადაიტანეს, თუმცა, პერიმეტრიდან 27-დან მხოლოდ 6 ტყორცნა გამოვიყენეთ, საიდანაც 4 მანუჩარ მარკოიშვილის იყო. საბოლოოდ, “მანუმ” მატჩი 20 ქულით დაასრულა, ასეთივე მონაგარი ჰქონდა გიორგი ცინცაძეს, გიორგი შერმადინმა 18 ქულას 9 მოხსნა წაამატა, ხოლო ვიქტორ სანიკიძის აქტივში 10 ქულა გახლდათ. სამწუხაროდ, ამჯერადაც ვერ გამოირჩნენ სათადარიგო კალათბურთელები, რომელთა ჯამური მონაგარი 8 ქულა იყო, ჩეხმა სამარქაფოებმა კი 30 ქულა ჩააგდეს.

პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მე-2 ნახევარი გაცილებით თანაბარი გამოდგა, თუმცა, ეს ჩვენთვის ვერაფერი შვება იყო. ჩეხები უპირატესობას ინარჩუნებდნენ და მაქსიმუმი, რაც ქართველებმა მოახერხეს, სხვაობის 13 ქულამდე დაყვანა გახლდათ (ეს დასკვნით მეოთხედში მოხდა, როდესაც ჩვენმა გუნდმა 9:0 გაქცევა მოაწყო). საბოლოოდ, ჩეხეთის ნაკრებმა 95:79 დაგვამარცხა და მიმდინარე ტურნირზე ჩაგდებული ქულების მიხედვით, რეკორდი დაამყარა.

ჩეხეთმა ამ გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა, საქართველოს ნაკრებს კი ევროპის ჩემპიონატზე ნამდვილად ერთი მატჩიღა დარჩა ჩასატარებელი. 9 აგვისტოს თბილისის დროით 16:30 საათზე ქართველი კალათბურთელები ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს ეთამაშებიან და “კარის გაჯახუნებას” ეცდებიან.

 

2013 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში.  C ჯგუფი. ცელიე (სლოვენია). მე-4 ტური. 12900 მაყურებელი

ჩეხეთი – საქართველო 95:79 (26:15, 28:20, 21:19, 20:25)

ჩეხეთი: ბენდა (11 წ. 8 ქ. 4 მ.), პუმპრლა (25 წ. 10 ქ.3 პ.), ჰრუბანი (25 წ. 3 მ. 3 პ.), სატორანსკი (31 წ. 20 ქ. 6 მ. 7 პ.), ვესელი (27 წ. 27 ქ. 10 მ.); ბალვინი (11 წ. 6 ქ. 3 მ.), ველში (17 წ. 3 პ.), ჰოუსკა (7 წ. 4 ქ. 3 მ.), ბარტონი (20 წ. 9 ქ. 4 მ.), ჟელინეკი (20 წ. 11 ქ. 3 მ.), კუდლაჩეკი (5 წ.), სვრდლიკი (1 წ.);

მწვრთნელი: პაველ ბუდინსკი.

საქართველო: ცინცაძე (38 წ. 20 ქ. 4 მ. 6 პ.), შერმადინი (28 წ. 18 ქ. 9 მ.), მარკოიშვილი (32 წ. 20 ქ. 3 პ.), ფაცაცია (14 წ. 3 ქ. 4 მ.), სანიკიძე (36 წ. 10 ქ. 5 მ.); მეტრეველი (2 წ.), სანაძე (5 წ.), ბურჯანაძე (4 წ. 2 ქ.), ჰიკმანი (26 წ. 4 ქ. 5 მ.), ლეჟავა (5 წ. 2 ქ.), ცქიტიშვილი (11 წ. 4 ქ.).

მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.

მსაჯები: მილივოე იოვჩიჩი (სერბეთი), იურგის ლაურინავიჩიუსი (ლიტვა), ჯენტიან ჩიჩი (ალბანეთი).

 

გუნდური სტატისტიკა

ჩეხეთი – საქართველო

თამაშიდან სროლა: 35/64 – 30/68

ორქულიანი: 32/51 (62.7%) – 24/41 (58.5%)

სამქულიანი: 3/13 (23.1%) – 6/27 (22.2%)

საჯარიმო: 22/31 (71.0%) – 13/19 (68.4%)

მოხსნა: 41 (შეტევაში 13) – 34 (შეტევაში 13)

პასი: 20 – 13

დაკარგვა: 12 – 10

ჩაჭრა: 6 – 3

დაფარება: 1 – 2

პერსონალური ფოლი: 18 – 24

ქულა დაკარგვის შემდეგ: 8 – 16

ქულა სამწამიანი ზონიდან: 60:44

“მეორე შანსის” ქულა: 17 – 12

ქულა სწრაფი გარღვევის შემდეგ: 16 – 4

სათადარიგოების ქულა: 30 – 8

უდიდესი ლიდერობა: 26 – 1

უდიდესი “გაქცევა”: 8:0 (13:6) – 9:0 (80:67)

ლიდერის შეცვლა: 4

საყაიმო ანგარიში: 1

ლიდერობის დრო: 38:43 – 01:05

 

www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი დათო მანჯავიძე ცელიედან

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma


0.347029